მონოპოლისტი კომპანიების წინააღმდეგ აქციები იწყება

მონოპოლისტი კომპანიების წინააღმდეგ აქციები იწყება

არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის ახალ ფაზაში გადასვლა იგეგმება –  სპეციალური კვლევის დასრულების შემდეგ, ახალი მოძრაობა მონოპოლისტი კომპანიების წინააღმდეგ აქციების გამართვას გეგმავს. ამ კომპანიების რიცხში შეიძლება აღმოჩნდეს “ავერსი“, “ეკო ფუტი“, “თელიანი ველი“...

 

იმაზე, თუ რა ნიშნით შეარჩევენ სამიზნეებს და რა ფორმას მისცემენ პროტესტს, პრესა.გე შეხვდა და ესაუბრა ა/ო “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს, ნანა კაკაბაძეს.

 

რატომ გაჩნდა ახალი მოძრაობის შექმნის იდეა?

ნანა კაკაბაძე: ხელისუფლებამ ხალხს დიდი ხნის წინ გაუცრუა იმედი.  საზოგადოებაში ნათლად იგრძნობა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიმართ იმედგაცრუება; მათ საზოგადოების დაკვეთა ვერ შეასრულეს და საზოგადოება აბსოლუტურად დაუცველი დარჩა, ერთის მხრივ ამ ყბადაღებულ ხელისუფლებასთან და მეორეს მხრივ, უსუსურ და ძალის არმქონე ოპოზიციასთან. არადა, საზოგადოების პრობლემები დღითიდღე იზრდება, ნებისმიერი მიმართულებით, იქნება ეს სამოქალაქო, პოლიტიკური, თუ სოციალური კუთხით.

ქართველი კაცი არასდროს ისე მწვავედ არ მდგარა სოციალური პრობლემის წინაშე, როგორც დღეს დგას.

 

ქვეყანამ რუსეთის ბაზარი დაკარგა, რის გამოც გლეხი თავისი პროდუქციის რეალიზებას ვეღარ ახდენს, რამაც ქვეყანაში კრიზისი შექმნა და რის ფონზეც ფასები საოცარი სისწრაფით იზრდება. მაგალითად, შაქრის ფასი მთელ მსოფლიოში დაბლა იწევს, იმის გამო რომ ჭარხლის კარგი მოსავალი იყო და ჩვენთან პირიქით – ზემოთ და ზემოთ მიდის.

 

ანუ ხელისუფლება აშკარად გრძნობს უკონტროლობას, ოპოზიციური ძალის ზეწოლის სიმცირეს და ახერხებს იმას, რასაც ახერხებს. საზოგადოებას სხვა არაფერი რჩება, თუ არა ის, რომ ხელი გაანძრიოს და თავი გადაირჩინოს. საზოგადოებას ამ პრობლემებიდან თავის დაღწევის ჩვენეული  ვარიანტი გვინდა შევთავაზოთ, რის შემდეგაც თავად საზოგადოებაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად გაითავისებს

და მიხვდება, რომ ეს მისთვის საჭიროა.

 

კონკრეტულად რის შეთავაზებას აპირებთ?

– ესაა აბსოლუტურად უსაფრთხო შეთავაზება, რაც არანაირ რისკთან არ არის დაკავშირებული. ყველანაირი ბიზნესი, რომელიც დღეს ქვეყანაში არსებობს, ხელისუფლების მონოპოლიის ქვეშაა. წვრილი ბიზნესები იძულებითი წესით გაამსხვილეს და დაეპატრონნენ. ახლა ბაზრობებზე არსებული წვრილ–წვრილი ბიზნესის გამსხვილებას და მასზე მონოპოლიის აღებას ცდილობენ. ანუ, ქვეყანაში ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს სასუნთქ საშუალებას არ უტოვებენ. ჩვენ გადავწყვიტეთ უკან გამოვგლიჯოთ მითვისებული ბიზნესები და თავისუფალი სივრცე, რომელიც მათ ხალხის ნების გარეშე მიიტაცეს.

 

თუ ის ბიზნესმენები არ იღებენ ხმას, ვისაც ქონებას ძალით ართმევენ, თქვენ რა უნდა გააკეთოთ?

– ისინი დაშინებულები არიან და ადამიანს ვერ მოთხოვ არ შეგეშინდესო, როდესაც მის წინააღმდეგ ამხელა მანქანა იბრძვის და ამ დროს ის არის დაუცველი და მარტო. ჩვენ ეს გვესმის და ამიტომ, მოქალაქეებს ვთავაზობთ გზას, რომელიც არანაირ რისკთან დაკავშირებული არ არის. მაგალითად, ჩვენ ახლა ვსწავლობთ სააფთიაქო ქსელს, თუ რომლისგან საზრდოობს ყველაზე მეტად ხელისუფლება.

 

შეგიძლიათ გვითხრათ, რომელი ქსელით საზრდოობს ხელისუფლება ყველაზე მეტად?

– ჩვენი გამოკვლევით, ბაზრის 35%–ს “ავერსი“ აკონტროლებს, 30%–ს – “პეესპე“ და ასე შემდეგ. ანუ ბაზრის ყველაზე დიდ ნაწილს “ავერსი“ აკონტროლებს, სადაც არარეალური, გაბერილი ფასებია. ეს კომპანია ხალხს ხუთავს, ახრჩობს, რადგან წამლის შემოტანისა და გასაღების პარალელურად, ის ხარკს უხდის ხელისუფლებას, ასე ვთქვათ, შავი თუ თეთრი სახით, საარჩევნო პროცესებში, თუ არასაარჩევნო პროცესებში და ამის ამოღება ხდება ხალხისგან.

 

ამიტომ, გვინდა ხალხმა ამ კომპანიას პროტესტი გამოუცხადოს – არ შეიძინოს წამალი ამ ქსელში, თუმცა, ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვართ; შეიძლება “პეესპესკენ“ გადავიხაროთ, სადაც ასევე გაბერილი ფასებია და მისი უშუალო მეპატრონე პარლამენტის წევრია. აი, ამ ნიშნით, პრიორიტეტი შეიძლება “პეესპეს“ მივანიჭოთ.

 

როგორი ფორმით გამოხატავთ პროტესტს?

– საზოგადოებას გაზეთების, მეორე არხის, ინტერნეტის საშუალებით და  უშუალოდ ჩვენს მიერ (და არა მასიურით) მოწყობილი საპროტესტო აქციებით შევატყობინებთ, კონკრეტული სამიზნე კომპანიების შესახებ. თარიღს გამოვაცხადებთ და მოსახლეობას მოვუწოდებთ არ შეიძინონ წამალი “ავერსში“, ან “პეესპეში“. ამგვარი პროტესტის გამოხატვა მხოლოდ ქალაქშია შესაძლებელი, რადგან რაიონებში ე.წ. ნისიას ინსტიტუტი მუშაობს...

 

თუ კი ბოიკოტი შედგება და მოსახლეობა არ შევა და არ იყიდის წამალს, კონკრეტული კომპანია იძულებული გახდება მომხმარებელი რაღაცით მიიზიდოს – ფასები დაწიოს, აქციები შესთავაზოს. ამ დროს მეორე მონოპოლისტი ფირმაც იძულებული გახდება ფასები დაწიოს, რაც ჯაჭვური რეაქციით თანდათან გამოიწვევს ფასების ნორმალურ კონდიციამდე დასვლას.

 

აფთიაქების გარდა კიდევ ვის შეიძლება შეეხოს პროტესტი?

– მაგალითად, რძის პროდუქტების ბიზნესს, რომელიც ასევე შესწავლის პროცესშია; ავირჩევთ კონკრეტულ კომპანიას და მოსახლეობას მოვუწოდებთ არ შეიძინონ მისი პროდუქცია. არის “სანტე“, “ეკო ფუტი“, “სოფლის ნობათი“.

 

რომელი მათგანი აკონტროლებს ბაზრის ყველაზე დიდ ნაწილს, თქვენი კვლევის მიხედვით?

– “ეკო ფუტი“, რომლის ერთ–ერთი მეპატრონე, ჩემი ინფორმაციით გურამ დონაძეა. იგივე პროტესტის გამოხატვა მოხდება სასმელებზე, რესტორნებზე.

 

წინასწარ არ მინდა დავასახელო რესტორნების ის ქსელი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლებას – სახელისუფლებო ქსელია, რომელსაც სერიოზულ დისკომფორტს შევუქმნით. ბავშვებმა მოიფიქრეს პროტესტის ასეთი ფორმა, სახელწოდებით – “ჩამაწობინე ოსტრში“... ამ აქციების გამართვა მოძლიერების შემდეგ იგეგმება. თუ ამ მოძრაობამ სერიოზული სახე მიიღო, მონოპოლისტებს პრობლემებს შეუქმნის, რაც ჩვეულებრივ, რიგით ადამიანებს, მცირე მეწარმეებს ხელ–ფეხს მნიშვნელოვანწილად გაუხსნის.

 

რესტორნების ქსელთან გაიმართება აქციები, ქუჩებში, რესტორნებთან ახლოს გაიკვრება ე.წ. სტიკერები და ხალხს მოუწოდებთ, რომ არ შევიდნენ ამ რესტორნებში, რომ ამ ობიექტებში გადახდილი ფული მიდის ხელისუფლების ყულაბაში, იმ ადამიანების ხარჯზე, რომელთაც გარეთ შიათ. 

 

მითხრეს რომ არის რძის ნაწარმის კომპანია – “ქობულეთური“, რომელიც ბაზრიდან გაქრა, რადგან ის არ იყო ხელისუფლების და უშვებდა პროდუქტს, რომელსაც თან ახლდა ქართული პატრიოტული ლექსები. ჩვენი მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ ისეთი ადამიანების ბიზნესის არსებობას, რომლებიც არ არიან ხელისუფლებაზე მიწებებული და უნდათ დამოუკიდებელი ბიზნესის წარმოება.

 

გაიმართება სხვადასხვა აქციები სახელწოდებით “ნურას უკაცრავად“, “ვერ მოგართვით“. ესაა სააკაშვილის სავიზიტო ფრაზები, რომლითაც აქციებს მოვაწყობთ, მაგრამ ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა, რადგან ეს იქნება შემდგომი ეტაპი. თავიდან პროტესტი იქნება გამოხატული სოციალურ პრობლემებზე, ხოლო შემდგომ ეტაპზებზე აქციები გაიმართება განსახვავებული აზრის დევნაზე, პოლიტპატიმრებზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე.

 

მოსახლეობა ჩართულ ტელევიზორებს ფანჯრებში იმ დროს გამოდგამს, როცა დაიწყება “კურიერი“, ან “ქრონიკა“ და ამით ხელისუფლებას ეტყვის – ჩვენ არ ვუსმენთ თქვენს ინფორმაციებს, უყურეთ თქვენ.

 

თქვენ იქნებით ამ აქციის ორგანიზატორი?

– ერთ–ერთი ორგანიზატორი. იდეა მე არ მეკუთვნის, ანალოგიური პოლონელებმა განახორციელეს, “სოლიდარობას“ სახელწოდებით. მსოფლიო საზოგადოებამ ორი შემდგარი პროექტის შესახებ იცი; ესაა “ფერადოვანი რევოლუციების“ და “სოლიდარობის“ პროექტი, რომელიც პოლონეთში შედგა და წარმატებულად იმუშავა, განსხვავებით “ფერადოვანი რევოლუციებისგან“, რომელმაც ასე თუ ისე ყველგან კრახი განიცადა.

 

ჩვენ შევეცდებით პოლონური “სოლიდარობა“ ქართულ რეალობას მივუსადაგოთ.

მთავარია საზოგადოებამ გაიგოს ასეთი პროტესტის სიკეთე, რომელსაც ვიმეორებ, რომ არ ახლავს არანაირი რისკი. თუ ადამიანები “ავერსში“, ან “პეესპეში“ არ შევლენ და წამალს არ იყიდიან, ამის გამო მათ ვერავინ დასჯის და დაიჭერს; სამსახურში პრობლემებს ვერავის შეუქმნიან იმის გამო, “სუპერმარკეტში“ არ შეიძინეს “ეკო ფუტის“ ნაწარმი, ან “თელიანი ველის“ პროდუქტი. აი, სწორედ ამიტომ ვთვლი რომ ესაა მოსახლეობისთვის უსაფრთხო პროტესტი, რამაც სერიოზული პრობლემები შეიძლება შეუქმნას მონოპოლისტს კომპანიებს, თუ პროტესტი შედგება.

 

რას ერქმევა ამ ახალ მოძრაობას?

– ალბათ, “სახალხო სოლიდარობა“.

 

ალტერნატიული სახალხო დამცველის არჩევა იგეგმებოდა, ესეც იდეის დონეზე იყო და რატომ არ განხორციელდა?

– ამაზე მუშაობა დღესაც ძალიან აქტუალურია. როდესაც ახალი მოძრაობა გარკვეულ ფაზაში შევა, იქვე უნდა გაჩნდეს ალტერნატიული ომბუდსმენის ოფისი, რომელიც დაიცავს აქციის ორგანიზატორებს (და არა მარტო მათ), რომლებიც ამ მოძრაობის სახეები იქნებიან, თორემ საზოგადოება, რომელიც პროტესტს გამოხატავს, აბსოლუტურად დაცული იქნება.