ეკა ბესელია:

ეკა ბესელია: "რატომ არ უნდა გააჩეროს ივანიშვილი პატრულმა?!"

"მე ვფიქრობ ის რეაქცია, რომელიც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს საპატრულო პოლიციის უკანონო მოქმედებაზე იყო ძალიამ ბუნებრივი და ადეკვატური. ამ რეაქციით კარგად გამოჩნდა იგივე საპატრულო პოლიციის სახე. დაკვირვებული ადამიანი დაინახავდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ასრულებდნენ უკანონო დავალებას - გაეჩერებინათ ბიძინა ივანიშვილის მანქანა, იქცეოდნენ მორიდებით და პიროვნულად მის მიმართ ჰქონდათ მოკრძალება. რეაქცია ჰქონდათ, როდესაც ივანიშვილი გადმოვიდა მანქანიდან, დაბნეულები დადიოდნენ. რაც შეეხება სამართლებრივ რეაგირებას, სისხლის სამართლის საქმე ჯერ არ არის აღძრული..." - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი, ადვოკატი ეკა ბესელია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რატომ არ უნდა გააჩეროს ივანიშვილი პატრულმა?!

"პირველად 19 აპრილს განცხადება გავაგზავნე შს სამინისტროში და საპატრულო პოლიციის უფროს გრიგალაშვილთან. გავუგზავნე დისკიც. ამ განცხადებით, სადაც აღწერილი იყო რა მოხდა, მე ვითხოვ წერილობით პასუხს - ვისი დავალება იყო, რომ მოხდა ბიძინა ივანიშვილის ავტომანქანის გაჩერება. რატომ შეუშალეს მას ხელი თავისუფალ გადაადგილებაში; ვინ იყვნენ ის პირები ვინც ამ დავალებას ასრულებდნენ. ჩანაწერზე ჩანს ავტომანქანები, რომელი ჯგუფი მორიგეობდა. ასევე განმარტებებს ვითხოვთ, კერძოდ, რითი ხსნის ზემდგომი ორგანო ამ მოქმედებას და რა რეაგირება მოჰყვა ამ ფაქტს. საინტერესო იყო ის, რომ თავიდან პოლიციის თანამშრომლები ამბობდნენ იმას, რომ ავტომანქანის ეს ნომრები გადაცემული იყო შსს-თვის, როგორც ძებნაში მყოფი მანქანები, ამის გარკვევა უნდოდათ და ამიტომ გააჩერეს - ასე განაცხადა საპატრულო პოლიციის პირველმა ჯგუფმა. როდესაც გადმოვიდა ივანიშვილის დაცვის უფროსი და საპატრულო პოლიციას ჰკითხა, რატომ გააჩერეს ავტომანქანა, ჩანაწერზე ჩანს, რომ საპატრულო პოლიციის თანამშომლები ეუბნებოდნენ, რომ ეს ნომრები, რომლითაც მოძრაობდა ივანიშვილის მანქანა იყო გადასამოწმებელი, ანუ მანქანა ამ ნომრებით იყო ძებნაში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია.

"თან ისიც ჩანდა, რომ პოლიციელები ვიღაცას ტელეფონით ელაპარაკებოდნენ. ის ვიღაც, ალბათ, დავალებებს აძლევდა. ამის შემდეგ, როდესაც საპატრულოს მეორე ეკიპაჟიც მოვიდა და თავად ბიძინა ივანიშვილი გადმოვიდა მანქანიდან და ეკითხებოდა, რატომ გააჩერეთ მანქანაო, მეორე ჯგუფი ეუბნებოდა, არასწორი მანევრირება მოხდაო. ანუ ორი სხვადასხვა მოტივი დასახელდა პოლიციის მხრიდან და თან წინააღმდეგობრივი. ისიც ჩანდა, რომ რომ ავტომანქანების გაჩერების რამე საბაბი არ არსებობდა. მაშინ, თავიდან საპატრულო პოლიციის პირველი ეკიპაჟი არ იტყოდა, რომ ეს ავტომანქანები იყო გადმოცემული და ამოწმებდნენ, ძებნაში იყო თუ არა. აი, სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი, რომ რეაგირება მომეთხოვა ამაზე. მე პირადად მივმართე როგორც შს სამინისტროს ხელმძღვანელობას, ისე საპატრულო სამსახურს. სხვათა შორის, ორივე უწყებაში უკვე მეორედ გავაგზავნე განცხადება, სადაც ვითხოვ, რომ პასუხი გაეცეს ამ კითხვებს - ვისი დავალებით და რატომ მოხდა ივანიშვილის მანქანის გაჩერება", - განაგრძობს ადვოკატი.

"ვინ იყვნენ ის პირები, ვინც ამ მოვალეობას ახორციელებდა და რა არის მიზეზი, რის გამოც ივანიშვილს გადაადგილება შეუფერხეს. სხვათა შორის, აქვე დავამატებ, რომ უკვე უკან დაბრუნების დროს ანუ რამდენიმე დღის შემდეგ, იგივე ბიძინა ივანიშვილის ავტომანქანა და მისი დაცვა რომ ბრუნდებოდა საჩხერიდან, გორის გზაზე, სადაც ახალი გვირაბია, გზა გადაიკეტა - მაშინ როდესაც რამდენიმე წუთის წინ იქ თავისუფლად გაიარა სხვა ავტომანქანებმა. გზის გადაკეტვის დროს საპატრულო პოლიციამ ივანიშვილის კორტეჟს მიუთითა, რომ შემოვლითი ძველი გზებით ემოძრავა და იქიდან გასულიყო. ანუ, მეორედ ჰქონდა ივანიშვილის გადაადგილების შეფერხებას ადგილი და ამაზეც ვითხოვ პასუხს და განმარტებებს შს სამინისტროსა და საპატრულო პოლიციის მხრიდან - ვადები, სხვათა შორის, ორივე უწყების მხრიდან დარღვეულია. ეტყობა ფიქრობენ რა უნდა მიპასუხონ, მაგრამ ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცენ - ამ განმარტებებს მე ვითხოვ", - დასძენს ეკა ბესელია და შეკითხვას - "თავად ივანიშვილმა როგორ შეაფასა პოლიციის მოქმედება?" - პასუხობს:

"თავად ბატონმა ბიძინამ როდესაც მითხრა, რომ მოხდა ასეთი შემთხვევა და ამაზე რეაგირება უნდა გაგვეკეთებინა და განცხადებები ამ უწყებებისთვის გაგვეგზავნა, სწორედ ეს იყო იმ პოზიციის გამოხატვა, რომ მან მიიჩნია ეს, როგორც უკანონო ქმედება. ივანიშვილმა აბსოლუტურად სწორად ჩათვალა, რომ მას უკანონოდ შეეზღუდა გადაადგილების უფლება და ამაზე რეგირება იყო საჭირო. ადმინისტრაციული ოქმი არ შედგენილა, როგორც გითხარით, იქ ძალიან კომიკური სიტუაცია შეიქმნა საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, რადგან იყო შეუთანხმებელი პოზიცია. აირივნენ იმიტომ, რომ არც ერთი იყო მართალი და არც მეორე. სინამდვილეში იყო ის, რომ მათ დაავალეს ეს ავტომანქანები გაეჩერებინათ და გააჩერეს. ეს ვითარება და ეს კადრები სხვა რამესაც ძალიან კარგად წარმოაჩენს, როგორი დაბნეულობა და არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა იგივე საპატრულო პოლიციაში".