ლევან გოგიჩაიშვილი დაზარალებულ მეანაბრეებზე: ამ ხალხს ეროვნული ბანკი უნდა ხვდებოდეს

ლევან გოგიჩაიშვილი დაზარალებულ მეანაბრეებზე: ამ ხალხს ეროვნული ბანკი უნდა ხვდებოდეს

“ქართული ოცნების“ ოფისში საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეებსა და დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს შორის შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს გოგიჩაიშვილმა განუცხადა, ის გაერკვევა ამ საკითხებში. მისივე თქმით, ამ ხალხს ეროვნული ბანკი უნდა ხვდებოდეს.

„ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, გავერკვევი, როგორ იყო და რანაირად. მაქსიმალურად შევუწყობ ამ ადამიანებს ხელს, ჰქონდეთ სწორი კომუნიკაცია. ამ ხალხს დავეხმარები იმ ორგანომდე მისვლაში, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თვითონ ჩამოყალიბდებიან ეს ადამიანები, თუ რა გზას აირჩევენ, ეს იქნება სასამართლო თუ სხვა გზა. მე ვფიქრობ, რომ ვინც ამ სფეროს აკონტროლებს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს საკუთარ თავზე. ეს ეხება ამ შემთხვევაში ეროვნულ ბანკს, რომელმაც ამ ხალხს ნორმალური პასუხი უნდა გასცეს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

თავად მეანაბრეების თქმით, გოგიჩაიშვილისგან მიიღეს დაპირება, რომ მათ პრობლემებს მიიტანს ხელისუფლებაში და ეროვნულ ბანკთან. რაც შეეხება სამომავლოდ აქციების გაგრძელებას, მეანაბრეების თქმით, ამაზე გადაწყვეტილებას საინიციატივო ჯგუფი იღებს.

გოგიჩაიშვილთან შეხვედრის შემდეგ, „ქართული ოცნების“ ოფისთან მეანაბრეების საპროტესტო აქცია დასრულდა.