ისრაელის პრემიერ-მინისტრი - ირანი უფრო აგრესიული გახდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი - ირანი უფრო აგრესიული გახდა

ვფიქრობ, აშშ შეუცვლელი ძალაა მსოფლიოში და ახლო აღმოსავლეთში და ის ასეთი უნდა დარჩეს, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. აღნიშნულის შესახებ გამოცემა The Times of Israel-ი იუწყება.

ნეთანიაჰუმ ირანთან 2015 წელს მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით უარყოფითი მოსაზრება დააფიქსირა და განაცხადა, რომ ეს პოზიცია არ შეიცვლება.

„ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს. ჩვენი ეს პოზიცია არ შეცვლილა და არც შეიცვლება. რაც შეეხება აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, ველოდები მასთან საუბარს თუ რა მოვიმოქმედოთ ამ ცუდ შეთანხმებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. 

ბენიამინ ნეთიანაჰუმ ასევე აღნიშნა, რომ თეირანის მიერ ტერორიზმის მხარდაჭერას მსოფლიოს მასშტაბით ბოლო უნდა მოეღოს. 

„მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერა ირანთან შეთანხმებას, ირანი უფრო აგრესიული გახდა. უნდა შევაჩეროთ ირანის სვლა ბირთვული იარაღის შეძენისკენ და ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში და მსოფლიოში ტერორიზმის მხარდაჭერა“, - დასძინა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.