გიორგი ასანიძე:

გიორგი ასანიძე: "ზვიადაურის ეს გადაწყვეტილება აუგად არ უნდა გამოიყენონ არც მან და არც სხვა ადამიანებმა"

ორთაჭალაში მომხდარ წყალდიდობაზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სამშენებლო კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავის" შეჩერებული მშენებლობა გაიხსენა და განაცხადა: ან დასრულდეს ეს მშენებლობა, ან უნდა დავაჯარიმოთ ეს კომპანია და რაც აშენებულია, დავანგრიოთო. მეტიც, ხელქვეითებს უბრძანა, უმკაცრესი ჯარიმები აამოქმედეთ, წესით, არც უნდა გაცემულიყო ამ მშენებლობის ნებართვაო. როგორც "ოლიმპიური ვარსკვლავის" წარმომადგენლები აცხადებენ, ზემოაღნიშნული სამშენებლო ობიექტი გულიას #1-ში "ოლიმპიურ ვარსკვლავს" უკვე აღარ ეკუთვნის და იქ ახალი ინვესტორი შედის, რომელიც მშენებლობას უახლოეს პერიოდში განაახლებს. პრეზიდენტის განცხადებამ ბევრს გაუჩინა ეჭვი, რომ თავის დროზე ხელისუფლების ფავორიტი კომპანიისადმი ამგვარი დამოკიდებულების მიზეზი შეიძლება მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი, ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური ყოფილიყო. ასეა თუ არა, დანამდვილებით ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ მეორე დღესვე ზურაბ ზვიადაურმა კოალიაცია "ქართულ ოცნებაში" გაწევრების თაობაზე განაცხადა: "ბიძინა ივანიშვილთან ერთად ვიბრძოლებ "ოცნების" სასახელოდ. ქვეყანა კატასტროფისკენ მიდის. ბიძინა ივანიშვილი მოგვევლინა, რომ გადაარჩინოს ქვეყანა და მე ამ ბრძოლაში მასთან ვარ". დავინტერესდით, რას ფიქრობს მის ნაბიჯზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი და ზვიადაურის მეგობარი გიორგი ასანიძე:

- ზურა ზვიადაურს არც ხელისუფლებასთან და არც ოპოზიციასთან, არასდროს ჰქონია აზრის გამოთქმის პრობლემა. მე მისი ნაბიჯის კარგ და ცუდ მხარეზე ვერ ვილაპარაკებ, ვიდრე პირადად მას არ მოვუსმენ. კარგად იცით, რომ ვძმაკაცობ მასთან, შევხვდები, გავესაუბრები და გავიგებ, რა გახდა მისი ამ ნაბიჯის მიზეზი. აქვე იმედს გამოვთქვამ, რომ ზურა სადაც უნდა იყოს, ერისთვის მნიშვნელოვან საქმეს გააკეთებს. ასევე, ვიმედოვნებ, რომ არ შელახავს თავის იმიჯს. როგორც სხვა წარმატებული სპორტსმენებისადმი, მის მიმართაც საზოგადოება სიმპათით არის გამსჭვალული. ვფიქრობ, ზვიადაურის ეს გადაწყვეტილება აუგად არ უნდა გამოიყენონ არც თვითონ მან და არც სხვა ადამიანებმა. ზოგადად კი, ვიტყოდი - გამომდინარე იქიდან, რომ მეც წლების წინ წავედი პოლიტიკაში, მომხრე ვარ, რომ სპორტი გაემიჯნოს პოლიტიკას.

- რას იტყვით ზვიადაურის იმ განცხადებაზე, რომ ქვეყანა კატასტროფისკენ მიდის?
- ძნელია რაიმეს თქმა, მან საჭიროდ მიიჩნია და გადადგა ეს ნაბიჯი, ყველა ადამიანის ვალია, ერისთვის სასიკეთო ნაბიჯები გადადგას. მისი გადასაწყვეტია, რას და როგორ გააკეთებს, მეტს ვერაფერს ვიტყვი.

- ბევრი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავის" გაკრიტიკება სწორედ ზურაბ ზვიადაურის ნაბიჯს უკავშირდება...
- პრეზიდენტის განცხადებაზე მე კომენტარს რატომ მთხოვთ? მაგაზე კომენტარი "ოლიმპიური ვარსკვლავის" ხელმძღვანელობამ გააკეთოს. თუ იქ არის კანონდარღვევები, იმას მოუწევს პასუხისგება, ვინც კანონი დაარღვია. თუ იქ ყველაფერი რიგზეა, ნამდვილად არავის შეექმნება პრობლემა.

თქვენ არ ხართ ამ კომპანიის მეწილე?
- მე ვიყავი ამ ფირმაში ერთ-ერთი დამფუძნებელი, შესაბამისად, ჩვენ შორის იყო გარკვეული ვალდებულება იმ ეტაპზე, როდესაც შეიქმნა ეს კომპანია. არანაირ წილში და მამაძაღლობაში მე არ ვარ.

- ანუ, ამბობთ, რომ ეს კომპანია მამაძაღლობს?
- არა, მე ეგ ჩემი მისამართით ვთქვი და არა კომპანიის. მე წილების ქონის უფლება არც მაქვს.

- ბატონო გიორგი, თქვენ, როგორც პარლამენტარს, გაქვთ უფლება, ფლობდეთ რაიმე კომპანიას ან მის გარკვეულ წილს, მაგრამ მართვის უფლება არ გაქვთ.
- რას მერჩით, არ მაქვს არანაირი წილები და ძალაა?

- არც ზურაბ ზვიადაურს აქვს ამ კომპანიაში წილი?
- მაგაზე ზურაბ ზვიადაურს ელაპარაკეთ.

P.S. სამწუხაროდ, ზურაბ ზვიადაურთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. თუმცა ჩვენ კვლავაც შევეცდებით ჩავწეროთ მასთან ინტერვიუ და მომავალ ნომერში შემოგთავაზოთ.