მიუხედავად ამისა, მოსამართლეს ჯავახიშვილის სარჩელი არ დაუკმაყოფილებია და ახლა ციცინო ჯავახიშვილი უკვე მოსამართლის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.
მაგრამ ეს პრობლემა მხოლოდ მას არ ეხება. პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან ბოლო თვეების განმავლობაში მხოლოდ შიდა ქართლში 21 პედაგოგი არის გათავისუფლებული.
ამის შესახებ განცხადება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ კოალიციაში შემავალი პოლიტიკური პარტია "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელმა, პარლამენტის დეპუტატმა, გიორგი ცაგარეიშვილმა ორშაბათს, პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, რომელსაც სამსახურიდან გათავისუფლებული პედაგოგებიც ესწრებოდნენ.
ბრიფინგს ესწრებოდნენ ნანი ივანაშვილი, მაია ცხადიაშვილი, ქეთევან ხარაზიშვილი, ციცინო ჯავახიშვილი, ია ბჟალავა, მაგული ბესიაშვილი და ცოლ-ქმარი - ნოდარ კილაძე და ნათელა ნოზაძე, რომლებიც მათივე თქმით, სამსახურებიდან იმიტომ არიან გათავისუფლებულნი, რომ მათი მეუღლეები "თავისუფალი დემოკრატების" წევრები არიან.
ბრიფინგს ასევე ესწრებოდა ქარელში არსებული "პრივატბანკის" ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ბერუაშვილი, რომელიც სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ დაითხოვეს, რომ მისი და და დედა "ქართული ოცნების" პრეზენტაციას ესწრებოდნენ.როგორც მან "რეზონანსთან" საუბრისას თქვა, "ქართული ოცნების" პრეზენტაციამდე ის ბანკში ერთ-ერთ რეიტინგულ თანამშრომელად ითვლებოდა და მისი გათავისუფლების შესახებ არავის არასოდეს არაფერი უთქვამს. პრეზენტაციის მეორე დღეს კი უთხრეს, რომ ის სამსახურიდან გათავისუფლებული იყო იმის გამო, რომ "მისი ოჯახის წევრები ოპოზიციურად აზროვნებენ".
რაც შეეხება პედაგოგებს, როგორც თავად ამბობენ, მათი გათავისუფლებაც ანალოგიური სცენარით მოხდა.
როგორც ციცინო ჯავახიშვილმა აღნიშნა, იგი გორის რაიონის სოფელ ნიქოზის საჯარო სკოლაში ბიოლოგიის ერთადერთი მასწავლებელი იყო, რომელიც დირექტორმა თამაზ მელანაშვილმა მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლა, რომ მას განსხვავებული აზრი ჰქონდა, მისმა მეუღლემ კი 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არტჩევნებზე "თავისუფალი დემოკრატებიდან" იყარა კენჭი.
გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად კი საათების სიმცირე დაუსახელეს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, დირექტორმა მას პირდაპირ უთხრა, რომ სამსახური ქმრის პოლიტიკური შეხედულების გამო უნდა დაეტოვებინა, რადგან "მას სკოლაში ოპოზიცია არ სჭირდებოდა".
გიორგი ცაგარეიშვილმა კი დასძინა, რომ ციცინო ჯავახიშვილს სასამართლოში სარჩელი აქვს შეტანილი და სასამართლო პროცესზე სკოლის დირექტორმა თამაზ მელანაშვილმა მოსამართლის კითხვის პასუხად განაცხადა, ჯავახიშვილი "იმიტომ გავათავისუფლე, რომ მიხეილ სააკაშვილი არ უყვარსო".
ია ბჟალავა, რომელიც სერთიფიცირებული მასწავლებელია, გორის მე-9-ე საჯარო სკოლი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მისი მეუღლე კი "თავისუფალი დემოკრატების" წევრია, რაც მიმდინარე წლის იანვარში მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა.
"სკოლის ყოფილმა დირექტორმა მარინე მახარაშვილმა მითხრა, რომ მას მის გათავისუფლებას კატეგიორულად სთხოვდნენ. ამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელსა და მაშინდელ გუბერნატორ ზურაბ არსოშვილს შევხდვით.
"ამ უკანასკნელმა დაგვაიმედა, რომ უსამართლოდ ადამიანის დაჩაგვრას არ დაუშვებდა, თუმცა სკოლაში გენერალური ინსპექცია შემოვიდა, რომლის დასკვნის საფუძველზეც მარინე მახარაშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა. სინამდვილეში კი ამის მიზეზი მე გავხდი. 3 კვირის დანიშნულმა დირექტორმა ელენე ხაჩიძემ კი მე ისე დამითხოვა, რომ საერთოდ არ მიცნობდა," - აღნიშნა ია ბჟალავამ.
ამასთან ის აღნიშნავს, რომ მის ოჯახს მიზანმიმართულად ებრძვიან და შიშობს, მის ოთხ ვაჟს რაიმე საფრთხე არ დაემუქროს.
"რეზონანსი" კომენტარისთვის განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, თუ რატომ მოხდა ამ პედაგოგების გათავისუფლება და ამის შესახებ აქვთ თუ არა რაიმე ინფორმაცია, მაგრამ სამინისტროს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ "სამინისტრო ასეთ საკითხებზე კომენტარს არ აკეთებს".
არადა, ეს მასწავლებლები გუშინდელ ბრიფინგზე ისევ განათლების მინისტრს მიმართავდნენ, რომ მათი პრობლემებით დაინტერესებულიყო. სამინისტროს კი ეს საკითხი საერთოდ არ აინტერესებს.
გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მისი პოლიტიკური ძალა ამ ადამიანებს არ მიატოვებს და ყველანაირად გვერდში დაუდგებიან.