ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-სთან საქართველოს კავშირების გაძლიერებისკენ მიმართული მისწრაფებების და ძალისხმევის მხარდაჭერას

ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-სთან საქართველოს კავშირების გაძლიერებისკენ მიმართული მისწრაფებების და ძალისხმევის მხარდაჭერას

ნატო ნამდვილად აფასებს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან პარტნიორობას, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში,  საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ განვიხილეთ დღეს, თუ როგორ შეგვიძლია ამ პარტნიორობის გაძლიერება და განვითარება. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ესტუმრა საქართველოს სექტემბერში, ჩვენ შევხვდით პრემიერ-მინისტრს და ბევრ  მინისტრს, შევაფასეთ ვარშავაში მიღებული ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელებაში მიღწეული პროგრესი. მსურს, მოგილოცოთ არჩევნების ჩატარება და თქვენი პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნა. ასევე მინდა, მოგილოცოთ, თუ როგორ ჩაატარეთ თქვენ არჩევნები. ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ.  ეს გამოხატავს თქვენს მიერ მიღწეულ პროგრესს, რომელსაც აღწევთ რეფორმების გზაზე.  ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ამ რეფორმების განხორციელებაში, ასევე პოლიტიკურ  და პრაქტიკულ მხარდაჭერას“,-აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით,  ნატო ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„ჩვენ გავაგრძელებთ თქვენ პრაქტიკულ მხარდაჭერას რეფორმების განხორციელებაში, ასევე გავაგრძელებთ წვრთნების ჩატარებას, იმის უზრუნველსაყოფად, რომ  ვაძლიერებთ წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს, ასევე იმაში დასარწმუნებლად, რომ ნატო-საქართველოს კომისია კვლავ რჩება მნიშვნელოვან პლატფორმად დიალოგისთვის და პრაქტიკული თანამშრომლობისთვის“,-აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისივე თქმით, საქართველოს უკვე აქვს  ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი ალიანსის წევრობისთვის.

„ჩვენ გავაგრძელებთ ნატო-სთან თქვენი კავშირების გაძლიერებისკენ მიმართული მისწრაფებების და ძალისხმევის მხარდაჭერას. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევების კუთხით. ჩვენ შევაფასეთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების მხრივ შექმნილი ვითარება. რა თქმა უნდა, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რადგან შავი ზღვის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მთელი ალიანსისთვის და საქართველოსთან პარტნიორობა არის ამის მნიშვნელოვანი ნაწილი“,-განაცხადა სტოლტენბერგმა.