IRI-სა და IND-ის კვლევებით პოლიტიკურ ძალთა მიმართ ვაშინგტონის სტარატეგიაზე ნუ ვიმსჯელებთ

IRI-სა და IND-ის კვლევებით პოლიტიკურ ძალთა მიმართ ვაშინგტონის სტარატეგიაზე ნუ ვიმსჯელებთ

 

"ენ-დი-აისა" და "აი-რაის" საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე იმაზე, თუ რა საკითხები შეიძლება აინტერესებდეს საზოგადოებას წინასაარჩევნო პერიოდში, "ინტერპრესნიუსი" პოლიტოლოგსა და ფსიქოლოგს, დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ბატონო რამაზ, პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, IRI და IND, რომელთაგან ერთი აშშ-ის "დემოკრატიული პარტიის" მხარდამჭერია, ხოლო მეორე "რესპუბლიკური პარტიის", საქართველოში ისე ებრძვიან ერთმანეთს, როგორც საარჩევნო კამპანიაში - აშშ-ს წამყვანი "დემოკრატიული" და "რესპუბლიკური" პარტიები, მოტყუებული კი ქართული საზოგადოება რჩება". 
თუ ამ ლოგიკას გავყვებით, გამოდის, რომ ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, შტატების ორივე წამყვანი პარტია მხარს არ უჭერს საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი "ენ-დი-აი" საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგებას უჭერს მხარს და, შესაბამისად, "ენ-დი-აი"-ს გამოკითხვაში ამ თემას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. თუმცა, ამ თემაზე ყურადღება "აი-რაიმაც" გაამახვილა. თქვენი აზრით, "ენ-დი-აისა" და "აი-რა-ის" გამოკთხვის შედეგებით შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ აშშ-ის პოლიტიკური წრეები საქართველოში ხელისუფელბის ცვლილების შესაძლებლობას არ განიხილავენ?

- არა მგონია, ეს ვარაუდი იყოს სწორი, რადგან ყველას მოგვისმენია, როგორი დაბეჯითებით ითხოვენ აშშ-ის ახლანდელი და მომავალი ელჩები საქართველოში ნორმალური პოლიტიკური კონკურენციისთვის პირობების შექმნას. ელჩები კი, მაღალ ეშელონებთან უფრო ახლოს არიან. ეს ნიშნავს იმას, რომ აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალ ეშელონებში განიხილება ხელისუფლების შეცვლის თემა. მაგრამ, შეიძლება ეს ეშელონები ისე მაღლაა, რომ იქ არსებული რეალური განწყობილებები ვერ აღწევს "ენ-დი-აის" და "აი-რაის" ქართულ განყოფილებებამდე. რადგან, მათი სოციოლოგია ხშირ შემთხვევაში მკვეთრად უხვევს ამერიკის ადმინისტრაციის ზემოხსენებულ კურსს. ამ განსხვავებას შესაძლოა, უბრალო ადამიანური მიზეზებიც ჰქონდეს. დიპლომატები ხშირ როტაციას იმის გამო ექვემდებარებიან, რომ ზედმეტად არ შეეჩვიონ ადგილობრივ სიტუაციას. შესაძლოა, იმისთვის, რომ "ენ-დი-აისა" და "აი-რაი-ის" წარმომადგენლები ობიექტურები იყვნენ, ზედმეტადაც კი შეეჩვიენ საქართველოს და მის ხელისუფლებას. შესაძლოა, მიზეზი ამაშია.

- "ენ-დი-აისა" და "აი-რა-ის" საზოგადოებრივი აზრის კვლევებმა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში გააჩინა იმის განცდა, რომ ამ ორგანიზაციების დაკვეთით ჩატარებული კვლევები არა საზოგადოებრივი აზრის შესწავლისთვის, არამედ საზოგადოებრივი აზრის შექმნისთვის კეთდება? თქვენც ასე ფიქრობთ?
- ყველა საჯარო ინფორმაცია ქმნის საზოგადოებრივ აზრს, მათ შორის - ინფორმაცია სოციოლოგიური გამოკვლევაზე. მთავარი სწორი სურათის შექმნაა. ეს მონაცემები იმიტომაც ქვეყნდება, რომ საზოგადოებამ სარკეში ჩაიხედოს. ოღონდ, სარკე არ უნდა იყოს დეფორმირებული და გამოქვეყნებული ინფორმაცია არ უნდა იყოს ორიენტირებული საზოგადების შეცდომაში შეყვანაზე. როცა კვლევის ჩამტარებელი ორგანიზაცია არ აქვეყნებს ინფორმაციას, ამავე დროს ხელს არ უშლის კვლევის შედეგებზე ინფორმაციის გაჟონვას და ამით იცილებს პასუხიმგებლობას, თან მეთოდოლოგიის თაობაზე კრიტიკას არ იღებს, ასეთი სტრატეგია აჩენს ეჭვს, რომ რაღაც ეშმაკობასთან გვაქვს საქმე. 

უკანასკნელი გამოკითხვით ქდმ-ს ლიდერის, გიორგი თარგამაძის რეიტინგი ბევრისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა; იმის გათვალისწინებით, რომ "ენ-დი-აის" გამოკითხვითაც მისი რეიტინგი საკმაოდ მაღალი იყო, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოდთ, რომ სააკაშვილის შემდეგ ვაშინგტონი საქართველოში მისთვის ყველაზე სასურველ პოლიტიკურ ძალად არა ბიძინა ივანიშვილს, არამედ სწორედ ქდმ-ს ლიდერს, გიორგი თარგამაძეს განიხილავს? 
- ნამდვილად ვიცი, რომ ამერიკული მხარე სიმპატიით არის განწყობილი გიორგი თარგამაძის მიმართ, რაც გასაკვირი არ არის. მაგრამ, "ენ-დი-აი-სა" "აი-რა-ის" კვლევებით საქართველოში პოლიტიკურ ძალთა მიმართ ვაშინგტონის სტრატეგიაზე მსჯელბა მართებულად არ მიმაჩნია. თანაც, თარგამაძის საარჩევნო რეიტინგს არ გამოუწვევია კითხვის ნიშნები. ის, რომ მმართველი პარტიისა და "ქართული ოცნების" შემდეგ საარჩევნო ბარიერს "ქრისტიან-დემოკრატები" გადალახავდნენ, არ იყო გასაკვირი. დაუჯერებელი აღმოჩნდა ოპოზიციურ ლიდერთა შორის მისი ნდობის რეიტინგი, რომელც ივანიშვილის მიმართ გამოხატულ ნდობაზე მეტი გამოვიდა. დასკვნა გამოდის ასეთი - ოპოზიციის ლიდერთაგან ენდობიან თარგამაძეს და ირჩევენ ივანიშვილს. ამ გაუგებრობის პასუხი კვლევის კითხვარის შედგენაშია. ანუ, ის ისე იყო შედგენილი, რომ ასეთი შედეგი მიღებულიყო. ჩემი აზრით, ეს შედეგი უფრო ივანიშვილის მომხრეების ლუსტრაციაზე იყო მიმართული, ვიდრე - თარგამაძის წარმოჩინებაზე. 

გასაგებია ძირითადი პოლიტიკური აქტორების მიზნები, მაგრამ კვლევა ბევრ საკითხში აშკარად არარეალისტურ შედეგებს იძლევა. ამის კარგი მაგალითია კითხვაზე - მთავარ პრობლემებად რას მიიჩნევთ? მიღებული შედეგები. ძნელი დასაჯერებელია, რომ საქართველოში, სადაც სოციალურად დაუცველთა რიცხვი თითქმის ერთ მილიონს აღწევს, გამოკითხვით, სიღარიბე, მაღალი კომუნალური გადასახადები და ძვირი სამედიცინო მომსახურება მხოლოდ გამოკითხულთა 7%-7%-ს აწუხებს, გაზრდილი გადასახადები - 5%-ს, არაერთგზის ომგადახდილ და ყველა ომში დამარცხებულ საქართველოში, სადაც თბილისიდან 40 კმ-ში რუსული ტანკები დგანან, მშვიდობისა და სტაბილურობის პრობლემა მხოლოდ 1%-ს აწუხებს. თქვენი აზრით, უმძიმესი სოციალური ფონისა და ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში რამდენად რეალისტურად გამოიყურება ამ ნაწილში კვლევის შედეგები? 
- არსებული რეალობის ფონზე ყოველგვარი კომენტარი შეუძლებელია. სამწუხაროა, რომ ურთულესი სოციალური ფონის არსებობის პირობებში კვლევის შედეგებზე თავად ავტორები არ დაფიქრებულან. 

- ასევე აშკარად არარეალისტურად გამოიყურება გამოკითხვის შედეგები თემაზე - უჭერთ თუ არა მხარს რუსეთთან შემდგომ დიალოგს? თუ რუსეთთან დაულაგებელი მდგომარეობა მხოლოდ 5%-ს აწუხებს, ამ კითხვაზე რუსეთთან დიალოგის დაწყებას გამოკითხულთა 74% როგორღა უჭერს?
- რა თქმა უნდა, ეს შედეგიც ღიმილის მომგვრელია, სამწუხარო რომ არ იყოს. სამწუხარო კი ის არის, რომ კვლევის ავტორები იმდენად არ სცემენ პატივს ქართულ საზოგადოებას, იმაზეც კი არ იზრუნეს, რომ ლოგიკურად გამართული ტყუილი მაინც შემოეთავაზებინათ. 

- სოციოლოგთა ერთი ნაწილი კვლევის დროს დასმულ კითხვათა წინასწარგაზრახულობასა და ორაზროვნებაზე ამახვილებს ყურადღებას. თქვენც ასე ფიქრობთ? და კიდევ, როგორც თქვენივე კოლეგა სპეციალისტები ამბობენ, ბევრი რამ კვლევის "მოფიქრებულ დიზაინზეა" დამოკიდებული. თქვენ რომ კვლევას წინასაარჩევნოდ ატარებდეთ, რა ძირითად 5 კითხვას და რა ფორმულირებით, ანუ, რა წინასწარ "მოფიქრებული დიზაინით" შესთავაზებდით რესპონდენტებს?
- ერთ-ერთი მაგალითი დიზაინით გამოწვეული გაუგებრობის უკვე მოგახსენეთ. როცა ყველას ეკითხები - ოპოზიციურ ლიდერთაგან ვის უფრო მეტად ენდობი? ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლების მომხრეები ხომ მათთვის უფრო ხელსაყრელ კანდიდატს აირჩევენ? შესაბამისად, მათი შეფასება ემატება შემდეგ გიორგი თარგამაძის მომხრეების შეფასებას და მივიღეთ პარადოქსული შედეგი. გიორგი თრგამაძეს უფრო ენდობიან, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ირჩევენ. და ეს გათვლადი შედეგი იყო. ანუ, კითხვარის შემდგენელმა უკვე იცოდა, რომ ასეთ პასუხს მიიღებდა. 

რაც შეეხება იმას, მე რომ საზოგადოებრივი გამოკვლევის დირექტორი ვიყო. რა თქმა უნდა, დავსვამდი სტანდარტულ კითხვას - დღეს რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს? მაგრამ, ამავე დროს გამოვიკვლევდი რესპონდენტების აზრს იმ საკითხებზე, რაც ხელისუფლების და ოპოზიციის დებატებში ხშირად ისმის. მაგალითად, - შეიძლება თუ არა, დამყარდეს წესრიგი ძალადობის გარეშე? საჭიროა თუ არა მოლაპარაკება ოკუპანტთან? ჩინოვნიკების მაღალი ხელფასები კორუფციისგან დაცვაა, როგორც ამას ხელისუფლება ამბობს, თუ - შეტრიალებული კორუფცია? 

- ანუ, ეს როგორ უნდა გავიგოთ? 
- ანუ, ხომ არ არის ეს ჩინოვნიკებისთვის ბიუჯეტიდან გაღებული ქრთამი, რომლის გამო ჩინოვნიკები ხელისუფლებას ემორჩილებიან და მისადმი ლოიალურები არიან? ამ და სხვა კითხვებს იმის გამო დავსვამდი, რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ ასეთი სურათი - მოქალქეები ხელისუფლებას ირჩევენ, ოღონდ კონკრეტულ საკითხებში ისინი არ იკავებენ იმ პოზიციას, როგორიც ხელისუფლებას აქვს. აი, ასეთი ლოგიკური შეუსაბამობები მერე მიგვითითებს იმაზე, რესპონდენტს შეეშინდა თუ არა პირდაპირ კითხვაზე პასუხის გულწრფელად გაცემა. ასეთი სხვა, გადამოწმებადი კითხვებით შეიძლება მეტ-ნაკლებად იმის პროგნოზი, რეალურად როგორ მოიქცევა ამომრჩეველი საარჩევნო ყუთთან მისვლის დროს.