"მოხარული ვიქნებით, თუ ხელისუფლება მისცემს საშუალება ჟურნალისტებს თავიანთი საქმე განახორციელონ" - ლუის ნავარო

 

რეგიონულ ჟურნალისტებზე ძალადობის 30 შემთხვევა 2 თვეში - "მოხარული ვიქნებით, თუ ხელისუფლება მისცემს საშუალება ჟურნალისტებს თავიანთი საქმე განახორციელონ" - ლუის ნავარო

"საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციისა და კოალიცია "არჩევანის თავისუფლებისთვის" ორგანიზებით, "თბილისი მარიოტში" გუშინ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს რეგიონული მედიის პრობლემები გააცნეს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ბოლო 2 თვის განმავლობაში განხორციელებული ზეწოლის ფაქტები და ამის ამსახველი ვიდეკოლაჟი. შეხვედრას "აირექსის" მედიაპროგრამის ხელმძღვანელი მეთ შელი და საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ოფისის ხელმძღვანელი ლუის ნავარო ესწრებოდნენ. მეთ შელის განცხადებით, ის რაც რეგიონულ მედიაში ხდება ძალიან საშიში და აღმაშფოთებელია", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით ჟურნალისტებზე ძალადობის 30 შემთხვევა 2 თვეში.

"რეგიონული მედიიის ასოციაციის ხელმძღვანელ ია მამალაძის განმარტებით, საუბარია არა მხოლოდ ინფორმაციის ხელმიუწვდომლობაზე, აპარატურის წართმევასა და მოპოვებული ინფორმაციის ხელყოფაზე, არამედ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე - ჟურნალისტის მუშაობა რეგიონებში აღარ მოიცავს მხოლოდ ინფორმაციის თავისუფლების პრობლემებს, არამედ ეს სიცოცხლისთვის საშიში ხდება. მამალაძის თქმით, ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება რეგიონებში პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების შეხვედრების გაშუქებისას. ხოლო თავად შეხვედრაზე მისული ჟურნალისტების განცხადებით, ხშირად იქმნება სიტუაცია, როდესაც გარკვეული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ცალკეული მედიის წარმომადგენლებისთვის, ისინი კი ფიზიკური ანგარიშსწორების ობიექტები ხდებიან", - აღნიშნავს გამოცემა.

"ძალიან მძიმე და შემაწუხებელია, როდესაც ისმენ ჟურნალისტებისგან, თუ როგორ ირღვევა მათი უფლებები და როგორც მოხდა მათზე ზეწოლა. მიმაჩნია, რომ ის რაც ხდება, ძალიან საშიშია ჟურნალისტის პროფესიისთვის. ძალიან ცუდია, რომ ამ პრობლემებზე სასაუბროდ დღეს აქ ხელისუფლების წარმომადგენელთაგან არავინ არ მოვიდა - ვფიქრობ, იმიტომ არ მოვიდნენ, რომ არ შეუძლიათ ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია რაღაცების გაკეთება ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ჟურნალისტებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ მძიმე გარემოში და პირობებში მარტო არ არიან და ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ", - აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაცია "აირექსის" მედიაპროგრამის ხელმძღვანელი მეთ შელი. რომლის თქმითაც, რეგიონული მედიის პრობლემების მოსაგვარებლად "აირექსი" საკანონმდებლო ინციატივების შემუშავებას შეუწყობს ხელს და ამისთვის მედია ექსპერტების ჩამოყვანას უზრუნველყოფს", - დასძენს გამოცემა.

"ჩვენ სწორედ ამიტომ ვიმყოფებით აქ, რომ მოვისმინოთ ის თემები, რაზეც იყო შეხვედრაზე საუბარი. "ენდიაი" ძალიან აქტიურად მუშაობს რეგიონულ მედიასტან. ჩვენ გვაქვს პროექტი, რომელსაც ეწოდება პარლამენტის კომუნიკაციების ცენტრი, სადაც აქტიურად ვთანამშრომლობთ რეგიონულ ტელევიზიებთან. დაინტერესებული ვართ ყველა იმ საკითხით, რომელიც დღეს აქ გაჟღერდა. სწორედ ამიტომ ვიმყოფებით შეხვედრაზე, რომ მოვისმინოთ რეგიონული მედიის პრობლემები. შეხვედრაზე მოსმენილი ინფორმაციის შეფასებებს ვერ გავაკეთებთ, ჩვენ შეფასებების გასაკეთებლად არ მოვსულვართ, მოვედით იმიტომ, რომ რეალური ინფორმაცია მივიღოთ. რაც შეეხება გამოსავალს, ძალიან მოხარული ვიქნებით, თუ ხელისუფლება მისცემს საშუალება ჟურნალისტებს, რომ თავიანთი პასუხისმგებლობები და თავიანთი საქმე განახორციელონ", - განაცხადა ლუის ნავარომ. მისივე განმარტებით, "ენდიაის" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლები ეყოლება, რომლებიც ასევე მონიტორინგს გაუწევენ მედიის მუშაობას და მდგომარეობას", - წერს სტატიის ავტორი.

"შეხვედრაზე განიხილეს ბოლო 2 თვის განმავლობაში რეგიონულ ჟურნალისტებზე მომხდარი ზეწოლის ყველა ფაქტი. ძირითად შემთხვევებში თავად ჟურნალისტებმა ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ ხდებოდა მათზე ზეწოლა და შეურაცხყოფა. ბოლო ორ თვეში ჟურნალისტების შეურაცხყოფის და ფიზიკური ანგარიშსწორების 30-მდე ფაქტი დაფიქსირდა. რეგიონული ჟურნალისტების თქმით, ძალადობის არც ერთ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა. მედია იურისტი თამარ კორძაია "რეზონანსთან" საუბრისას კი აცხადებს, რომ ვიდრე პროკურატურა ყველა ფაქტზე ობიექტურ გამოძიებას არ ჩაატარებს და დამნაშავე პირები არ დაისჯებიან, მანამდე ჟურნალისტების შეურაცხყოფა და ძალადობის ფაქტები გაგრძელდება", - დასძენს სტატიის ავტორი