„ახალი თაობა“ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე პოლიტიკურ ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.
სააკაშვილმა ჯერ ბიძამისი, თემურ ალასანია დანიშნა გრიგოლ ვაშაძის მრჩევლად, ახლამერაბიშვილმა განაცხადა, რომ ვლადიმერ სანაკოევის დაბრუნებას აპირებს ხელისუფლებაში.სანაკოევს აღიარებული აქვს, რომ რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია. სააკაშვილი ერთი მხრივცდილობს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას და ამისთვის სავიზო რეჟიმსაც აუქმებს და მეორე მხრივ შეურაცხმყოფელგანცხადებებს აკეთებს იმავე რუსეთის ხელისუფლების მიმართ. თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს ეს პოლიტიკა? რას ნიშნავსრუსეთთან ეს თამაში?
- საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა მსოფლიოში მიმდინარე, სრულიად ახალი კონტექსტის გეოპოლიტიკური თამაშების ფონზე, მართლაც ბევრ კითხვას ბადებს. მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით: ბოლო პერიოდის ერთ-ერთი, ჩვენთვის განსაკუთრებით ნიშანდობლივი მოვლენა საგარეო არენაზე გახლდათ რუსულ „როსნეფტსა“ და ამერიკულ „ექსონმობილს“ შორის შეთანხმება შავი ზღვის ენერგეტიკული მარაგების ათვისების თაობაზე. ცოტა ადრე „როსნეფტს“ მსგავსი ტიპის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული იტალიურ „ენისთანაც“. ჰიპოთეტურად საუბარია მილიარდობით კუბურ მეტრ გაზსა და ნავთობზე. ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ მე შევეცადე დამატებითი ცნობები მომეძიებინა შავი ზღვის შელფის ათვისების გარშემო მიმდინარე პროცესებზე. აი რამდენიმე მათგანი: ზოგიერთი ინფორმაცით, ამ ხელშეკრულებების ფარგლებში იგულისხმება არამხოლოდ რუსეთის, არამედ საქართველოს, მათ შორის, უპირველესად აფხაზეთის და უკრაინის მიმდებარე წყლებში არსებული მარაგების ათვისება.
პრესაში არსებობს ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ იანუკოვიჩის მხარდაჭერის უმთავრეს პირობად რუსეთმა სწორედ შავ ზღვაში არსებული მარაგების ათვისებაში გადამწყვეტი წილი მოითხოვა. მაშინ როცა, კასპიის ზღვის მარაგების განაწილებასა და ათვისებაზე დღემდე არ არის მიღწეული საბოლოო შეთანხმება მიმდებარე ქვეყნებს შორის, რატომ არ ისმის საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების ხმა და პოზიცია შავი ზღვის შელფის თაობაზე აშშ-ს, ევროპასა და რუსეთს შორის წარმოებული აქტიური მოლაპარაკებების ფონზე?! რამდენად არიან მოწოდებულნი საქართველოსა და უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებები დაიცვან საკუთარი ქვეყნების ინტერესები აშშ-ის, ევროპისა და რუსეთის გლობალური ეკონომიკური ინტერესების ფონზე?! ზემოთხსენებული ხელშეკრულებების თაობაზე ხელმისაწვდომ ინფორმაციებში არ არის საუბარი იმ ქვეყნების მონაწილეობასა და ინტერესებზე, რომელთა შელფებში მოხდება უშუალოდ ამ მარაგების აღმოჩენა-ათვისება. შეიძლება ეს უშუალოდ ამ ქვეყნებთან ხელშეკრულებებით რეგულირდება, თუმცა ამ ტიპის ინფორმაცია ჩემთვის ხელმისაწვდომი არ არის.
ცალკე საკითხია აფხაზეთი, სადაც არსებული ინფორმაციით, „როსნეფტს“ უკვე 2010-ში აქვს დაწყებული გარკვეული სამუშაოები აფხაზეთის შელფზე. ხომ არ არის საშიშროება, რომ აფხაზეთის, ჯერჯერობით, თეორიული ენერგეტიკული სიმდიდრეების გაყოფა საქართველოს გარეშე მოხდეს?! რამდენად რეალურია, რომ თუკი აფხაზეთის მიმდებარედ მართლაც აღმოჩნდება მილიარდობით კუბური მეტრი ენერგეტიკული მარაგები, აფხაზეთი ხონჩით მიართვან საქართველოს, მაშინ, როცა სწორედ ამ ენერგეტიკული მარაგებისთვის გაცხარებული ომები მიმდინარეობს აღმოსავლეთში?!
ბოლო დროს განსაკუთრებით მრავალშრიანი გახდა პროცესები ენერგეტიკულ ფრონტზე, რასაც იგივე დასავლური პრესა დასავლეთის ენერგეტიკული ინტერესების შემზღუდველ ფაქტორებად აფასებს: მაგ. არგენტინის პრეზიდენტის კრისტინა კირშნერის გადაწყვეტილებით მოხდა ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობკოპანია YPF-ის ექსპროპრიაცია და ნაწილობრივი ნაციონალიზაცია. აქეთ უნგრეთმა გააკეთა განცხადება ევროატლანტიკური გაზსადენის „ნაბუქოს“ პროექტიდან გამოსვლის თაობაზე და ა.შ.
ამ ფონზე ჩამოუყალიბებელი სახელმწიფოების, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, რესურსები, ბუნებრივია, მსუყე ლუკმაა ნებისმიერისთვის.
როგორც ვხედავთ, დღევანდელ გეოპოლიტიკას მკვეთრად აზის ენერგეტიკული ინტერესების დაღი, სწორედ ამ ინტერესებმა აპოვნინა საერთო ენა რუსეთის, აშშ-ისა და ევროპის უმსხვილეს ენერგოკომპანიებს იგივე საქართველოსთან მიმართებაში შავი ზღვის ათვისების კონტექსტში და ჩვენ ამ დროს 10 თუ 20 წლის წინანადელ კლიშეებს ვებღაუჭებით აშშ-ისა და რუსეთის მტრობისა და დაპირისპირების თაობაზე.
ეს რაც შეეხებოდა მოკლედ, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის ეკონომიკურ მდგენელს, ახლა სამხედრო-პოლიტიკურს გადავხედოთ: ჩვენ, ფაქტობრივად, ისეთივე მასშტაბის გეოპოლიტკური რევოლუციის მოწმენი ვხდებით, როგორიც საბჭოთა კავშირის დაშლა იყო – რუსეთში, ულიანოვსკში ნატოს „გამტარი“ ბაზის გაკეთება ნიშავს იმას, რომ რუსეთზე გაივლის ნატოს ასიათასობით ჯარისკაცი და სამხედრო ტექნიკა, რასაც თან ერთვის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები, რომ რუსეთი წინააღმდეგია ავღანეთიდან ნატოს ძალების გამოყვანისა იქ სიტუაციის სრულ სტაბილიზაციამდე, რაც რეალურად თვალუწვდენელი პერსპექტივაა.
კიდევ ერთი სიახლე ისევ საერთო რუსულ-ამერიკულ-ევროპულ კონტექსტში: იგეგმება ბერინგის სრუტეში რუსეთ-ამერიკის დამაკავშირებელი გვირაბის მშნებელობა, რომელშიც გაივლის არამხოლოდ სარკინიგზო და ავტოსატრანსპორტო მაგისტრალები, არამედ ნავთობ და გაზსადენებიც. და რა არის ეს ყველაფერი, თუ არა გეოპოლიტიკური რევოლუცია?! სამწუხაროდ, ჩვენი დეკლარირებული საგარეო პოლიტიკა სრულ აცდენაშია, სრულიად არაადექვატურია მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებთან: რა გარიგების ნაწილია ჩვენი ქვეყანა და რატომ ვერ გამოდის საქართველო რუსეთთან მებრძოლი მიჯაჭვული ამირანის დაუსრულებელი ეგზისტენციალური როლიდან, როცა ეს როლი უკვე კონტექსტიდან ამოვარდნილ ტრაგიკომიკურ პერსონაჟს ემსგავსება აშშ-რუსეთ-ევროპის გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური ინტერესების-გარიგებების ფონზე და როცა, ამ ერთი მხრივ, ბუნებრივი, მეორე მხრივ, თავსმოხვეული როლის გამო, ჩვენ, ფაქტობრივად, თამაშგარე მდგომარეობაში ვრჩებით საქართველოს გარშემო მიმდინარე პროცესებისა და გადანაწილებისა, რომელიც ლოგიკურად საქართველოს გარეშე არ უნდა წარმართულიყო.
როცა ბჟეზინსკი თავის ბოლოდროინდელ ინტერვიუებში დაბეჯითებით ხაზს უსვამს, რომ „რუსეთი, ისევე როგორც თურქეთი უნდა გახდეს ევროატლანტიკური თანამეგობრობის ნაწილიო“ და ამას არა მხოლოდ აცხადებს, არამედ, როგორც ვნახეთ, ამისკენ რეალური ნაბიჯებიც იდგმება, ჩვენ რა მიმართულებით ვმოძრაობთ და რა გვინდა საერთოდ?!
სააკაშვილს დასავლეთი ვერ აღიქვამს სრულფასოვან და საქმიან პოლიტიკურ პარტნიორად. როგორ ფიქრობთ, თუ ის სამოქალაქოდაპირისპირებისკენ გადადგამს ნაბიჯს და არჩევნებს გააყალბებს, როგორ ფიქრობთ, ექნება თუ ამას დასავლეთისგან ადეკვატურირეაქცია?
- დასავლეთის რეაქცია სააკაშვილის ხელისულების მიმართ ერთგვაროვანი არ არის: ერთი მხრივ, გვაქვს ამერიკის ძალიან მაღალი რანგის ოფიციალური პირების მკვეთრი და გამოკვეთილი პოზიცია, როცა ისინი კატეგორიული ტონით თხოვენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ არჩევნები უშუალოდ და წინასაარჩევნო პროცესი, მთელი თავისი ატრიბუტებით, მათ შორის, მედიის თავისუფლებითაც, უნდა იყოს აბსოლუტურად სამართლიანი, ობიექტური და რეალურ შედეგზე ორიენტირებული და მან ზუსტად უნდა ასახოს და წარმოადგინოს მომავალ პარლამენტში საზოგადოების განწყობები, მეორე მხრივ, გვაქვს იგივე ამერიკული გავლენიანი ინსტიტუტების ადგილობრივი წარმომადგენლობების, ვგულისხმობ NDI და IRI, მიკერძოებული დამოკიდებულება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, რაც საჯაროდ სწორედ მათი კვლევებით თვალსაჩინოვდება. აღარაფერს ვლაპარაკობ ევროკავშირზე, რომელიც ზოგადად ძალიან პასიურობს საქართველოში საერთოდ დემოკრატიის და კონკრეტულად მოახლოებული არჩევნების საკითხთან დაკავშირებით და, რომლის პოზიციაც ჩვენთვის ძირითადად დიმიტროვის განცხადებებით ხდება ნათელი, რომლებშიც საქართველოს ხელისუფლების კრიტიკის ნოტები ნაკლებად ისმის, უფრო - პირიქით.
საყურადღებოა ისიც, რომ სულ ახლახანს იგივე ევროკავშირმა და გაერომ ერთობლივად, მედიის მონიტორინგი წინასაარჩევნო პერიოდში, რეალურად, ხელისუფლების მომხრე არასამთავრობოებს ჩააბარა-დაუფინანსა.
დასავლეთის პოზიციის ასეთი გაორება იგივე 2003 წლის არჩევნების წინა პერიოდში არ შეინიშნებოდა: მაშინ ევროკავშირიც და აშშ-ც ერთ ხმაში მოუწოდებდნენ და მეტიც, ზეწოლას ახდენდნენ საქართველოს ხელისუფლებაზე არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მიზნით. ამიტომ, ამ გადასახედიდან ძნელი სათქმელია, როგორი იქნება დასავლეთის საბოლოო განაჩენი საქართველოს არსებული ხელისუფლების მიმართ. ამ პროცესში, როგორც ჩანს, მაინც უშუალოდ საქართველოს მოსახლეობის აქტიურობა იქნება გადამწყვეტი, რომელსაც უნდა ვიფიქროთ, რომ მიიღებს და აღიარებს ქართული არჩევნების საბოლოო მსაჯული – ამერიკა და მას კვერს დაუკრავს ევროპა.
მაგრამ ერთი რამის თქმა დაბეჯითებით შეიძლება: არჩევნებზე აშშ-ისა და ევროკავშირის პოზიცია იქნება გადამწყვეტი მათ მიმართ საქართველოს საზოგადოების ნდობის კიდევ უფრო დაცემისა თუ გაღრმავებისა. რატომ არავინ სვამს კითხვას: რამ შეუმზადა ნიადაგი იმას, რომ რუსეთი სულ უფრო და უფრო შლის ფრთებს ქართულ საინფორმაციო და საზოგადოებრივ სივრცეში – სულ უფრო და უფრო მეტი ინტერნეტსაიტი, კვლევითი ინსტიტუტი, საინფორმაციო არხი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ პოლიტიკოსი ღიად უჭერს მხარს და აჟღერებს საქართველოს ვექტორის რუსეთისკენ კიდევ ერთხელ ცვლის პოლიტიკას? ვინმე ფიქრობს, რომ 20-წლიანი ტაბუს შემდეგ, როცა პრურუსულ ორიენტაციაზე საუბარს ყველა კეთროვანივით ერიდებოდა, რამ მისცა საბაბი რეალური, დაუფარავი (და არა მიკერებული) პრორუსულობის ტალღის აგორებას საქართველოში?! გაზომეს და გამოიკვლიეს იგივე ამერიკელებმა, რუსეთის მიმართ სიმპათიების აღორძინება სწორედ ამერიკის მიმართ ქართველი საზოგადოების იმედგაცრუების პირდაპირპროპორციული ხომ არ არის და თუ ეს ასეა, რატომ არაფერს აკეთებს ამერიკა სიტუაციის გამოსასწორებლად და ქართულ საზოგადოებაში მის მიმართ არსებული, ერთ დროს უპირობო ნდობის აღსადგენად? ხომ ფაქტია, რომ რეალურად სუფთავდება ნიადაგი პრურუსული რიტორიკისთვის. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ლაკმუსის ქაღალდი სწორედ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისას აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ გაცხადებული ობიექტური და სამართლიანი პოზიცია იქნება.
საქართველოს პარლამენტმა აღიარა ჩერქეზების გენოციდი რუსეთის იმპერიის მიერ, სომხეთი საქართველოსგან ითხოვს მისიგენოციდის აღიარებას. საქართველოს ხელისუფლება ორმაგი სტანდარტებით მოქმედებს. არ უნდა აწყენინოს ნატოს წევრ თურქეთს დაახერხებს რუსეთის პროვოცირებას. რას მოუტანს ქვეყანას ეს პოლიტიკა?
- ეს კითხვა ისევ ზემოთხსენებული თემის გაგრძელებაა: ანუ, თუ ჩვენ ფართოდ არ გავახილეთ თვალები და არ ჩავწერეთ ახალ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ამისთვის შეიძლება ძალიან მწარედ დავისაჯოთ. იგივე რუსეთში აშშ-სა და ევროპასთან გლობალური ინტერესების თანხვედრის პარალელურად, კვლავ არ კარგავს აქტუალობას საქართველოს დაშლა-დანაწევრების თემა. მაგალითად, ერთ-ერთ პოპულარულ რუსულ საიტზე „აპნ.რუ“-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში საქართველოს სრული ოკუპაციის რამდენიმე სცენარზე საუბრობენ. ესენია: ერაყის სცენარი, რაც ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ოკუპაციას, იუგოსლავიის სცენარი, კერძოდ, საქართველოს რეგიონებად დაშლა და სომალის სცენარი, რაც საქართველოში ხანგრძლივი მართვადი ქაოსისა და არეულობის შექმნას გულისხმობს. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ იდეალურ ვერსიად ავტორი იუგოსლავიის სცენარს მიიჩნევს, რადგან პირდაპირ ოკუპაციას დასავლეთის მკვეთრი რეაქცია მოჰყვებაო, ხანგრძლივი ქაოსი და არეულობა კი ჩრდილო კავკასიის მიმდებარედ თავად რუსეთს შეუქმნის საფრთხესო. ესეც ასე, როგორც იტყვიან, წილი ნაყარია: როცა მეზობელ სახელმწიფოში, საჯარო სივრცეში ხდება მსგავსი თემების განხილვა, შენი ხელისუფლება, სულ ცოტა იმას მაინც უნდა შეეცადოს, რომ თავისი მოქმედებით პროვოცირება არ გაუკეთოს მეზობლის აგრესიულ ქმედებას. რამდენად გვსურს ან ვახერხებთ ჩვენ ამას, ეს გადამწყვეტი საკითხია.
რუსული სპეცსამსახურების აქტიური ჩარევით „ჯავახკი“ საქართველოსგან სამცხე-ჯავახეთის გამოყოფას მოითხოვს. რამდენადრეალურია ეს საფრთხე და რა პრევენციული ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ ახალი კონფლიქტური კერა რომ არგაჩნდეს?
- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა იქნება წამყვანი რუსეთ-აშშ-ევროკავშირის გლობალურ ურთიერთობებსა და ინტერესებში: თუ პარტნიორობის რეალობიდან ამოვალთ, იგივე ავღანეთის და მით უფრო შავი ზღვის ათვისების ფარგლებში თანამშრომლობის კონტექსტში, ახალი კონფლიქტები კავკასიაში არავის უნდა აწყობდეს. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ამ ქვეყნების ურთიერთობის მხოლოდ ერთი კონტექსტია. გამომდინარე იქედან, რომ ამ ქვეყნების ელიტები ერთგვაროვანნი არ არიან, არ უნდა გამოვრიცხოთ მეორე კონტექსტიც, ანუ ქართველი, რუსი თუ ამერიკელი ულტრარადიკალების გეგმებიც, რომელთა შორისაც ახალი ქართულ-რუსული ან იგივე რუსეთის შიგნით კონფლიქტების ინსპირირების სცენარებიც შეიძლება განიხილებოდეს. ზოგადად, ამ მყიფე რეგიონში ძნელია დაადგინო, სად გადის ზღვარი პარტნიორობისა და კონფლიქტის პირობებს შორის. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული აშშ-ი ადმინისტრაციის ცვლილებაზეც. როგორც ჩვენთვის კარგად ცნობილი პატრუშევი იტყოდა, მსოფლიოს არსებული წესრიგის შენარჩუნებას რუსეთში პუტინის და აშშ-ი ობამას ხელისუფლებაში დარჩენა სჭირდებაო. ანუ ობამას მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემთხვევაში, რუსულ-ამერიკული ურთიერთობის გლობალური კონტექსტი უფრო თანამშრომლობისკენ იქნება მიდრეკილი, რესპუბლიკელი პრეზიდენტის პირობებში კი რიტორიკის დონეზე უფრო აგრესიულ ნოტებს უნდა ველოდოთ, თუმცა მოჰყვება თუ არა ამას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების მასშტაბური გადახედვა, ძნელი სათქმელია.