ნატო მხარს უჭერს რეფორმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, - აღნიშნული განცხადება საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ გააკეთა.
„ეს არ არის მხოლოდ ერთი სამინისტროს მოვალეობა. ეს მთლიანად ქვეყნისა და მთავრობის მოვალეობაა. განსაკუთრებით პარლამენტის, ვინაიდან პარლამენტის ფუნქციაა, უზრუნველყოს, რომ მთავრობა ხალხის ინტერესებში მოქმედებს. ნატო მხარს უჭერს რეფორმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. საქმე ეხება სერიოზულ მცდელობას მოხდეს შეიარაღებული ძალების რესტრუქტურირება, რათა ამ ქვეყნის დაცვა გაცილებით უკეთ შესაძლებელი იყოს, ვიდრე ეს წარსულში იყო შესაძლებელი და შესაბამისად, უკეთ მომზადებული იყოს საქართველო, რათა ნატო-ს წევრი გახდეს“, - განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.
ის ასევე შეეხო სამხედრო ბიუჯეტის საკითხს და აღნიშნა, რომ მთავრობის გადასაწყვეტია თუ რა ხარჯები იქნება გაწეული თავდაცვაზე.
„პარლამენტის, პოლიტიკოსების გადასაწყვეტია თუ როგორი უნდა იყოს სამხედრო ბიუჯეტი. რა თქმა უნდა, კონსულტაციები უნდა გაიაროთ თქვენს ექსპერტებთან, განსაზღვროთ თუ რას მიიღებთ იმ ფულიდან, რასაც დახარჯავთ. ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც თქვენ უნდა მიიღოთ. ნებისმიერი მთავრობა შეზღუდვებს აწესებს სამხედრო ხარჯებზე. ასე ხდება ყველგან“, - აღნიშნა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა.
უილიამ ლაჰიუ ასევე შეეხო ”რუსთავი 2”-ის საქმეს. მისი თქმით, „ნატო აკვირდება მოვლენებს და ყველაზე მნიშვნელოვანია, მედია იყოს თავისუფალი და დამოუკიდებელი, ხოლო პოლიტიკური პროცესები გამჭვირვალე და დაცული იყოს კანონის უზენაესობა და კანონები“.