ივანიშვილთან წახვედი? – ჯარიმა! (VIDEO)

ივანიშვილთან წახვედი? – ჯარიმა! (VIDEO)

ძიუდოში საქართველოს ოლიმპიურმა ჩემპიონმა ზურაბ ზვიადაურმა ბიძინა ივანიშვილის პარტიაში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გაწევრიანების შესახებ განაცხადა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ორთაჭალაში სტიქიით დაზარალებული შენობების მონახულებისას განაცხადა, რომ „ოლიმპიურ ვარსკვლავს“ შეჩერებული მშენებლობის გამო, შესაძლოა, დიდი ოდენობის ჯარიმა დაეკისროს. ზვიადაურს არ დაუმალავს, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება კარგა ხნის წინ მიიღო. ოლიმპიური ჩემპიონის მტკიცებით, ამის გამო მასზე იყო ზეწოლაც, თუმცა ზვიადაურს არ დაუკონკრეტებია, რა სახის და ვის მიერ განხორციელებულ ზეწოლაზეა საუბარი. სამაგიეროდ, ეს მიხეილ სააკაშვილმა ირიბად დაადასტურა. 

ჭალების დასახლებაში ერთ-ერთმა მოსახლემ პრეზიდენტს განუცხადა, რომ „ოლიმპიური ვარკვლავის“ შეჩერებული მშენებლობა გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს, რადგან საკანალიზაციო სისტემა მოიშალა და წყალს გასასვლელი არ აქვს.

„ეს მშენებლობა ან დაამთავრონ, ან ჯარიმა დავადოთ და ეს ყველაფერი მოვანგრიოთ. ხალხს რაღაცეები თავზე დაადგეს, ასე არ გამოვა. უმკაცრესი ჯარიმები აამოქმედეთ. თავის დროზეც არ უნდა გაცემულიყო აქ მშენებლობის ნებართვა“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა თბილისის ვიცე-მერს დავით ნინიძეს. 

რატომღაც კანონის სრული დაცვით გაცემული ნებართვები ეჭვქვეშ მხოლოდ მას შემდეგ დადგა, როცა „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა ივანიშვილის პარტიაში შესვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. სამშენებლო კომპანიამ განაცხადა: „ის ადამიანი, ვინც პრეზიდენტს შესჩივლა, გვარად ქუსრაევია და მან ჩვენი სამშენებლო კომპანიისგან 40 000 დოლარი მიიღო, რომ გვერდზე არსებული ბარაკიდან გასულიყო. შესაბამისი დოკუმენტაციაც არსებობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბარაკები უკანონოდ იყო აშენებული მაშინ, როდესაც „ოლიმპიურმა ვარსკვლავმა“ იქ მშენებლობის ნებართვა მიიღო. „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობა სრულიად კანონიერია და შესაბამისი ნებართვა მერიის მიერ 2007 წელს გაიცა, ხოლო ეს ადგილი სახელმწიფოსგან აუქციონზე შევიძინეთ. „ოლიმპიური ვარსკვლავის“ მშენებლობა ისევე დაზარალდა სტიქიის შედეგად, როგორც დანარჩენი მოსახლეობა“. სამშენებლო კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ქუსრაევმა „პრეზიდენტიც მოატყუა და „ოლიმპიური ვარსკვლავიც“.

ქუსრაევს პრეზიდენტი არ მოუტყუებია, მან მხოლოდ ის თქვა, რაც დაავალეს. არადა, თავად სააკაშვილმა, ქუსრაევი რომ ცხოვრობდა, იმისთანა ბარაკებზეც ილაპარაკა, რომ თბილისში ე.წ. ბარაკების ტიპის საცხოვრებლები აღარ უნდა არსებობდეს. პრეზიდენტმა გასცა დავალება, აღიწეროს მსგავსი ტიპის სახლები და უახლოეს მომავალში თანამედროვე სახლებით შეიცვალოს. „ოლიმპიური ვარსკვლავი“ სწორედ ამას აკეთებდა, ვიდრე მისი ერთ–ერთი მფლობელი ივანიშვილის პარტიაში შევიდოდა.

ყველაზე საინტერესო კი მთელ ამ ისტორიაში ის არის, რომ ჯარიმისთვის განწირული სამშენებლო ობიექტი გულუას #-1-ში „ოლიმპიურ ვარსკვლავს“ უკვე აღარ ეკუთვნის და იქ ახალი ინვესტორი შედის, რომელიც მშენებლობას უახლოეს პერიოდში განაახლებს. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ, თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე „ოლიმპიური ვარსკვლავის“ ქება–დიდებას უცვლელად შემოგთავაზებთ, ოღონდ ეს ინფორმაცია იმდროინდელია, როცა ზვიადაური ჯერ კიდევ ნაცმოძრაობის რეკლამას ეწეოდა და მის ერთ–ერთ ფავორიტს წარმოადგენდა:

,,ოლიმპიური ვარსკვლავი” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კომპანიაა საქართველოს სამშენებლო სექტორში. იგი 2006 წლის დასაწყისში დაარსდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა თავის დაქვემდებარებაში მყოფი დეპარტამენტების წყალობით, სადაც დასაქმებულები არიან გამოცდილი დეველოპერები და მშენებლები.

,,ოლიმპიური ვარსკვლავი,” ძირითადად, მუშაობს მასიურ პროექტებზე-ცათამბჯენებზე და მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსებზე. კომპანიის პირველი პროექტი-სპორტულ-საცხოვრებელი კომპლექსი პირადად წარადგინეს 2004 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსნებმა ზურაბ ზვიადაურმა, ილია ილიადისმა და გიორგი ასანიძემ. Kკომპლექსი აერთიანებს ბიზნესს და კომერციული ცენტრებს, საცხოვრებელსა და სპორტული დარბაზებს, რომლებსაც ლეგენდარული სპორტსმენების სახელი ეწოდებათ. ამ გარემოში აღზრდილი ბავშვები ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვრებენ, რაც მათი წარმატების საწინდრად იქცევა.

პროექტის იდეამ ფართო გამოძახილი ჰპოვა საზოგადოებაში, რამაც კომპანიის იმიჯი გაამყარა. ეს იდეა ყველა მომდევნო პროექტს დაედო საფუძვლად, რომლების წარდგენასაც ასევე ცნობილი სპორტსმენები მოახდენენ.

,,ოლიმპიურ ვარსკვლავს” უკვე განხორციელებული აქვს რამოდენიმე პროექტი:

1. მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი კოსტავას გამზირზე.

2. ორი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი ხილიანის ქუჩაზე.

3. ელიტური საცხოვრებელი სახლი ფალიაშვილის ქუჩაზე.

4. რუსთაველი გამზირზე მდებარე მაკდონალდსის რესტორანი.

5. სამაუწყებლო კომპანია” მზი”-ს შენობა.

6. კომპანიამ შეაკეთა ,,ბრითიშ პეტროლიუმი”-ს რამოდენიმე შენობა.

კომპანიის ახალი პროექტებია:

1. სპორტულ-საცხოვრებელი კომპლექსი “ოლიმპიური ვარსკვლავი” თბილისის ცენტრალურ უბანში-საბურთალოზე.

2. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი “ ორთაჭალის ვარსკვლავი.”

3. 4 სართულიანი კომერციული ცენტრი “მუხიანის ვარსკვლავი” მეტრო- სადგურ “ახმეტელთან”.

4. საცხოვრებელი კომპლექსი “ ბაკურიანის ვარსკვლავი” მთიან საკურორტო ზონაში-ბაკურიანში.

5. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი სააკაძის მოედანზე, თბილისის მერიის წინ.

6. ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი ავლაბარში, საიდანაც ხედი მდ. მტკვრისაკენ და ძველი თბილისისაკენ იხსნება.

7. ცნობილი ფეხბურთელის- ლევან კობიაშვილის თაოსნობით საზღვაო კურორტზე მუშავდება გონიოს პროექტი.

8. მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ორთაჭალაში.

9. ელიტური საცხოვრებელი კომპლექსი ბაგებში.

10. დიდი დიღმის საცხოვრებელი კომპლექსი.

,,ოლიმპიურმა ვარსკვლავმა” მშენებლობის, არქიტექტურის და დიზაინის ახალი ტექნოლოგიების ასიმილირება მოახდინა. კომპანია აქტიურად მონაწილეობს მნიშვნელოვან არქიტექტურულ და სამშენებლო კონფერენციებში. მიმდინარე წელს კომპანიის პრეზიდენტი მიწვეულია ბარსელონაში არქიტექტურულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

,,ოლიმპიურმა ვარსკვლავმა” პირველმა დაამკვიდრა სადაზღვევო და სამშენებლო რისკები. განვითარების სტადიაში მყოფი კომპანია ამუშავებს ახალ პროექტებს მთიანი და საზღვაო კურორტებისათვის“.

აი, ასეთი კარგი იყო ზვიადაურიც და „ოლიმპიური ვარსკვლავიც“ მაშინ, ახლა კი – ივანიშვილთან წახვედი? – ჯარიმა!