"ამ კონსტიტუციურ ცვლილებებზე სერიოზული ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო კონსტიტუციასთან, რომელიც, წესით, ქვეყნის ძირითადი კანონი და სახელმწიფოს სამართლებრივი საფუძველია. ამ ცვლილებებით სააკაშვილის ხელისუფლება კონსტიტუციას ეპყრობა არა როგორც ქვეყნის ძირითად კანონს, არამედ როგორც პიარის იარაღს. მათთვის კონსტიტუციას ისეთივე დანიშნულება აქვს, როგორც საარჩევნო ბუკლეტების დარიგებასა და პლაკატების გაკვრას. აი, ამ დონეზე დაიყვანეს კონსტიტუციის როლი და მნიშვნელობა. 2004 წლის თებერვლიდან მოყოლებული კონსტიტუციას სწორედ ასე ეპყრობიან და ეს არის სააკაშვილისა და მისი გუნდის მთავარი პოლიტიკური დანაშაული. ისინი ასეთი დამოკიდებულებით სახელმწიფოს საფუძველს აცლიან. რაც შეეხება ამ ცვლილებების შინაარსს, ეს ისეთი დიდი ნონსენსია, რომ ამაზე მსჯელობა ყოვლად შეუძლებელია", - აცხადებს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე, კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერი დავით უსუფაშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ეს ცვლილებები პოლიტიკურად დაავადებული ტვინის მორიგი პროდუქტია".
"ის, რომ ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირს, ვინც უნდა იყოს ის, ენიჭება უფლება, მიიღოს ამ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობის შესაძლებლობა, არის უპრეცედენტო ნოვაცია, რომელიც სააკაშვილის "პიარშიკებმა" მოიგონეს. ასეთი რამ არსად არსებობს, რადგან ეს ეწინააღმდეგება სახელმწიფოს არსებობის აქსიომურ საფუძველს. ეს ცვლილებები თავიდანვე აბსურდი იყო, მით უმეტეს ბოლო ჩასწორება, რომლის მიხედვითაც ეს უფლება მხოლოდ სამი წლით მოქმედებს. ალბათ, გახსოვთ ნიანგის ცრემლების ღვრა პარლამენტში, როგორც "ნაციონალთა", ასევე "ქრისტიან-დემოკრატთა" მხრიდან, რომ თურმე ამ ცვლილებით იმ თანამემამულეებს აძლევდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალებას, ვინც საქართველოში დაიბადა, მაგრამ სხვა ქვეყნის მოქალაქეა, აქაოდა, მათზე ვზრუნავთო. კი მაგრამ, მარტო სამი წელი უნდა იზრუნონ და მერე აღარ?", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით უსუფაშვილი.
"ეს ცვლილებები პოლიტიკურად დაავადებული ტვინის მორიგი პროდუქტია - კოლექტიურ ტვინს ვგულისხმობ. როდესაც პოლიტიკური დაავადება ასეა ფესვგადგმული, ცხადია, ხელისუფლების წარმომადგენლები, მმართველები იწყებენ სერიოზული შეცდომების დაშვებას. დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი საზოგადოებაც და საერთაშორისო დემოკრატიული სამყაროც დაინახავს და სათანადოდ შეაფასებს აქ მიმდინარე პროცესებს. ცოტა ხნის წინ ევროპის რამდენიმე ქალაქში მქონდა მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრები როგორც ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან, აგრეთვე სხვა პოლიტიკოსებთან, ხალხთან, ვინც აქაურობას ყურადღებით აკვირდება. ხელისუფლების ეს ინიციატივა მათთვის იყო ღიმილის მომგვრელი, უკვე მათაც კარგად დაინახეს, სააკაშვილსა და მის გუნდს სახელმწიფო კი არ აინტერესებს, არამედ შეუძლიათ ამ სახელმწიფოს ტერიტორია, მისი კონსტიტუცია, მოქალაქეები ნებისმიერ რამეში გაცვალონ და დაახურდაონ, პოლიტიკური პოზიციები რომ გაიმყარონ", - განმარტავს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე.
"ქართულ ტელესივრცეში არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მაღალპროფესიული გასართობი შოუ, რომელიც ერთ-ერთ ტელეარხზე საღამოს 8 საათზე იწყება, მეორეზე - 9 საათზე, და ამას ჰქვია "მიშას შოუ". დიახ, ეს კაცი ყოველდღე დგამს შოუს. სამწუხაროა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ამით არის დაკავებული. ხან 2-3-4 წელს ითხოვს და იძახის, მაცალეთო, ხან თავის ფერფლს აყრის ჯერ აუშენებელ ქალაქს, ხან თავის ორგანოებზე ცვლის დაკარგულ ტერიტორიებს - ეს სააკაშვილის სულიერი მდგომარეობის საკმაოდ დამთრგუნველ სურათს იძლევა, აგრეთვე, გვიჩვენებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს შექმნილი ვითარება, ეს სჭირდება ქვეყანას და სჭირდება იმ ადამიანსაც, რომელსაც დღეს პრეზიდენტი ჰქვია. როდესაც თანამდებობა ამგვარ ტვირთად იქცევა ვიღაცისთვის, ყველამ რაღაც უნდა იღონოს, რომ როგორმე ამ ტვირთისგან გაათავისუფლოს", - მიიჩნევს დავით უსუფაშვილი.
"რაც შეეხება ქვეყანაში შესვლა-გასვლას, უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც მეც და ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც პატარ-პატარა პრობლემებს სულ გვიქმნიან. მაგალითად, აეროპორტში პასპორტის შემოწმებისას რიგით მოქალაქეებზე ხუთჯერ დიდხანს მაჩერებენ, როგორც ჩანს, მერაბიშვილის უწყებაში არკვევენ ხოლმე რაღაცებს. ამას წინათ მიუნხენიდან ჩამოვფრინდი და ბარგის ასაღებ დარბაზში პოლიციელები ოთხი ძაღლით დადიოდნენ, რაღაცას ეძებდნენ, ოთხივე ძაღლი მოიყვანეს ჩემს ჩანთებთან, ძაღლებმა საეჭვო ვერაფერი ნახეს, მაგრამ ბოლოს პოლიციელმა ისე უჯიკა საწყალ ცხოველს, აწკმუტუნდა, ჰოდა, მომადგა ოფიცერი, თქვენი ბარგი უნდა გავსინჯოთო, ამოატრიალეს ჩემი ჩანთები, არ ვიცი, რას ეძებდნენ. თუმცა ეს დაბრკოლებები რა მოსატანია იმ წინააღმდეგობებთან, რასაც ეს ხელისუფლება ჩვენს მოქალაქეებს უქმნის, ლამის ყოველდღიურად ემუქრებიან ჩვენს მომხრეებს, ათავისუფლებენ მათ და მათ ახლობლებს სამსახურებიდან, იჭერენ..." - დასძენს რესპონდენტი. და შეკითხვას - "კაკო ბობოხიძე თუ კობა ხაბაზი თქვენზე საუბრისას ხშირად ახსენებენ ხოლმე 1989 წლის 10 აპრილს და ამბობენ, რომ ამ დღეს შეხვედით კომუნისტურ პარტიაში", პასუხობს:
"ძალიან სასაცილო მგონია ამ თემაზე ლაპარაკი. 1989 წლიდან გავიდა 23 წელიწადი, 1990 წლიდან აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებას ვეწევი, იქიდან მოყოლებული დღემდე, მეტი სალაპარაკო რომ ვერ ნახა ამ ხალხმა ჩემს ბიოგრაფიაში, ეს უკვე მრავლისმეტყველია. კარგი იქნებოდა, ბოლო 23 წლის განმავლობაში ბობოხიძეს ან ხაბაზს თავიანთი პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ჰქონდეთ საამაყო ფურცლები... რაც შეეხება იმ ამბავს, არ ვიცი, სად შეიძლება მოვიძიო ის დოკუმენტი, სადაც წერია, რომ კომუნისტური პარტიის წევრი გავხდი სამხედრო სამსახურის პერიოდში - 1986-1989 წლებში. ჯერ ვმსახურობდი მოსკოვის ოლქში, მერე წელიწადნახევარი უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუგში, როგორც მახსოვს, სამხედრო ნაწილი იყო ნომერი 33-52, თუ ვინმეს ეს აინტერესებს, იქ შეძლებენ მოიძიონ ინფორმაცია და გაარკვიონ ეს ამბავი. რაც შეეხება 1989 წლის 9 აპრილს, ვისაც ეს თემა აინტერესებს, გადახედონ იმჟამინდელ პრესას, სადაც მეტ-ნაკლებად ქვეყნდებოდა განსხვავებული აზრი და იქ ნახავენ, რას ვფიქრობდი და ვაკეთებდი. არ ვიცი, იქნებ, გავითვალისწინო თქვენი რჩევა და თვითონაც გამოვაქვეყნო რაღაცები. ვიცი, რომ პოლიტიკოსმა ყველა შეკითხვას უნდა უპასუხოს, მაგრამ არიან ადამიანები, რომელთა კითხვებზე პასუხის გაცემა მათთვის დიდი ფუფუნება იქნება".
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია პარლამენტის წევრობის კანდიდატებისთვის დადგენილი მინიმალური ასაკობრივი ზღვარის 21 წლამდე შემცირების საჭიროებას ვერ ხედავს. საია-ს განცხადებით, არც პროექტის განმარტებით ბარათშია მითითებული და არც კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის განმავლობაში გაცხადებულა, რა პრობლემა შეიძლება გადაიჭრას ასაკის შემცირებით. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც 21-წლიანი ასაკობრივი ზღვარია დადგენილი, ორპალატიანი პარლამენტია და დაბალი ასაკობრივი ზღვარი მხოლოდ ქვედა პალატაზე ვრცელდება. ექსპერტთა აზრით, საქართველოში არსებული რეალობები საფუძველს არ იძლევა პარლამენტართა ასაკობრივი ცენზის შესამცირებლად. ცნობისათვის ჩეხეთში ქვედა პალატის წევრობისათვის 21 წელია დადგენილი, ზედა პალატის წევრობისთვის კი ასაკობრივი ლიმიტი 40 წელია. პოლონეთში 21 წელია დადგენილი სეიმის წევრობისთვის, ხოლო სენატისთვის ზღვარი 30 წელია. იტალიაში, სადაც ქვედა პალატისთვის 25 წელია დადგენილი, ზედა პალატისთვის ეს ლიმიტი 40 წლამდე იზრდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში 25 წელია დადგენილი წარმომადგენელთა პალატის წევრებისთვის, ხოლო 30 წელი - სენატისთვის", - წერს გაზეთი "ყველა სიახლე" სტატიაში სათაურით სახიფათო საკონსტიტუციო თამაშები.