ავსტრიაში გუშინ გამართულ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებზე „მწვანეთა პარტიის” ყოფილმა ლიდერმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა გაიმარჯვა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 53.3% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ წარმომადგენელმა ნორბერტ ჰოფერმა ამომრჩეველთა ხმების 46.7% მიიღო, - იუწყება სააგენტო Reuters.
საპრეზიდენტო არჩევნები ჯერ კიდევ მაისში ჩატარდა. მაშინ გამარჯვება ალექსანდრ ვან დერ ბელენმა მოიპოვა, თუმცა, მისი მოწინააღმდეგე მას, სულ რაღაც, 31 ათასი ხმით ჩამორჩა, რაც დაახლოებით 1 %-ს შეადგენს.
ჰოფერმა განაცხადა, რომ არჩევნები მრავლობითი დარღვევებით ჩატარდა, მან შედეგები საკონსტიტუციო სასამართლოში წარმატებით გაასაჩივრა და განმეორებითი არჩევნების ჩატარებას მიაღწია.