"53-ე სკოლიდან გარიცხულმა მიხეილ ალექსიძემ სასამართლო დავის გაგრძელებაზე უარი თქვა. გუშინ თბილისის სასამართლოში გამართულ პროცესზე საქმე შეწყდა. დედის განმარტებით, მისი და მისი შვილის პოზიცია იგივე რჩება, თუმცა სარჩელზე უარი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თქვეს. საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განცხადება სასამართლომაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ "მოსარჩელე მიხეილ ალექსიძემ და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ლალი ლეკიშვილმა უარი განაცხადეს სასამართლო დავის გაგრძელებაზე მოპასუხეების - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისია 53-ე საჯარო სკოლის, ამავე სკოლის დისციპლინური კომიტეტისა და სამეურვეო საბჭოს მიმართ". ალექსიძეებმა საქალაქო სასამართლოში მეთერთმეტე კლასელი მოსწავლის 53-ე სკოლიდან გარიცხვა შვიდი თვის წინ გაასაჩივრეს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით სასამართლომდე 5 წუთით ადრე მითხრა, რომ სარჩელზე უარის თქმას აპირებდა" / სკოლიდან გარიცხულმა მოსწავლემ, რომელსაც პრეზიდენტმა ხულიგანი უწოდა, სკოლის დირექციასთან სასამართლო დავა შეწყვიტა.
"სამწუხაროდ, ეს უთანასწორო ბრძოლა შვიდ თვეს გრძელდებოდა. ბავშვმა ამდენი მატყუარა ნახა. ცრუმოწმეებს, დირექტორს ყველას ნიღაბი ჩამოეხსნა და ეს ყველაფერი მისთვის დამთრგუნველი და ამაზრზენი იყო. ის ყოველი პროცესის შემდეგ ძალიან აღელვებული იყო. შვიდ თვეს გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებოდა. გადაწყვეტილებას არ ვცვლი, ნამდვილად ბოლომდე ვაპირებდი ბრძოლას. მსურდა სასამართლოს გზით დირექტორის უსამართლო ბრძანება გაბათილებულიყო, მაგრამ ვინაიდან ბავშვმა ასე გადაწყვიტა, წინააღმდეგობა არ გავუწიე ისევ მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. მას მიაჩნია, რომ დამნაშავე არ არის, მაგრამ აღარ აინტერესებს სასამართლოს გადაწყვეტილება. მეც სასამართლომდე ხუთი წუთით ადრე მითხრა, რომ სარჩელზე უარის თქმას აპირებდა", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ ალექსიძის დედა ლალი ლეკიშვილი. "ოფიციალური ვერსიით, მიხელ ალექსიძე სკოლიდან საკუთარი კლასელის გამოსარჩლებისა და დირექტორისთვის შეურაცხყოფის მიყენების გამო გარიცხეს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მას ჩარიცხვა სხვადასხვა სკოლამ შესთავაზა, თუმცა მოზარდის დედა ამბობს, რომ ეს სიცრუეა და სამინისტროსგან ის პასუხს დღემდე ელოდება", - აღნიშნავს გამოცემა. "ხუთი თვის განმავლობაში არანაირი, არც ოფიციალური და არც არაოფიციალური პასუხი არ მიგვიღია. მხოლოდ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, 2 მარტს გავიგეთ, რომ ბავშვი თურმე ორი თვეა ჩარიცხულია 77-ე სკოლაში და არ დადიოდა. ეს იყო სრული სიცრუე განათლების სამინისტროს მხრიდან. შემიძლია 5 მარტის წერილი გაჩვენოთ განათლების სამინისტროსადმი, სადაც ვკითხულობ, რომელ სკოლაში აღადგინეს ჩვენი შვილი, მაგრამ პასუხი არ მაქვს. ბავშვი მკურნალობს სამედიცინო დაწესებულებაში და არის ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების დაკვირვების ქვეშ. იღებს მედიკამენტებს. ამიტომ ჯანმრთელობა არანაირად არ უწყობს ხელს, რომ სკოლაში იაროს. დაღლილია ამ უზნეობისა და უსამართლობისგან", - დასძენს ლალი ლეკიშვილი. "სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, თუკი მოსარჩელე უარს ამბობს სარჩელზე, ამით საქმის წარმოება პრაქტიკულად წყდება, ანუ ამ ეტაპზე მოსწავლე ითვლება სკოლიდან გარიცხულად. მაგრამ ეს არ ართმევს საშუალებას, მოითხოვოს სხვა სკოლაში სწავლის გაგრძელების უფლება. იმედი გვაქვს, მიმართავს სკოლებს და მომავალში, ალბათ, ექნება რომელიმე სკოლაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა", - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მიხეილ ალექსიძის ადვოკატი მაია დემეტრაძე. |