საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის საშუალებას მისცემდა, შესაძლოა, ჩავარდეს. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ვერ ამბობენ, ათწლიანი ცენზის პრობლემა როგორ შეიძლება მოგვარდეს.
რამდენიმე დღის წინ, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩამოყალიბდა იმ ფორმით, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქე, რომელიც საქართველოშია დაბადებული, არჩევნებში მონაწილეობის მიღებას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ხელისუფლების მხრიდან პირდაპირ გაკეთდა განცხადება, რომ კონსტიტუციაში ცვლილება კონკრეტულად ივანიშვილისთვის შედიოდა. ასეთი განცხადება პლენარულ სხდომაზე რამდენჯერმე გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა, რომელიც ამავე დროს ამ საკონსტიტუციო ცვლილების საზოგადოებრივი განხილვის კომისიის თავმჯდომარეც იყო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ივანიშვილისთვის პირველი მოსმენით მიღებული ცვლილება მას მაინც არ შეეხება, რადგან ბოლო ათი წელი საქართველოში არ უცხოვრია. არადა, ცვლილების მიღებისას ინიციატორები ჟურნალისტებთან ამტკიცებდნენ, რომ ივანიშვილი ამ ცენზს აკმაყოფილებდა. სწორედ ამიტომ ოპოზიციის გარკვეულ ნაწილში არც იმას გამორიცხავენ, რომ ხელისუფლება ათწლიანი ცენზის გამოყენებას ივანიშვილის საწინააღმდეგ სულ სხვა მიმართულებით გეგმავდა. როგორც საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წარმომადგენელი გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, "წარმოუდგენელია, ხელისუფლებას არ სცოდნოდა ივანიშვილი ამ ათწლიან ცენზს რომ ვერ აკმაყოფილებს და, რადგან დასავლეთის მხრიდან ხელისუფლებაზე იყო წნეხი, რათა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცეს, მათ ასეთი რამ მოიფიქრეს, რომ დაეწესებინათ ეს ათწლიანი ცენზი იმ იმედით, რომ ივანიშვილი ამით ისარგებლებდა და შემდეგ არჩევნების წინ "იპოვიდა" ხელისუფლება, რომ მას ბოლო ათი წელი საქართველოში არ უცხოვრია და ამას გამოიყენებდნენ როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკისთვის." რამდენად საფუძვლიანია ეს ვერსია, ძნელი სათქმელია, რადგან, ცხადია, ახლა ამას ხელისუფლება არ აღიარებს. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ეს უკავშირდება თავად საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელების ფაქტს. თუკი ხელისუფლებას ცალსახად სურს, რომ ცვლილება მოერგოს ივანიშვილს, მაშინ ათის ნაცვლად 7 წლიანი ცენზი უნდა დაწესდეს და, თითქოს, გამოსავალი ძალიან მარტივია. მაგრამ ხელისუფლების მხრიდან ამ ბოლო დღეების განმავლობაში არ გაკეთებულა კონკრეტული განცხადება, რომ ისინი ამ პრობლემას ამ მეთოდით მოაგვარებენ. "ჩვენ ნათლად განვაცხადეთ გუშინ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეს. ყველანაირი მონაცემებით, ეს ადამიანი უკვე 10 წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს, მაგრამ, რადგან ამბობს, რომ ასე არ არის და ამაში გულისხმობს იმას, რომ საქართველოდან გადის ხოლმე, ასე თვეში ერთხელ მეც მიწევს ქვეყნის დატოვება. თუ ეს არის პრობლემა, ეს პრობლემაც მოგვარდება," - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მიხეილ მაჭავარიანმა და დასძინა, რომ "ამ საკითხის ახალ თემად ქცევა შეუძლებელი იქნება". თუმცა, უმრავლესობა ჯერჯერობით ვერაფერს ამბობს იმაზე, თუ რა ფორმულირება ჩაიწერება კანონში. "კონსულტაციები გაიმართება და ვნახავთ. "ქრისტიან-დემოკრატების" ფორმულირება დარჩება, თუ სხვა ჩანაწერი გაჩნდება საკონსტიტუციო ცვლილებებში, ამას მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ ბიძინა ივანიშვილს ექნება უფლება, მიიღოს მონაწილეობა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში," - აღნიშნა მიხეილ მაჭავარიანმა. ასეთივე კომენტარები კეთდება უმრავლესობის სხვა წარმომადგენელთა მხრიდანაც. იმის გამო, რომ კონკრეტული იდეა არ თქმულა, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა, უკვე გაჩნდა საერთოდ ამ პროექტის ჩავარდნის მოლოდინი. ამაზე ხმამაღლა ჯერჯერობით განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ პირად საუბრებში ამბობენ, რომ ამ პროექტმა აზრი დაკარგა. ეს პრობლემა როგორ მოგვარდება, უახლოეს დღეებში გამოჩნდება. მაგრამ საინტერესო ახლა ის არის, ივანიშვილი არჩევნებში მონაწილეობისთვის რა გზას მიმართავს. აქამდე "ქართული ოცნების" მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა, რომ ისინი კონსტიტუციის შეცვლას მხარს არ უჭერენ, მაგრამ განხორციელების შემთხვევაში ივანიშვილი ამ უფლებას გამოიყენებდა და არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა. "ქართული ოცნების" პრესსპიკერი ამბობს, რომ მათი გეგმა არ შეცვლილა. თუმცა, უმრავლესობის მსგავსად, კონკრეტულ გეგმებსა თუ მეთოდებზე საუბარი არც მათ სურთ. "ჩვენ ამ ცვლილებას ისედაც არ ვიწონებდით, რადგან მიგვაჩნია, რომ სააკაშვილის შეცდომის გამოსწორება კონსტიტუციის შეცვლით არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ უბრალოდ ის ვთქვით, რომ, თუკი ეს საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდებოდა და იქნებოდა კანონი, ჩვენ ამ კანონს დავემორჩილებოდით და გამოვიყენებდით. მაგრამ, თუკი ეს ცვლილება არ მოხდება, ეს ჩვენთვის არაფერს არ ცვლის. ისედაც გვქონდა ჩვენი გეგმა და სულ არ ველოდით ამ საკონსტიტუციო ცვლილებას. აქედან გამომდინარე, ამ ამბავს ძალიან წყნარად ვუყურებთ," - ამბობს მაია ფანჯიკიძე. |