ქუთაისის პარლამენტში დეპუტატები ჩაფხუტებით დასხდებიან

ქუთაისის პარლამენტში დეპუტატები ჩაფხუტებით დასხდებიან

 

"ისეთი პირი უჩენს, რომ 26 მაისის საზეიმო სხდომას ქუთაისის ახალ პარლამენტში მხოლოდ ნაციონალი დეპუტატები დაესწრებიან. ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე, დიმიტრი ლორთქიფანიძე არც თავად აპირებს მშენებარე შენობაში თავის შეყოფას და არც კოლეგებს ურჩევს მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ლორთქიფანიძე გამონაკლისი არ იქნება, უკვე გარკვეულია, რომ ქუთაისში დაგეგმილ საზეიმო სხდომას სრულიად საპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა დაუდასტურეს", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ქუთაისის პარლამენტში დეპუტატები ჩაფხუტებით დასხდებიან / ოპოზიცია ჯანმრთელობას უფრთხილდება და 26 მაისის სხდომას ბოიკოტს უცხადებს.

"გიორგი ახვლედიანის განმარტებით, 26 მაისს ქუთაისში დაგეგმილი სხდომა "ნაციონალური მოძრაობისა" და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი პიარაქციაა. ამიტომ ამ სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ლორთქიფანიძე კი ბოიკოტის მიზეზად იმას ასახელებს, რომ კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით თბილისშია. გუშინდელ სხდომაზე კი დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ ჯერ ოფიციალურად დაუსრულებელ შენობაში შესვლას არც ნაციონალ დეპუტატებს ურჩევს: "სააკაშვილის მიერ წარმოთქმულ შენიშვნას უნდა გამოვეხმაურო. კერძოდ, მის მიერ გამოთქმულ პირდაპირ ეჭვს, რომ თუკი ვერ მოესწრება შენობის დასრულება, ამ შემთხვევაში ბატონ რამაზ ნიკოლაიშვილს პრობლემები შეიძლება ჰქონდეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ღმერთმა დაიფაროს ბატონი რამაზი და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეიძლება მსგავსი პასუხისმგებლობის წინაშე დადგეს და ჯანმრთელობის ფასად დაუჯდეს შეუსრულებელი პირობა", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ, რომლის თქმით, ამ პირობის შესრულება არამც თუ ეჭვის ქვეშ დგას, არამედ დარწმუნებით შეუძლია თქვას, რომ 26 მაისს პარლამენტის შენობა "ვერაფრის დიდებით ვერ მოესრება" - აღნიშნავს გამოცემა.

"აჩქარებითა სოფელი არავის მოუჭამია" - ჩვენ ამ შენობის ადგილას ერთხელ უკვე ვნახეთ, აჩქარებულმა ნაბიჯებმა რა შედეგი მოგვიტანა - როდესაც დედა-შვილის სიცოცხლე იმსხვერპლა 2009 წლის 19 დეკემბერს აფეთქებულმა ობელისკმა. ეს მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ ამფეთქებლები დააჩქარეს, რომლებიც მოსამზადებელი სამუშაოების შესასრულებლად გარკვეულ დროს კიდევ ითხოვდნენ. დღეს ბატონი პრეზიდენტი ღიად აცხადებს, რომ 26 მაისს ეს შენობა არ დასრულდება და ეს ვიღაცას ინფარქტის ფასად დაუჯდება. ჩემი განცხადება გინდათ ზრუნვად ჩათვალეთ და გინდა გაფრთხილებად - უმრავლესობა აპირებთ 26 მაისს შეხვიდეთ იმ შენობაში, რომელშიც ხარაჩოების მეტი არაფერია და საკუთარ ჯანმრთელობას აყენებთ საფრთხის ქვეშ. არსებობს ელემენტარული ნორმატივები, რომელიც უნდა შესრულდეს - თუკი მიღება-ჩაბარების აქტი არ არის შესული ძალაში და შენობის ექსპლუატაციაში გაშვების უფლება სპეციალური კომისიიის მიერ არ არის გაცემული, ასეთ შენობაში, მით უმეტეს სახელმწიფო მნიშვნელობის სხდომა ვერ ჩატარდება", - აღნიშნა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და მოუწოდა დეპუტატებს, გაითვალისწინონ კანონის ეს მოთხოვნები და ნურც საკუთარ ჯანმრთელობას ჩააყენებენ საფრთხეში და "ნურც მტერს გააცინებენ", - დასძენს გამოცემა.

"მოკლედ, არ არის გამორიცხული, რომ დეპუტატებს საზეიმო სხდომაზე მისვლა სამშენებლო ჩაფხუტებით მოუწიოთ, თავში რომ არაფერი დაეცეთ. ამაში ვიცე-სპიკერ მიხელ მაჭავარიანის პასუხიდან დარწმუნდებით, რომელიც მან დიმიტრი ლორთქიფანიძის მისამართით წარმოთქვა. მაჭავარიანმა ირონიული ტონით ისაუბრა ბოლო დროს გავრცელებული ხმების შესახებაც, რომ ქუთაისში პარლამენტის საძირკველი წყლითაა დაფარული და მშენებლობა შეფერხებულია: "მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, არც წყალი ამოსულა, არც შენობა დაძრულა. წინსწრებით მიდის სამუშაოები და სწორედ გრაფიკის მიხედვით იყო გადაწყვეტილი, რომ 26 მაისამდე პლენარული სხდომების დარბაზი უნდა დასრულებულიყო. პლენარული დარბაზის მოპირკეთება უკვე დასრულებულია და სიდიდით დაახლოებით ისეთივეა, როგორც თბილისში, დაახლოებით 60 კვადრატული მეტრით არის ნაკლები... უკვე მიმდინარეობს დეპუტატების ოთახების რაღაც ფორმირება და ვეცდები შაბათ-კვირას მოვინახულო მშენებლობა", - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა, რომლის განმარტებით "მშენებლებს აქვთ გარკვეული კითხვები, ამიტომ მან და ქალბატონმა ხათუნა გოგორიშვილმა ამ კითხვებზე პასუხი უნდა გასცენ", - წერს სტატიის ავტორი.

"მიხეილ მაჭავარიანი ირწმუნება, რომ ქუთაისში არაფერი არაორდინალური არ ხდება, რის შესახებაც ინფორმაციას პირადად მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილისგან ფლობს. თუმცა, ვიცე-სპიკერის კომენტარი, რომ დეპუტატების ოთახების "რაღაც ფორმირება" მიმდინარეობს, გვაფიქრებინებს, რომ ამ დეპუტატებს შენობაში მართლაც ჩაფზუტებით შეუშვებენ", - დასძენს სტატიის ავტორი.