პროკურატურა აქტიურად მუშაობს ”ფოტოგრაფების საქმესთან” დაკავშირებულ დანაშაულში ჩართული სხვა თანამდებობის პირების გამოსავლენად, - ამის შესახებ პროკურატურის წარმომადგენელმა კოკა კაციტაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
”ალექსანდრე მუხაძე, რომელსაც ბრალდება წარედგინა, საპატიმროში მოხვედრილ ზურაბ ქურციკიძეს პირდაპირ ეუბნებოდა, თუ რა უნდოდა მას 26 მაისის აქციაზე, ყოფილიყო სახლში და საპატიმრო დაწესებულებაში არ მოხვდებოდა. დავალება შესაძლოა სხვა მაღალი თანამდებობის პირიდან მოდიოდა. ამ მიმართულებით გამოძიება ძალიან აქტიურად მუშაობს”, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.
მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე გახსნა. როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, პროკურატურამ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე ორი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე, ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით განხორციელებული სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტების ფაქტზე დაკავებულ იქნა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილი, ხოლო სასჯელაღსრულების დაწესებულების N8 საპყრობილის ყოფილი დირექტორის ალექსანდრე მუხაძის მიმართ გამოტანილ იქნა დადგენილება მისი ბრალდების შესახებ.
ამავდროულად, პროკურატურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ფოტორეპორტიორების: გიორგი აბდალაძის, ზურაბ ქურციკიძის, ირაკლი და ნათელა გედენიძეების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის თაობაზე და პროკურატურა მათ მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების დადგომას მოითხოვს.
პროკურატურის ინფორმაციით, ფოტორეპორტიორების დაპატიმრება და გამოგონილი ბრალდებით - ჯაშუშობაში დადანაშაულება, წარმოადგენდა წინა ხელისუფლების ანგარისწორებას, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოების გავრცელების გამო.