"რას ჰქვია, წასვლა არ უნდა?"

 

"ახლა აღარც აფხაზეთი გვაქვს, აღარც ოსეთი და აღარც სოფელი"

"არანაირი გამოკვლევის არა მჯერა. ვხედავ, რაც ხდება ჩემ გარშემო და იმის მიხედვით ვაფასებ ვითარებას"

ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობ გივი ბერიკაშვილს "ქართული ოცნება" გურჯაანის მაჟორიტარ დეპუტატად დაასახელებს. ჩვენ მსახიობს დავუკავშირდით: 

- ბატონო გივი, ამბობენ, რომ პოლიტიკაში აპირებთ წასვლას. 
- ეს რომ გავიგე, ბევრი ვიცინე, ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს და არც პრეტენზია მაქვს პოლიტიკაში მოსვლაზე. 15 მაისს 79 წლის ვხდები და რაღა დროს ჩემი დეპუტატობაა. 
ჩემი ასაკის კაცი შეიძლება მრჩეველი იყოს, მაგრამ აქტიურად რანაირად უნდა იყოს პოლიტიკაში? 80 წელს მიტანებული კაცი ისე ხომ ვერ იმუშავებს, ისე ხომ ვეღარ წავა-წამოვა, როგორც ახალგაზრდა? მე ისიც არ მომწონს, 21 წლის ბიჭს რომ პარლამენტში დასვამენ. გოგოს დაინახავს და პარლამენტსაც ფეხებზე დაიკიდებს და ყველაფერსაც. პარლამენტარს გამოცდილება უნდა ჰქონდეს, ცხოვრებას უნდა იცნობდეს. 

მე რომ ვუთხრა ბიძინას, არ შემიძლია დეპუტატობა, რადგან იმდენი ენერგია არა მაქვს-მეთქი, რატომ უნდა ეწყინოს? სხვა მხრივ გვერდში დავუდგები და მხარს დავუჭერ. 

- IRI-ის კვლევის თანახმად, "ნაციონალურ მოძრაობას" გამოკითხულთა 45% უჭერს მხარს, "ქართულ ოცნებას კი - 19%. 
- არანაირი გამოკვლევის არა მჯერა. ვხედავ, რაც ხდება ჩემ გარშემო და იმის მიხედვით ვაფასებ ვითარებას. იმედია, ქართველ ხალხს არ შეეშინდება და ობიექტურ არჩევანს გააკეთებს. თუ შეეშინდება და, სირცხვილი ქართველ კაცს, რომლის წინაპარსაც ხმლით აქვს მოტანილი ჩვენი სამშობლო. რისი ეშინიათ? კომუნისტების დროს არჩევნებზე დოლ-გარმონით მივდიოდით. არჩევნებზე ხომ არის ფარული კენჭისყრა? ვისაც უნდა, იმას შემოხაზავს კაცი, ჩააგდებს ყუთში და წამოვა სახლში. ძალით თუ შემოახაზვინებენ ვინმეს, გამოვიდეს და თქვას. მგონია, ქართველ ხალხს ეყოფა იმდენი ჭკუა, რომ სწორი ნაბიჯი გადადგას. შეიძლება ახლა ვინმე ცოტა უკან იხევს, მაგრამ ყუთთან რომ მივა, იმ არჩევანს გააკეთებს, რომელიც უნდა. 

- მაგრამ პრეზიდენტმა თქვა, მაცალეთ 2-3-4 წელიო. 
- რას ჰქვია, წასვლა არ უნდა, კანონი და კონსტიტუცია ხომ არსებობს? ყველაფერს თუ თავზე დაგვამხობს, მეტის ღირსი ვიქნებით. რაც წესი და რიგია, ის უნდა გაკეთდეს. მეც შევალ სადმე კარგ ადგილას, დავჯდები და ვიტყვი, არ წავალ-მეთქი, მაგრამ ეგრე სად არის? ვინ დამტოვებს?! ყველამ თავი უნდა შეიკავოს ლანძღვისაგან, ხალხის ნერვების მოშლისა და ძალდატანებისაგან, რადგან არაფერი დაიმალება. ქართველმა ხალხმა აქამდე იმიტომ მოაღწია, რომ ყოველთვის ჰქონდა გამბედაობა და სიმტკიცე. ერები გადაშენდა და ჩვენ ისევ ვარსებობთ ამ გზაჯვარედინზე. ახლაც ეყოფა ქართველ ხალხს ჭკუა და იმას გააკეთებს, რაც თვითონ უნდა. 

- იმის გამო, რომ სააკაშვილმა პარლამენტი ქუთაისში გადაიტანა და აღლუმის გამართვასაც იქ აპირებს, ითქვა, თბილისი არ უყვარსო. 
- სააკაშვილმა რატომ გადაიტანა "პარადი" ქუთაისში, არ ვიცი. თუ მინდა, აღლუმს დავესწრო, ვერ წავალ ქუთაისში თუ რა? საძმო არა მყავს იქ თუ სანათესავო? წელი არ არის, ქუთაისში სპექტაკლი არ ვითამაშო. ჩვენს პოლიტიკოსებზე ბევრად მეტი ურთიერთობა მაქვს ქუთაისთან და კიდევ მეტი სიყვარული ხალხის. გამიგია, სააკაშვილს თბილისი იმიტომ არ მოსწონს, მხარს არ უჭერსო. ქუთაისში გადაირევიან მასზე? არ ვიცი. ციფრებს ასახელებენ, გაჩეჩილაძესთან რომ წააგო თბილისში არჩევნები, ამიტომ განაწყენდაო. 

მინდა მშვიდი ქვეყანა გვქონდეს, ის გაკეთდეს, რაც ქვეყნისა და ხალხისთვის იქნება უკეთესი. რომ დავინახავ, ადამიანი ამისთვის იბრძვის, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ. თბილისის ყველა თეატრის მსახიობი იმ აზრზეა, რომ ბიძინას ამ ქვეყნისთვის კარგი უნდა. 10 წელიწადია, ბიძინა მხარში უდგას თეატრებს. მისი დამსახურებაა, რომ თეატრიდან ხალხი არ გაიქცა და თოხი და ბარი არ აიღო ხელში. კაცი ამდენი წელი ამდენ რამეს აშენებდა და როგორ ვიფიქრო, რომ ქვეყნის დასანგრევად უნდა ხელისუფლება? იმის გამო, რომ პოლიტიკაში უნდა მოსვლა, უნდა გალანძღო? ეს დაუშვებლად მიმაჩნია. მიეცი ხალხს უფლება და უნდა აირჩევს, უნდა - არა. სიტყვა არ დასცდენია ბიძინას, რადგან გეხმარებოდით, ახლა მხარი დამიჭირეთო. პირიქით, ყველანაირი კავშირი გაწყვიტა ჩემთან, რაც პოლიტიკაში მოვიდა. 

რასაც ჩემი პროფესია და ხალხის სიყვარული შემაძლებინებს, ყველაფერს გავაკეთებ. ღმერთმა ჩვენს ქვეყანას ხელი მოუმართოს, ქართველ ხალხს კარგი ცხოვრება ჰქონდეს. მივხედოთ სოფელს, რომელიც ასე გაგვინადგურდა. თბილისში გაზრდილი კაცი ვარ და ერთი სული მქონდა, დასვენების დღეს სოფელში წავსულიყავი. ახლა სოფლისკენ გახედვაც აღარ მინდა, რადგან სოფელი სოფელს აღარ ჰგავს. სოფელი არ ყოფილა, სადაც სპექტაკლი არ მეთამაშა, ახლა სად წაიღებ სპექტაკლს ან ვინ მოვა? ხალხს ფქვილი აღარა აქვს, რომ პური გამოაცხოს. სოფელში კი არა, ქუთაისშიც ძალიან უჭირს ხალხს. ერთმა მითხრა, მემეჭრა თავი, ვერ დაგპატიჟეო. არადა, ადრე ქუთაისში რომ ჩავდიოდი, კილომეტრიანი რიგი იდგა, არა, ჩემთან წამოდი, არა - ჩემთანო. ეს უნდა დასრულდეს და ცოტა შვებით ამოისუნთქოს დიდმაც და პატარამაც. საკუთარ თავს უნდა ვაჯობოთ და ქვეყანაზე ვიფიქროთ. საცაა 80 წლის გავხდები და ამდენი მათხოვარი და ნაგვის ურნაში ჩამძვრალი ადამიანი არასოდეს მინახავს. მახსოვს, ცხინვალში რომ ჩავდიოდი მერაბ ელიოზიშვილთან, ოსები მოდიოდნენ და მამამისს ეუბნებოდნენ, აბელ, არა ხარ კარგი კაცი, გივი რა, ჩვენი არ არის, ჩვენთან რომ არ მოგყავს. წამოვიდეს, ჭიქა ღვინო ავწიოთო. ასე სიყვარულით ვიყავით ქართველები და ოსები, ჩვენ და აფხაზები. რა მაფიქრებინებდა, რომ ასე დაიქცეოდა ეს ქვეყანა? ახლა აღარც აფხაზეთი გვაქვს, აღარც ოსეთი და აღარც სოფელი.