დავით ნარმანია - ჩვენ გაცილებით უფრო ინოვაციურ და მნიშვნელოვან ტრეინინგებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, ვიდრე ეტიკეტი და პროტოკოლია

დავით ნარმანია - ჩვენ გაცილებით უფრო ინოვაციურ და მნიშვნელოვან ტრეინინგებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, ვიდრე ეტიკეტი და პროტოკოლია

მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო ინოვაციურ და მნიშვნელოვან ტრეინინგებზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი, რაც უკეთესი შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე ეტიკეტის და პროტოკოლის ტრეინინგია, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც მერიაში ეტიკეტთან და პროტოკოლთან დაკავშირებით ჩასატარებელ ტრეინინგებს გამოეხმაურა. 

მან მერიის თანამშრომლებს მოუწოდა, მეტი ყურადღებით იყვნენ, როცა თანამშრომელთა გადამზადების ტრეინინგებს გეგმავენ.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გაცილებით უფრო ინოვაციურ და მნიშვნელოვან ტრეინინგებზე უნდა ავიღოთ აქცენტი და ალბათ, ამ შემთხვევაში ასეც უნდა გაგვეკეთრებინა, რაც უკეთესი შედეგის მომტანი იქნებოდა, ვიდრე ეტიკეტის და პროტოკოლის ტრეინინგია. ამიტომ მოვუწოდებ ზოგადად მერიის თანამშრომლებს, ვიყოთ უფრო მეტად ყურადრებით, როცა ვგეგმავთ თანამშრომელთა გადამზადების ტრეინინგებს და აქცენტი გავაკეთოთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხებზე“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოქმედი კანონმდებლობით ევალება ტრეინინგების ჩატარება და პერიოდულად თანამშრომლების გადამზადება. 

„საკანონმდებლო ვალდებულებაც რომ არ იყოს, მე პირადად ვთვლი, რომ ეტაპობრივად მერიის უწყების სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლები აუცილებლად უნდა გადამზადნენ, რათა არ ჩამოვრჩეთ მიმდინარე სიახლეებს, ტენდენციებს და განსაკუთრებით ადგილობრივი თვითმმართველობის ინოვაციური განვითარების თვალსაზრისით იმ სიახლეებს რაც მსოფლიოს ძალიან ბევრ ქალაქშია აპრობირებული, რაც ქალაქის მართვას და ზოგადად საჯარო სერვისების მიწოდებას გაცილებით უფრო ამარტივებს, ვიდრე მოძველებული მომსახურების ფორმები და სისტემები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მერიის თანამშრომლებისთვის ეტიკეტის შემსწავლელი ტრენინგის ჩატარების საკითხს გუშინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ როდესაც 

თბილისელებს უჭირთ, ასეთ ტრეინინგებზე თანხები არ უნდა იხარჯებოდეს. 

„როდესაც დედაქალაქის მცხოვრებლებს აქვთ უმძიმესი სოციალური პირობები, ათი ათასობით ლარი იხარჯება მერიის თანამშრომლების „დახვეწილობის კურსებზე“, - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ.