ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტორეპორტიორები იმედს გამოთქვამენ, რომ მათი საქმის დამკვეთები პასუხისგებაში მიეცემიან.
შესაბამისი კომენტარები მათ ჟურნალისტებთან საუბარში მთავარ პროკურატურაში გააკეთეს, სადაც ფოტოგრაფებს სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ნადარეიშვილი და ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოკა კაციტაძე შეხვდნენ.
შეხვედრაზე ფოტოგრაფებს ზურაბ ქურციკიძეს, გიორგი აბდალაძეს და ირაკლი და ნათია გედენიძეებს საქმის დეტალები გააცნეს.
ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მადლობა გადაუხადა პროკურატურას გაწეული მუშაობისთვის. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის დამკვეთები დაისჯებიან.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ფოტორეპორტიორმა ირაკლი გედენიძემაც, რომელმაც მის კომპიუტერში ამოღებულ იმ ფოტოსთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომლის გასაჯაროების მუქარითაც, გედენიძის თქმით, მას და მის მეუღლეს გამომძიებლები აშანტაჟებდნენ.
„ფოტო იყო ჩემს მიერ გადაღებული, რომელიც ჩხრეკის დროს კომპიუტერიდან ამოიღეს. ჩემი მეუღლე იყო გადაღებული სახლში მოწყობილ სტუდიაში. იმ პერიოდში ჩემს მიერ გადაღებული ფოტოები იბეჭდებოდა გაზეთ „პრაიმ ტაიმში“ და მოდელები გადაღებული იყო ნიუ ჟანრის სტილში. ჩემი მეუღლეც ამ ჟანრში იყო გადაღებული. მხოლოდ ეს ფოტო იყო პირადი მოხმარებისთვის. ეს ფოტო იპოვეს ჩემს ფოტოარქივში და დაიწყეს შანტაჟი, რომ იგი სოციალურ მედიაში გავრცელდებოდა. ამან იმოქმედა ჩემზე და ჩემს მეუღლეზე. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ასევე მუქარა იყო ჩვენი შვილების მომავალთან დაკავშირებით, რომ მათ პრობლემები შეექმნებოდათ“, - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.
მისივე თქმით, „საქმის შექმნის“ მიზეზი იყო სამივე ფოტოგრაფის მიერ, 26 მაისს გადაღებული ფოტოები, რომელიც უცხოურ მედიაში გავრცელდა.
„ამ ფოტოებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. ამის გამო მაშინდელმა ხელისუფლებამ სერიოზული დარტყმა მიიღო“, - განაცხადა ირაკლი გედენიძემ.