ეკა ბესელია:

ეკა ბესელია: "სამწუხაროდ, ეკრანზე არ ჩანს ის ავი განწყობა, რაც მოგელაძეს "ქართული ოცნების" მიმართ ჰქონდა...

"კონტროლის პალატის ფინანსური მონიტორინგის სამსახური უკანონო შემოწირულობების განხორციელებაში "ქართულ ოცნებასთან" კავშირში მყოფ კიდევ ერთ საწარმოს - შპს "მენეჯმენტ-სერვისს" ადანაშაულებს. როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ადვოკატი ეკა ბესელია აცხადებს, უწყებამ აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ოქმი შეადგინა. ოქმის მიხედვით, "მენეჯმენტ-სერვისი" კოალიციაში შემავალი სამი პარტიის - "რესპუბლიკური პარტიის", "ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებისა" და "ეროვნული ფორუმის" სასარგებლო უკანონო შემოწირულობებს ახორციელებდა. კონტროლის პალატის მტკიცებით, უკანონო შემოწირულობები, რომელთა ოდენობა 476 620 ლარია, განხორციელდა აღნიშნული პარტიების სასარგებლოდ, უსასყიდლო სარემონტო სამუშაოების შესრულების გზით. შპს "მენეჯმენტ-სერვისს" მთელი საქართველოს მასშტაბით ფიზიკური და იურიდიული პირებისგან ქირით აქვს აღებული საოფისე ფართები, რომელთა ნაწილშიც განსაზღვრული სარემონტო სამუშაოები აქვს ჩატარებული. აღნიშნული საოფისე ფართები შპს "მენეჯმენტ-სერვისმა" ქვექირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე კოალიციაში შემავალ პარტიებს მიაქირავა. ოქმის განხილვა კონტროლის პალატაში 14 მაისს მოეწყო, რომელსაც "მენეჯმენტ-სერვისის" ხელმძღვანელ პირებთან ერთად ეკა ბესელიაც ესწრებოდა, თუმცა საქმის განხილვა პროტესტის ნიშნად დატოვა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით ბიძინა ივანიშვილი კიდევ 5 მილიონი ლარით დააჯარიმეს! / კონკრეტულად რა გააპროტესტა და რატომ დატოვა კონტროლის პალატის სხდომა ეკა ბესელიამ?!

"თავისთავად კომიკურია, რომ აქტის კანონიერებას იკვლევდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ნათია მოგელაძე - ეს ფაქტი უკვე თავისთავად გამორიცხავს ამ საქმის სამართლიანად გადაწყვეტის მომენტს. ჯერ ერთი, შენობაში შესვლისთანავე დაცვის სამსახურმა დაგვიწყო ჩხრეკა, მოგვთხოვეს, გარეთ დაგვეტოვებინა ტელეფონები, ამაზე გამოვხატე მკვეთრი პროტესტი. მეტიც, გადავიდნენ პირადი ნივთების, ჩანთების ჩხრეკაზე. ჩემი აღშფოთების შემდეგ მითხრეს, რომ ეს იყო ბეჟაშვილის შიდა ბრძანება, რაც კანონს ეწინააღმდეგება. შემოწმების ჩასატარებლად არსებობს სპეციალური ხელსაწყოები. საბოლოოდ, ნახევარსაათიანი ჩხრეკის შემდეგ შევედით პროცესზე, სადაც მოხდა ყველაზე დიდი უკანონობა კონტროლის პალატის მხრიდან, რადგან განხილვას ესწრებოდა ქალბატონი მოგელაძე, რომელიც იქცეოდა ძალიან აგრესიულად და ცინიკურად", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია. 

"პოლიტიკური დავალების შესრულების დაუფარავი მოტივით, ცდილობდა იოლად მიეყვანა საქმის განხილვა შედეგამდე. შპს "მენეჯმენტ-სერვისი" ქირაობს საოფისე ფართებს, ხოლო "ქართულმა ოცნებამ" ქვექირავნობის ხელშეკრულებით იქირავა აღნიშნული კომპანიისგან ფართები. ქალბატონი მოგელაძე კითხულობდა - რა უფლებით არემონტებდა ამ შენობებს "მენეჯმენტ-სერვისი" - მას წარმოდგენაც არ აქვს კანონზე... მთელი განხილვის განმავლობაში ის არ მალავდა თავის ნეგატიურ განწყობილებებს და ღიზიანდებოდა ჩემს მოთხოვნებზე - რამდენჯერმე მომიხდა მასთან სიტყვიერი კამათი, ჩვენ შორის იყო კონფლიქტური ურთიერთობა. მე ვთქვი, რომ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ჰქონდა ადგილი და მოვითხოვე ამის სხდომის ოქმში ჩაწერა. სხვათა შორის, ქალბატონ მოგელაძეს იქ ასეთი რაღაც წამოსცდა: მე კიდევ მაქვს ფაქტები შემონახული თქვენ წინააღმდეგ და ამას გამოვიყენებ - ესაა მუქარა, ის ბოროტად იყენებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას და ცდილობს სახელისუფლებო რესურსით პოლიტიკური ოპონენტებისთვის წინააღმდეგობის გაწევას - ამას ხაზგასმით ვაფიქსირებ," - განაგრძობს ადვოკატი.

"ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ყველანი ვიხდით გადასახადებს, ვინახავთ მათ და ისინი ანგარიშვალდებული არიან ჩვენს წინაშე. მე გამაოგნა ამ ახალგაზრდა გოგოს უკონტროლო საქციელმა. სამწუხაროდ, ეკრანზე არ ჩანს ის ავი განწყობა "ქართული ოცნების" მიმართ, რაც მას ჰქონდა. სწორედ ამიტომ არ დაველოდე სხდომის დასრულებას და მას შემდეგ, რაც დავაფიქსირე სხდომის ოქმში ჩემი დამოკიდებულება და პროტესტი, პროტესტის ნიშნად დავტოვე აღნიშნულის საქმის განხილვა. შემაძრწუნებელია ეს ყველაფერი - ჩვენ ვინახავთ კონტროლის პალატას, ვუხდით ხელფასს, ის კი აწიოკებს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, არ სცემს კანონს პატივს, ეს არის სირცხვილი", - დასძენს ეკა ბესელია და შეკითხვას - "რა მოხდა მას შემდეგ, რაც თქვენ საქმის განხილვა პროტესტის ნიშნად დატოვეთ?" - პასუხობს:

"შპს "მენეჯმენტ-სერვისი", რომელიც ფლობს ბათუმის დელფინარიუმს და რომელმაც მარტო ოთხ თვეში 1 200 000 ლარი შეიტანა ბიუჯეტში, რომელიც ასევე ფლობს ურეკში "ციცინათელას" კომპლექსს, დააჯარიმეს 5 000 000 ლარით. ამით საფრთხე შეუქმნეს "ქართული ოცნების" ოფისებს. ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეს დასკვნა სრულიად აბსურდული და უარგუმენტოა. ამის შედეგად საწარმო ვეღარ განაგრძობს ჩვეულებრივ სამეწარმეო საქმიანობას, ამის გამო შეწყდება ფართებთან დაკავშირებული ქირავნობისა და ქვექირავნობის ხელშეკრულებები. სამი პოლიტიკური პარტია დაკარგავს ადგილობრივ ოფისებს, რითაც ვეღარ შეძლებს სრულფასოვანი პოლიტიკური და საარჩევნო კამპანიის წარმართვას. საბოლოო ჯამში, ასევე დაზარალდება საქართველოს ამომრჩეველი, რომელიც ვერ შეძლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთებას წლეულს ოქტომბერში გასამართავ არჩევნებში".