ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებას, რომელიც მოსახლეობას ასეთ გეგმას აკადრებს, თავზე უნდა გადაახიო ეს გეგმა

ნინო ბურჯანაძე - ხელისუფლებას, რომელიც მოსახლეობას ასეთ გეგმას აკადრებს, თავზე უნდა გადაახიო ეს გეგმა

ხელისუფლებას, რომელიც მოსახლეობას ასეთ გეგმას აკადრებს, თავზე უნდა გადაახიო ეს გეგმა, ის ნამდვილად იმსახურებს ქუჩის აქციებს და ხელისუფლებიდან პანღურით გაგდებას, - ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა. 

მისი თქმით, ხელისუფლება პასუხისმგებელია ყველა იმ ეკონომიკური გამოწვევის მოგვარებაზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას. ბურჯანაძის განცხადებით, გუშინ ეროვნული ვალუტის რყევით რამდენიმე ბანკმა ისარგებლა, რომლითაც მოსახლეობა დაზარალდა. ბურჯანაძე ხელისუფლებას მოკლევადიანი გეგმის წარმოდგენას და მასზე პასუხისმგებლობის აღებას სთხოვს. 

”ჩემს თანაშემწეს ვთხოვე მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის შესწავლა და როდესაც მან მხოლოდ ერთ გვერდზე გაწერილი გეგმა მაჩვენა, ვიფიქრე, რომ რაღაც შეეშალა, თუმცა რამდენჯერმე გადავამოწმე და თვალებს ვერ დავუჯერე. ხელისუფლებას, რომელიც მოსახლეობას ასეთ გეგმას აკადრებს, თავზე უნდა გადაახიო ეს გეგმა. ის ნამდვილად იმსახურებს ქუჩის აქციებს და ხელისუფლებიდან პანღურით გაგდებას.

მთავრობამ უნდა წარმოადგინოს კონკრეტული მოკლევადიანი გეგმა, მაგალითად, რა იქნება ლართან მიმართებაში სამი თვის შემდეგ, როგორ უნდა დაგეგმოს ბიზნესმა თავისი საქმიანობა, თუნდაც სამი თვის განმავლობაში, რომ არ გაკოტრდეს. ოღონდ პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ ამ სამთვიან მინიმალურ გეგმაზე მაინც და თუ ვერ შეასრულებენ, კეთილი ინებონ და გადადგნენ.

ქვეყანაში გუშინ უმძიმესი რყევა დაფიქსირდა და ვინმემ აგო პასუხი?! ამ რყევით ვიღაც ხომ ძალიან გამდიდრდა?! გუშინ უამრავი ადამიანი იყო დაბნეული, არ იცოდნენ რა გაეკეთებინათ, მაგრამ ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ეკონომიკაში, მიხვდა, რომ ამით ერთეულმა ბანკებმა საკმაოდ დიდი მოგება იშოვეს. საუბარია რამდენიმე მილიონზე, რომელიც რიგითი მოსახლეობის ჯიბიდან დაიხარჯა”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.