დავით ზალკალიანი:  იენს სტოლტენბერგმა რუსეთს უაღრესად კვალიფიციური და კარგი პასუხი გასცა

დავით ზალკალიანი: იენს სტოლტენბერგმა რუსეთს უაღრესად კვალიფიციური და კარგი პასუხი გასცა

ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ახალ კონცეფციასა და 2013 წელს მიღებულ კონცეფციას შორის დიდი განსხვავება არ არის, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა გადაცემა 2030-ში სტუმრობისას.

“რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალ კონცეფციაში საუბარია იმაზე, რომ თითქოს, ახალ პოლიტიკურ რეალობას უნდა შევეგუოთ, მაგრამ ჩვენ ვერასოდეს შევეგუებით იმას, რომ რუსეთი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად მოიხსენიებს. ეს არის ის პრინციპები და წითელი ხაზები, რომლის ხარჯზეც ურთიერთობების გადახედვა არასოდეს არ მოხდება “, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, კონცეფციაში ძირითადი აქცენტი ნატო-ს გაფართოებაზეა გაკეთებული.

“კონცეფციაში ძირითადი აქცენტი ნატო-ს გაფართოებაზეა გაკეთებული, რომ რუსეთი ნატო-ს გაფართოებას ვერ შეეგუება, მაგრამ ვფიქრობ, იენს სტოლტენბერგმა რუსეთს უაღრესად კვალიფიციური და კარგი პასუხი გასცა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ნატო არის ორგანიზაცია, რომელშიც არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს საშუალება, მისი გადაწყვეტილებების გადახედვა ან შეფერხება მოახდინოს. საერთაშორისო სამართლის ნორმები აღიარებს სუვერენული  ქვეყნის უფლებას, მისთვის ხელსაყრელი უსაფრთხოების სისტემა აირჩიოს. შესაბამისად, ნატო-სკენ სწრაფვა საქართველოს უფლებაა და მეორე მხრივ არის ნატო-ს წევრი ქვეყნები, რომლებიც ამ უფლებას აღიარებენ”, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

როგორც მან აღნიშნა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რასაც აქამდე ვაკეთებდით. ანუ -  თანმიმდევრულად განვაგრძოთ სვლა ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ.

“ეს კურსი ქართული საზოგადოების მხრიდანაა მხარდაჭერილი და ნებისმიერმა ხელისუფლებამ ამ არჩევანს პატივი უნდა სცეს. პარალელურად, უნდა გავაგრძელოთ ის პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაციისკენაა მიმართული და მესამე, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური პირობების გაუმჯობესება და დემოკრატიული ინსტიტუტების გამყარება, რათა საქართველო მიმზიდველი გახდეს აფხაზი და ოსი ძმებისთვის, რომლებიც ამ პროცესებს ძალიან კარგად აკვირდებიან. ის შიდა პროცესები, რაც ახლა აფხაზეთში მიმდინარეობს, ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ იქ არის ძალიან საღი ხალხი, რომელიც საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს აკვირდება”, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.