ირკლი სესიაშვილი: ივანიშვილი საჯარო სამსახურიდან ხალხს არ გაათავისუფლებს.

ირკლი სესიაშვილი: ივანიშვილი საჯარო სამსახურიდან ხალხს არ გაათავისუფლებს.

 

"ძალიან გამიხარდა, რომ სწორედ 26 მაისის მეორე დღეს, 27 მაისს ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას, იმიტომ რომ დამოუკიდებლობის დღე ყველამ ერთად უნდა ვიზეიმოთ. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არც ერთი დასაკარგი ქართველი არ გვყავს. დღეს ვიღაც სახელმწიფო ორგანოში მუშაობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ხელისუფლების მოსვლის შემთხვევაში ამ ადამიანებს სამსახურიდან გააგდებენ, მოაცილებენ, როგორც ეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. ყველა სამსახური დეპოლიტიზებული იქნება. მათ ექნებათ საშუალება, თავიანთო ცოდნითა და გამოცდილებით, პროფესიული უნარებით ემსახურონ ქვეყანას და არა რომელიმე ხელისუფლებას ან პარტიას, ან პიროვნებას, როგორც მიხეილ სააკაშვილს ემსახურებიან. ქვეყნის დამოუკიდებლობის მეორე დღეს ჩვენ ვიკრიბებით თავისუფლებისთვის, იმისთვის, რომ თითოეული ჩვენგანი დამოუკიდებელი გახდეს და იგრძნოს, რომ დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში ცხოვრობს", - აცხადებს "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ირაკლი სესიაშვილი: ივანიშვილი საჯარო სამსახურიდან ხალხს არ გაათავისუფლებს.

"დღეს თავისუფლებას აბსოლუტურად ვერ ვგრძნობ. ახლა თელავში ვარ. ყოველდღე დავდივარ სოფლებში, ადამიანებთან მაქვს შეხვედრები. ახალგაზრდებთან ერთად მთელი თელავი შემოვიარე, გაზეთები დავარიგე, იგრძნობა, რომ ადამიანებს ეშინიათ, ამ რეჟიმის ეშინიათ. რეჟიმში ვგულისხმობ შექმნილ სიტუაციას. ადამიანებს აკრძალული აქვთ ხმამაღლა საკუთარი პოზიციის გამოთქმა, აკრძალული აქვთ ღიად სიხარულის, მხარდაჭერის გამოხატვა. როცა ხედავენ, რომ ადამიანებს უსამართლოდ იჭერენ, ციხეში აწამებენ, როცა ნათელია, რომ სასამართლო ასრულებს ხელისუფლების დაკვეთებს, კუდ-ი, სოდ-ი პოლიტიკური ნიშნით უსწორდებიან ყველას - ამას რომ ხედავენ, ეშინიათ. დღეს სააკაშვილმა ქვეყანა ციხედ გადააქცია. შეიძლება ყველანი ციხეში არ ვსხედვართ, მაგრამ ციხეში ჯდომის განცდა გვაქვს. ჩვენ 27 მაისს ამ გისოსებს დავამსხვრევთ ჩვენი ერთად დგომით, ჩვენი გაღიმებული სახეებით. ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ. ამას გეუბნებით მე, რომელიც დღე და ღამე რაიონში ვარ, დავდივარ ყოველდღე სოფლებში, ადამიანებს ვხვდები - თითქმის ყველა ჩვენი მხარდამჭერია", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.

"თელავში რომ ჩამოვიდა სააკაშვილი, სოფლებიდან ავტობუსით ჩამოიყვანეს სკოლის მასწავლებლები და მე-12 კლასის მოსწავლეები. როგორც ჩანს, დაავიწყდათ ინსტრუქციის მიცემა, რომ ყველას მიშა-მიშა უნდა ეყვირა. იმის გამო, რომ არ იყო ოვაციები, საკმარისი ხალხი, სააკაშვილი გაუნაწყენდა - უფრო მეტიც, პასუხი მოსთხოვა ადგილობრივ ხელმძღვანელობას, მათ შორის მაჟორიტარ დეპუტატს. ფიზიკური შეხლა-შემოხლაც იყო. პრობლემა რეგიონებში ის არის, რომ ადამიანები ინფორმაციულ ვაკუუმში არიან და მხოლოდ ერთ მხარეს ხედავენ. რეგიონებში ადამიანებს მინიმალური ხელფასი აქვთ, 120, 150, 200, მაქსიმუმ 300 ლარი. ეშინიათ, რომ სამსახურს დაკარგავენ. სანათესავოში თუნდაც ერთი ადამიანი რომ ჰყავდეთ, ვისაც 200 ლარი აქვს, პასუხისმგებლობას გრძნობენ ამ ადამიანის წინაშე. მათ რომ გამოხატონ საკუთარი პოზიცია, მეორე დღესვე ვიღაც მიადგება და პასუხს მოსთხოვს. ადამიანები ფრთხილობენ, საკუთარი ოჯახის წევრს თუ ახლობელს უფრთხილდებიან. სიტყვა "ეშინიათ" ლექსიკონიდან უნდა ამოვიღოთ. ერთ-ერთმა აქაურმა მითხრა - კი არ გვეშინია, ვფრთხილობთო, დრო მოვა, იქით გაგვიფრთხილდნენო", - განაგრძობს რესპონდენტი.

"თელავის ღირსეული, პატივსაცემი ადამიანები იყვნენ მოსული. ჩვენი პარტიის ახალი წევრები, ადამიანები, რომლებიც მართლაც თავისი სახელით გამოირჩევიან. ხალხს გაუხარდა მათი მოსვლა, რადგან დაინახეს ადამიანები, რომლებმაც გაბედეს და ამ მოფრთხილებას გადააბიჯეს. ჩვენს ოფისში ხალხის ნაკადი არ წყდება. ერთ საათში სამი ათასი გაზეთი დავარიგეთ. ინფორმაციაზე მოთხოვნა ძალიან დიდია. ავტოსადგურში ვარიგებდით, საიდანაც სოფლებში გადის ავტობუსები. ადამიანები თავიანთი მეზობლებისთვისაც გვთხოვდნენ გაზეთებს. როგორც კი გამოვჩნდებით და უშუალო კონტაქტზე გავდივართ, ხალხს უხარია", - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

"ადამიანები ისეთი გაღატაკებული, უმუშევარი არიან, კატასტროფული გადასახადები აქვთ, ხელფასები გადასახადებში არ ყოფნით. მიწის ხარჯზე გააქვთ თავი. ეს ადამიანები ამ ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილს იმიტომ ჰყავს გაღატაკებული, იმიტომ ჰყავს უმუშევრად, რომ მასზე იყვნენ დამოკიდებული. სპეციალურად არ ხსნის სამუშაო ადგილებს. პირიქით - რაც სამუშაო ადგილებია, იმასაც ანადგურებს, რომ დაჭერილი ჰყავდეს. მოქალაქეებს იმედი ჰქონდათ, ერთ კრიზისს გადავივლითო, მეორესაცო, მაგრამ ამას მოჰყვა მესამე და სხვა მრავალი. ადამიანები დღეს, როგორც არასდროს, დარწმუნებული არიან, რომ ეს ხელისუფლება არაფრის გამკეთებელია, გარდა იმისა, რომ ქვეყანა გაძარცვოს. სააკაშვილი დღეს ამ ხალხს ოქროს მთებს რომ დაჰპირდეს, არავინ დაიჯერებს. ერთადერთი, ახლა საჭიროა, რომ ამ ადამიანებმა ალტერნატიული ხელისუფლება დაინახონ. ჩვენ 27 მაისიდან ახალი ხელისუფლება ვიქნებით, რომელიც ამ ხალხს გვერდით დაუდგება", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "როგორ, არჩევნების გარეშე?" - პასუხობს:

"ხელისუფლებაში ვგულისხმობ, რომ რაიონებში, რეგიონებში დავიწყებთ იმას, რასაც ხელისუფლება უნდა აკეთებდეს. არჩევნებამდე ჩვენ შევქმნით იმ ფონს და იმ მოცემულობას, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით სოფლებში, რაიონულ ცენტრებში, ქალაქებში შექმნილი ვითარების სრული ანალიზი გვქონდეს. დეტალურად გვექნება ინფორმაცია და შესაბამისად, გვეცოდინება სად რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად".