ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებული დავით დევნოზაშვილი დანაშაულს არ აღიარებს

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებული დავით დევნოზაშვილი დანაშაულს არ აღიარებს

ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე დაკავებული დავით დევნოზაშვილი დანაშაულს არ აღიარებს. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” დევნოზაშვილის ადვოკატმა რაულ გამისონიამ განუცხადა.

როგორც გამისონიამ აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებიათ, თუმცა დანაშაულს, რომლის ჩადენასაც პროკურატურა მას ედავება, არ აღიარებს.

”რაც არ ჩაუდენია, იმას როგორ აღიარებს? ზოგადად წინასწარი გამოძიების მასალები რაც გროვდება, ის ყოველთვის საბოლოო ჯამში არ დასტურდება. წინასწარი გამოძიების ეტაპზე, პროკურატურის აზრით, ალბათ, არის რაღაც ისეთი, რაც მათ დევნოზაშვილის დაკავების უფლებას აძლევს. მას ამ საქმესთან საერთოდ შემხებლობა არ ჰქონია. ძველ სისხლის სამართლის საქმეში არის გვარები, სახელები, ვინც გამოიძია საქმე, ვინც ოპერატიული ღონისძიება ჩაატარა და ამ საქმეში მისი გვარი, როგორც ვიცი, არ ფიგურირებს”, - განაცხადა გამისონიამ.

ადვოკატის ინფორმაციით, სახელმწიფო ბრალდებას მისთვის არც საქმის მასალები გადაუცია და შესაბამისად, მისთვის უცნობია, თუ რა მტკიცებულებები მოიპოვა პროკურატურამ.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პროკურატურამ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე დაკავებულ იქნა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ქ.თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.

ამავდროულად, პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და პროკურატურა მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.