იან კელი:   აშშ-ში არის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ

იან კელი: აშშ-ში არის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ

აშშ-ის ელჩის იან კელის განცხადებით, მას არ გაკვირვებია, რომ აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში საქართველოს მხარდაჭერაზეა საუბარი.

”ნამდვილად არ გამკვირვებია, რომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. აშშ-ში არის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართ. მოგეხსენებათ, ხელი მოეწერა თანამშმობლობის მემორანდუმს თავდაცვის სფეროში, მაშინ, როდესაც საქართველოში ჯონ ქერი იყო ჩამოსული. მომავალში ველოდებით რამდენიმე დელეგაციას - შევხვდებით თავდაცვის მინისტრს, სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლებს და მათთან ერთად განვიხილვათ თანამშრომლობის თემას. მათგან უნდა მოდიოდის ის კონკრეტული საკითხები, თუ რაზე გვსურს თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, უმეტესწილად ეს შეეხება ჯარების მომზადებულობის გაზრდას”, - განუცხადა ჟურნალისტებს იან კელიმ.

საქართველო აშშ-ის ღირებული მეგობარია და არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი ერთგულება ორივე ქვეყნის ორმხრივი ინტერესების წინ წაწევაში, მათ შორის საქართველოს შეიარაღებული ძალების განლაგებაში ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების ფარგლებში, - ნათქვამია აშშ-ის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში.

პროექტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში 375 ხმით დამტკიცდა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და არ აღიარებს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ”სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ აშშ მხარს უჭერს აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობას.