ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შსს სოჭში ოპოზიციის ლიდერის ასლან ბჟანიის დაკავებასთან კავშირს უარყოფს

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შსს სოჭში ოპოზიციის ლიდერის ასლან ბჟანიის დაკავებასთან კავშირს უარყოფს

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო სოჭში ოპოზიციის ლიდერის ასლან ბჟანიის დაკავებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ამის შესახებ აფხაზეთის დეფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ განაცხადა.

კობახიამ აღნიშნა, რომ ასლან ბჟანია რუსეთის მოქალაქე, ასევე სოჭისა და მოსკოვის მცხოვრებია.

“თუ ჩვენს ხელისუფლებას ექნება კითხვები ბატონ ბჟანიასთან, ჩვენ მას ნებისმიერ დროს ამ შეკითხვებს აფხაზეთის ტერიტორიაზე დავუსვამთ. მეზობელი ქვეყნების სპეცსამსახურებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების დახმარებით ჩვენ არავითარ შემთხვევაში ურთიერთობები არ უნდა ვარკვიოთ”, - განაცხადა კობახიამ.

ასლან ბჟანია 3 დეკემბერს რუსეთის საზღვრი გადაკვეთისას დააკავეს და სოჭში შინაგან საქმეთა სამმართველოში გადაიყვანეს, დაკითხვის შემდეგ კი გაათავისუფლეს. ბჟანიას დაკავებასთან დაკავშირებით აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა.

გავრცელებული ცნობით, ასლან ბჟანია საბრძოლო მასალების უკანონოდ შენახვის გამო დააკავეს. რუსეთის შსს-ს ოფიციალური ცნობით, სოჭში ასლან ბჟანიას საცხოვრებელ ადგილას აღმოჩენილია იარაღის შესანახი ფუტლიარი და ტყვიები.

ასლან ბჟანია ოპოზიციური პარტია "ამცახარას" ერთ-ერთი ლიდერია.