იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილების ფორმულირება მეორე მოსმენისთვის იმდაგვარად წარმოადგინა, რომ პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს ისე, რომ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა არ დასჭირდეს. საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტში ჩაიწერა, რომ 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აქვთ პირებსაც, რომლებიც დაბადებულნი არიან საქართველოში, ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა. პირველი მოსმენისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი საქართველოში მუდმივად ცხოვრების 10 წლიან ცენზს მოითხოვდა სავალდებულოდ.
მას შემდეგ, რაც 8 მაისს, საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკური კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში 2004 წლიდან ცხოვრობს და, შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებულ რეგულაციებს ვერ აკმაყოფილებს, ანუ საქართველოში უკანასკნელი 10 წელი მუდმივად არ უცხოვრია, დღის წესრიგში დადგა ფორმულირების შეცვლის აუცილებლობა, რაც ქვეყანაში ცხოვრების ცენზის დაწევას გულისხმობდა.
პარალამენტის რიგგარეშე სესიამდე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობას არაორდინარული ვითარების გამო უწევს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რათა არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ შეეზღუდოს რომელიმე სუბიექტს. ამასთან, კუბლაშვილმა ამ შეფასებით იმ ოპოზიციონერ დეპუტატებსაც უპასუხა, რომლებიც ერთ კაცზე მორგებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან - მათ შორის ერთ-ერთია ჯონდი ბაღათურია. პავლე კუბლაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს დროისა და პოლიტიკური გამოწვევების ადეკვატურს უწოდებს:
”კონსტიტუციამ უნდა უპასუხოს ყოველ კონკრეტულ გამოწვევას და ეს არ არის სხვა დროისთვის დაწერილი სამართლებრივი აქტი. სამართლებრივი აქტები - მათ შორის კონსტიტუციაც - იწერება პოლიტიკური პროცესისთვის, პოლიტიკური პროცესის გამჭვირვალობისთვის, კონკურენტუნარიანობისთვის, სტაბილურობისთვის - ამისთვის შედის ეს ცვლილება.”
აქვე ვთქვათ, რომ მეორე მოსმენისთვის საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი ფორმულირების მიმართ გარკვეული პრეტენზიები აქვთ ქრისტიან- დემოკრატებს, რომლებიც ამ საკონსტიტუციო ცვლილების თავდაპირველი ინიციატორები იყვნენ. „ქრისტიან- დემოკრატიული პარტიის“ წევრ ლევან ვეფხვაძისთვის წარმოდგენილი ვარიანტი მთლად მისაღები არ არის - ის იმედოვნებდა, რომ მეორე მოსმენისთვის მათი ფრაქციის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ვარიანტსაც განიხილავდა პარლამენტი:
” მიგვაჩნია, რომ საქართველოში დაბადებული ადამიანი, რომელსაც 10 წელი უცხოვრია და მათ შორის ბოლო სამი წელი უცხოვრია საქართველოში - ეს ცენზი აბსოლუტურად საკმარისია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს მივცეთ პოლიტიკური აქტივობის უფლებები. ჩვენთვის სრულიად წარმოუდგენელია ეს 10- 5 და სხვა რიცხვები. ჩვენ ძალიან მკაფიო რიცხვები გვქონდა, რომელიც ამ კონკრეტულ არჩევნებზე იყო მიბმული და ყოველი რიცხვი, რომელსაც ჩვენ ჩავწერთ კონსტიტუციაში, გარკვეულ სტანდარტებს უნდა ექვემდებარებოდეს და არა ჰაერიდან მოტანილი რიცხვები, რომლის წარმოდგენასაც ახლა ”ნაციონალური მოძრაობა” ცდილობს.“
ქრისტიან-დემოკრატების ამ ალტერნატიულ ვარიანტს კენჭი იმ არგუმენტით არ ეყარა, რომ კენჭისყრაზე შესაძლებელია ყველა კანონთან დაკავშირებული ალტერნატიული ვარიანტის განხილვა, გარდა კონსტიტუციისა. ამის გარკვევის შემდეგ ლევან ვეფხვაძემ უმრავლესობის მიერ წარმოდგენილ ვარიანტში ცვლილების შეტანის აუცილებლობის საკითხი დასვა. მისი წინადადების თანახმად, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ პირმა, რომელსაც ცვლილება შეეხება, შეიძლება დაიკავოს როგორც პრეზიდენტის, ისე პრემიერ-მინისტრის ან პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა, რადგან მოქმედი კონსტიტუცია ამ მხრივ შეზღუდვას უწესებს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც, იმავდროულად, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ თანახმაა პროექტში სპეციალური ჩანაწერი შევიდეს იმისათვის, რომ ყველანაირი ორაზროვნება გამოირიცხოს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და კოალიცია ”ეს შენ გეხება” ეწინააღმდეგებიან როგორც მეორე მოსმენისთვის შეცვლილ ვარიანტს, ასევე ზოგადად საკონსტიტუციო ცვლილებას, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს აქტიურ და პასიურ საარჩევნო უფლებას ანიჭებს. როგორც ”საიას” საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა ამბობს, ამით ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება:
ჩვენ ამ პოლიტიკურ ბალაგანში მონაწილეობას არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებთ. ეს ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა ...
გიორგი ცაგარეიშვილი
”აღნიშნული პრინციპი საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს სუვერენიტეტს, რამეთუ უფლებას აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს გავლენა მოახდინონ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე და მიიღონ აღნიშნული პოლიტიკური ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები.”
რაც შეეხება თავად კოალიცია ”ქართული ოცნების” პოზიციას, ისინი ამ ფორმით განხორციელებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მიესალმებიან, თუმცა, მისი დამტკიცების შემთხევევაში, კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლებენ. კოალიციის წევრი, პარლამენტარი გიორგი ცაგარეიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებს „სამართლებრივ ტრაგიკომედიას” უწოდებს და ამიტომაც მის განხილვაში მონაწილეობას არ იღებს:
”ჩვენ ამ პოლიტიკურ ბალაგანში მონაწილეობას არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებთ. ეს ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა და ამიტომაც მის განხილვებში აქტიურად არ ვართ ჩართული.”
15 მაისს, დღის ბოლოს, პარლამენტმა მეორე მოსმენით - 108 ხმით ერთის წინააღმდეგ - მიიღო გარდამავალი (დროებითი) საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად აქვთ იმ პირებსაც, რომლებიც დაბადებულნი არიან საქართველოში, ბოლო 5 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და აქვთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.