საბერძნეთის სასამართლომ არ დააკმაყოფილა თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნა სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი სამი თურქი სამხედროს ექსტრადირებაზე, - იუწყება თურქული სააგენტო Anadolu.
ათენის სააპელაციო სასამართლომ თურქი ოფიცრების ექსტრადირების შესახებ პირველი სხდომა გამართა. ოფიცრები თურქეთში წარუმატებელი გადატრიალების შემდეგ საბერძნეთში ვერტმფრენით გაიქცნენ. მოსამართლეების დასკვნით, ექსტრადირებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას თურქი ოფიცრების სიცოცხლეს.
დანარჩენი ხუთი თურქი ოფიცრის საქმის განხილვა დღეისთვის არის დანიშნული.
თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ფიკრი იშიკის განცხადებით, საბერძნეთი თურქეთის მოკავშირეა ნატო-ს ფარგლებში. „ანკარა ელოდება, რომ საბერძნეთის მთავრობა ყველაფერს გააკეთებს FETÖ-ს (ფეთჰულა გიულენის) ორგანიზაციის წევრების თურქეთისთვის გადასაცემად“, - განაცხადა თურქეთის თავდაცვის მინისტრმა. .