უზენაესმა სასამართლომ ზურაბ ჟვანიას საქმის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის ლევან ჩაჩუას გამამართლებელ განაჩენზე პროკურატურის საჩივარი წარმოებაში არ მიიღო, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურში განუცხადეს. პროკურატურის საკასაციო სარჩელი, რომლითაც სახელმწიფო ბრალდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი და სააპელაციო სასამართლოს მიერ ძალაში დატოვებული გამამართლებელი განაჩენის შეცვლას ითხოვდა, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დაუშვებლად სცნო.
ამ გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა ზურაბ ჟვანიას საქმეზე, სასამართლო-სამედიცინო ექპერტის ლევან ჩაჩუას მიმართ ორი ინსტანციის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლითაც ჩაჩუა გამართლდა.
სახელმწიფო ბრალდება ლევან ჩაჩუას სამსახურებრივ გულგრილობას ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა. კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები.