"სახალხო კრებამ'', ბიძინა ივანიშვილის კოალიციის სასარგებლოდ, დაგეგმილი შეკრების გამართვა გადაიფიქრა და 26 მაისი "ქართულ ოცნებას'' დაუთმო. საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ბიძინა ივანიშვილი მხარდამჭერებს ოცნებების ასახდენად არა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, არამედ 27 მაისს, თავისუფლების მოედანზე ელოდება. რატომ შეიკრიბა 10 მაისს სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭო და რა გადაწყვეტილება მიიღეს 26 მაისთან დაკავშირებით, "ვერსიასთან'' მოძრაობა "თეთრების'' ლიდერი თემურ შაშიაშვილი საუბრობს:
- სახალხო კრების აღმსარულებელი საბჭოს შეხვედრაზე ჩვენი პოზიცია კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებითაც ჩამოვყალიბდით: ჩვენ არ ვაპირებთ ოპოზიციაში დაპირისპირების გაღვივებას, პირიქით, ერთიანობის მომხრენი ვართ, ამასთან, ერთგული ვრჩებით პრინციპისა - ბრძოლა საბოლოო გამარჯვებამდე. ბუნებრივია, ვისაუბრეთ 26 მაისზეც, რომელიც ქართველების ერთიანობის სიმბოლოდ უნდა იქცეს. - და საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებამდე მიხვედით, სახალხო კრების წევრები 26 მაისს ფილარმონიაში შეიკრიბებით თუ არა? - მოგეხსენებათ, თავდაპირველად, 26 მაისთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიების გამართვას ვგეგმავდით, თუმცა კოალიცია "ქართული ოცნების'' განცხადების შემდეგ, შეკრებებზე უარი ვთქვით. ამიტომ გადაწყდა, რომ 26 მაისს ტაძარში პარაკლისს გადავიხდით. ჩვენი ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ ვამტკიცებთ, რომ ოპოზიციურ ძალებს არ ვუპირისპირდებით, რადგან სხვადასხვა ფრონტზე ბრძოლით საზოგადოებაში გავამყარებთ აზრს - პოლიტიკოსები ერთმანეთთან საუბარს ვერ ახერხებენ და საქართველოს გაერთიანებას როგორ შეძლებენო. - თუმცა, უკვე ცნობილია, რომ "ქართული ოცნება'' აქციას 27 მაისს გამართავს, რაც თქვენი თავდაპირველი გეგმებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი აღარ იქნება. - ჩვენ რომ თავიდანვე გვცოდნოდა, "ქართული ოცნება'' 26 მაისს აქციას აღარ გამართავდა, განსხვავებულ გადაწყვეტილებას მივიღებდით. ყოველდღიურად კი მოსაზრებებს ნამდვილად ვერ შევიცვლით. აღსანიშნავია, რომ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ შეკრებაზე სიტყვით სახალხო კრების ლიდერი ნონა გაფინდაშვილი, ასევე ცნობილი მეცნიერები უნდა გამოსულიყვნენ, რომელთა ბეჭებზეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. ტრიბუნასთან პოლიტიკოსების ასვლა კი, არ იგეგმებოდა. როგორც ჩანს, თავად "ქართული ოცნება'' თავიდანვე ჩამოყალიბებული არ იყო. გახსოვთ, ალბათ, ხან ერთ სტადიონზე გეგმავდნენ შეკრებას, ხანაც მეორეზე, საბოლოოდ კი, სტადიონი გადაიფიქრეს და თავისუფლების მოედანზე აქციის გამართვა გადაწყვიტეს. კი ბატონო, ჩვენ კარს არავის ვუნგრევთ და არც არავის ვეჭიდებით, უბრალოდ, ყველა პოლიტიკური ძალისაგან ვითხოვთ იმის გაანალიზებას, რომ დღეს საქართველოს სჭირდება არა პოლიტიკური, არამედ ხალხის განწყობის გამომხატველი ერთიანობა. ამის შესაძლებლობა ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად აქვს და არა მის პოლიტიკურ კოალიცია "ქართულ ოცნებას''. სხვათა შორის, რაც უფრო იძირება ბიძინა ივანიშვილი პარტიულ ცხოვრებაში, საზოგადოების კეთილგანწყობას თანდათანობით კარგავს. ჩვენ მისი მეგობრები ვართ, ამიტომაც ვეუბნებით მას - ბატონო ბიძინა, უმჯობესია, ქართველი ხალხის განწყობის გამომხატველი ლიდერი გახდეთ და არა რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელი. - ბიძინა ივანიშვილს კვლავ პოლიტიკური ერთიანობისკენ მოუწოდებთ. 26 მაისს დაგეგმილ პარაკლისზე "ქართული ოცნების'' სოლიდარობის მოლოდინი გაქვთ? - ბუნებრივია, ტაძარში მოსასვლელად მოსაწვევს ვერავის გავუგზავნით, თუმცა, იმედი მაქვს, მიუხედავად პირადი შეხედულებებისა, ხელისუფლების მიერ ძალადობით შეურაცხყოფილ და დახოცილ პიროვნებათა პატივსაცემ პარაკლისზე, დიახ, სოლიდარულები ვიქნებით. ბოლო პერიოდში ხელისუფლება ისეთ განცხადებებს აკეთებს, ოპოზიციური ძალები დაქსაქსულები რომ არ ვიყოთ, უკვე რამდენჯერმე უნდა აგვეტეხა განგაში, ამიტომ 26 მაისს ტაძარში გაერთიანება მთელი საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გზავნილი იქნებოდა. მიუხედავად იმისა, ვინ მოსწონს ბიძინა ივანიშვილს სახალხო კრებაში და ვინ არა, მას ნონა გაფრინდაშვილთან მუდმივი კონტაქტი უნდა შეენარჩუნებინა. სხვათა შორის, ბოლო დროს ნონა გაფრინდაშვილს ვატყობ, რომ საკმაოდ გულდაწყვეტილია, არადა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ, მან მეც და ქალბატონ ნინო ბურჯანაძესაც მოგვიწოდა - დღეს ზედმეტი საუბრების დრო არ არის, ჩვენ ერთიანობა გვჭირდება და ამ აზრს ბიძინა ივანიშვილიც იზიარებსო. იგივე განწყობა ჰქონდა რეზო ესაძესაც. იცით, არავის ეგონოს, რომ ჩვენ პოლიტიკურ ერთიანობას ვითხოვთ. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში არიან პოლიტიკოსები, რომლებთან თანამშრომლობაც შემიძლია, მაგრამ მათთან პოლიტიკურ ალიანსში არასოდეს გავერთიანდები. ქუდიც რომ შემიგდონ, კოალიცია "ქართულ ოცნებაში'' არ შევალ, მაგრამ ოპოზიციის დაქსაქსულობით, დღეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა ხეირობს. შესაბამისად, დღევანდელი მოცემულობის მიხედვით, აუცილებელია პოლიტიკური პროცესებისა და ხალხის აქტივობის სინთეზი. ქუჩა აქვს ხალხს, პოლიტიკურ პროცესებს კი, დარბაზები. - 27 მაისის აქციამ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერების რაოდენობა და კოალიციის რეიტინგი უნდა განსაზღვროს. ფიქრობთ, რომ აღნიშნული აქციით კოალიცია მოლოდინს გაამართლებს? - ქუჩა, რა თქმა უნდა, დემოკრატიის აუცილებელი ატრიბუტია, თანაც ბრძოლაში მხოლოდ ის პოლიტიკური ძალა იმარჯვებს, რომელიც პოლიტიკური პროცესებს ხალხის განწყობის გამომხატველი ღონისძიებებს პარალელურად წარმართავს. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად მინდა, 27 მაისს დაგეგმილი აქცია მასშტაბურად გაიმართოს, თუმცა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, 26 მაისს ბიძინა ივანიშვილი როგორ მოიქცევა. მას ნამდვილად აქვს შანსი, 26 მაისამდე გამაერთიანებელი განცხადება გააკეთოს და იგი ტაძარში პარაკლისზე მოსვლით დააგვირგვინოს. სხვათა შორის, მოვისმინე განცხადება, 27 მაისს გამოჩნდება, ვინ სად დგასო... საინტერესოა, ალიანსის საარჩევნო კამპანიის დაწყების აქციაზე მისი არაწევრი პოლიტიკური ძალა რატომ უნდა გამოჩნდეს? სიმართლე გითხრათ, ნამდვილად მსურს თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ აქციაზე მისვლა, თუმცა ამას იმ შემთხვევაში გავაკეთებ, თუ ბატონი ბიძინა 26 მაისს იტყვის, რომ ერთობა შედგება. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა 26 მაისს ტაძარში მოსვლით უნდა დაამტკიცოს, რომ ის არა პოლიტიკურ, არამედ დიდ ქართულ გაერთიანებას ქმნის. |