”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ დაიშლება და გააგრძელებს ივანიშვილის ჩამოშლის პროცესს, - ამის შესახებ პარტიის წევრი აკაკი მინაშვილი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე წერს.
მისივე თქმით, მისი თანაპარტიელების ნაწილმა დაიწყო მცდარი ინფორმაციის გავრცელება და აშკარაა, რომ ეს არის მხარდამჭერების განზრახ შეცდომაში შეყვანის გამიზნული ტაქტიკა. თუმცა, მინაშვილი ფიქრობს, რომ ყველა მხარდამჭერი ნათლად ხედავს, რეალურად რაც ხდება.
”კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩვენს (პოლიტიკური საბჭოს ის წევრები, ვინც მხარი დაუჭირა 7000-იან ყრილობას და უარი თქვა ენმ-ს ახალი თავმჯდომარის საკითხის ჩასმას დღის წესრიგში) მიდგომას - ჩვენი პოზიცია იყო და არის მეტი დემოკრატია, მეტი ჩართულობა, მეტი გამჭვირვალეობა და მხარდამჭერების როლის გაზრდა პარტიის მართვაში. ნაციონალური მოძრაობა ისევ უნდა იქცეს ყველასთვის ღია სახალხო პარტიად. მეორე, ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ ახალი თავმჯდომარის არჩევა მიხეილ სააკაშვილის დისტანცირების არასწორი და წამგებიანი ნაბიჯია. მისი პოლიტიკური უნარების და წარსული საქმიანობიდან გამომდინარე მის ირგვლივ არის გაერთიანებული ჩვენი მხარდამჭერების უდიდესი ნაწილი და ამავე დროს სწორედ მასთან არის დაკავშირებული ივანიშვილზე გამარჯვების რწმენა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკურ ბრძოლაში. ამავე დროს ადამიანებმა, ვისაც "ბელადომანების" კლიშეს დამკვიდრების მცდელობა აქვთ, ყველაზე კარგად იციან, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არ არის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიმღები პოლიტიკური ფიგურა და პირიქით ახალისებს განსხვავებულ, კრიტიკულ პოზიციებს.
თუ ვინმე ამ ორ საკითხს ეწინააღმდეგება და ამის გამო პარტიის დატოვების სურვილი აქვს, ეს სამწუხაროა, თუმცა ეს მათი არჩევანია. ენმ არ დაიშლება და გააგრძელებს ივანიშვილის ჩამოშლის პროცესს.
ჩვენ პოლიტიკური საბჭოს სხდომამდე და სხდომის მიმდინარეობისას ყველა ნაბიჯი გადავდგით კომპრომისის მისაღწევად, თუმცა ჩვენმა ოპონენტებმა ხისტი და არათანხვედრი პოზიცია დაიკავეს”, - აღნიშნავს მინაშვილი.
რაც შეეხება ბაჩო და დათა ახალაიებს, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, ისინი ორივე მისი უახლოესი მეგობრები არიან, ორივეს ბევრი რამ გაუკეთებია საქართველოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის, ორივემ ახალგაზრდული წლები გადადო ამ მიზნისთვის და დღეს ამის გამო ერთი საპატიმროშია და მეორეს - ქვეყნის დატოვება მოუწია.
”თუ ვინმეს რამე კითხვები აქვს მათ მიმართ, მზად ვარ უსასრულოდ ვეკამათო. ოთხი წლის განმავლობაში სწორედ ამას ვაკეთებ ოცნების წარმომადგენლებთან. ორმა ევროპულმა სახელმწიფომ დათა ახალაია პოლიტიკურ პატიმრად აღიარა, ხოლო ბაჩოს მთელი სახელმწიფო მანქანა ებრძვის და მაინც 13 გამამართლებელი განაჩენი აქვს. და მიუხედავად ყველაფერი ამისა, დღეს არც ერთი არ მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში და განზრახ მცდარი ინფორმაციის გავრცელება საკუთარი არასწორი და მარცხისთვის განწირული პოლიტიკური მიზნებისათვის, რბილად რომ ვთქვათ, კარგი საქციელი არ არის”, - წერს აკაკი მინაშვილი.