"საქართველო არასდროს დამვიწყებია. სადაც უნდა ვიყო, ვცდილობ, ჩემს ქვეყანას გამოვადგე" - ინტერვიუს დასაწყისშივე გვითხრა რუსეთში მოქმედი ორგანიზაცია "ქართველთა კავშირის" პრეზიდენტმა მიხეილ ხუბუტიამ.
- როდესაც ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ვთქვი, ეს ადამიანი ღმერთმა გამოგვიგზავნა- მეთქი, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს... ამ ხელისუფლებამ ბევრი საქმე გააკეთა, თუმცა შეცდომებიც უამრავი ჰქონდა. თუნდაც ის, რომ ავანტიურას წამოეგო და ე.წ. სამხრეთ ოსეთში შევიდა. გარდა ამისა, რუსეთი უდიდესი იმპერიაა და მასთან ასეთი ტონით ლაპარაკი არ შეიძლება. მოკლედ, ამ ყველაფერში ბევრი ეშმაკობაა ჩამალული. რუსეთი და ამერიკა ერთმანეთში მოლაპარაკებებს აწარმოებენ და რუსულ- ამერიკულ საქმეში საქართველო "პეშკაა". - ამბობთ, ხელისუფლებამ ბევრი საქმე გააკეთაო, რას გულისხმობთ? - თუნდაც იმას, რომ საქართველოში კორუფცია მინიმუმამდე შემცირდა. ამ ნათქვამის გამო შეიძლება ბევრი შემომედავოს, მაგრამ ქართულ გაზეთებსა და ინტერნეტგვერდებს სისტემატურად ვეცნობი და ვიცი, რაც ხდება ჩემს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება რომ ამბობს, კორუფცია აღმოვფხვერითო, იტყუება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ საქართველოში კორუფცია შემცირებულია. ყველა ქვეყნის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება... - რუსეთში რას ფიქრობენ ივანიშვილზე? - აზრთა სხვადასხვაობაა... ცუდია, რომ ქართულ ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა. "ქართული ოცნება" რომ ამბობს, ხელისუფლებაში თუ მოვალთ, აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენას გამოვნახავთო, მხოლოდ ეს მომეწონა მათ პროგრამაში. სხვა საინტერესო ვერაფერი დავინახე. ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედია და სჯობს ისეთი საქმე აკეთოს, რაც ქართველ ხალხს წაადგება - ააგოს ფაბრიკა- ქარხნები და ა.შ. - მიხეილ სააკაშვილი თქვენს კუთხეში, სამეგრელოში, ქალაქ ლაზიკის აშენებას აპირებს... - საქართველოს ახალგაზრდა მენეჯერი, აგრეთვე, ახალგაზრდა მენეჯერთა გუნდი მართავს და დარწმუნებული ვარ, ლაზიკას ააშენებენ, უბრალოდ, არ მომწონს, რომ საქართველო სინგაპურის გზით მიდის. სინგაპურელები მომსახურე ხალხია და არ მინდა, საქართველოში ქართველი ხალხი მონად იქცეს, რადგან ქართველები სხვა შესაძლებლობების მქონე ხალხი ვართ. ასევე დიდი პრეტენზია მაქვს განათლების სისტემაზე. საქართველოში უამრავი ახლობელი მყავს და ვიცი, ამ სფეროში რაც ხდება. მე- 10 კლასელმა მოზარდმა ნიუტონის მეორე კანონი რომ არ იცის, ტრაგედიაა. როდესაც ბავშვმა ასეთი ელემენტარული რამ არ იცის, მისგან რა მეცნიერი ან მკვლევარი დადგება? - ორგანიზაცია "ქართველთა კავშირიდან" წამოხვედით, შემდეგ ისევ დაბრუნდით, რატომ? - 5 წლის განმავლობაში ვიყავი ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი და გადავიღალე. ამ პერიოდში უამრავი რამ გავაკეთე, საკუთარი ჯიბიდან 17 მილიონ დოლარამდე დავხარჯე და ბევრი ქართველი ახალგაზრდა გზაზე დავაყენე. მივხედე რუსეთში არსებულ ქართულ საბავშვო ბაღებსა თუ სკოლებს, ქართულ ფოლკლორს, საქართველოს საელჩოს რუსეთში. არადა, მანამდე საქართველოს საელჩოში შესვლა მრცხვენოდა. რაც მთავარია, მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში, უწმინდესის ძალისხმევით, ბევრი რამ გავაკეთეთ. ამჯერად მოლაპარაკებას ვაწარმოებ პუტინთან და მოსკოვის მერთან, იქნებ ეკლესიის ახლოს მდებარე ტექნიკუმის შენობა დაგვითმონ სამონასტრო კომპლექსისთვის... თანამდებობაზე დაბრუნება კი ისეთმა ადამიანებმა მთხოვეს, უარი ვერ ვუთხარი. სხვათა შორის, არა პოლიტიკოსებმა... - რუსეთში საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაა... - პუტინი შეუდგება მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას, რაც თავის დროზე მედვედევმა ვერ ან არ გააკეთა. როგორც ჩანს, პუტინს ისტორიაში გმირად სურს შესვლა. ექსკლუზიურად გეტყვით, რამდენიმე დღეში პუტინი სოჭში ჩასვლას და საზღვრის მონახულებას აპირებს. ამ შეხვედრაზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტიც იქნება... ისე, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პუტინი და სააკაშვილი ერთმანეთს შეხვდნენ... - საქართველოში ჩამოსვლას არ გეგმავთ? - ჩემი ჩამოსვლა პრობლემა არ არის. უბრალოდ, მწყინს, რომ ჩემს ორგანიზაციას საქართველოში არ ეპატიჟებიან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რომ გამოდის და ამბობს, ხუბუტია ეფ-ეს-ბეს მუშაკიაო, რომ ვიყო რა, დასამალია? სულ ცოტა, გენერალი მაინც ვიქნებოდი (იცინის)... - ფილმ "თბილისი-მოსკოვის" პრემიერა როდის გაიმართება? - ამ ფილმის გადაღება ჩემი და პუტინის იდეა იყო. პრემიერა სულ მალე გაიმართება. |