ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს 24 საათი ტელევიზორში ვხედავთ, მასმედიასთან ურთიერთობა არ არის

ის, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს 24 საათი ტელევიზორში ვხედავთ, მასმედიასთან ურთიერთობა არ არის"

"დახურულობა მასმედიის მიმართ არის ერთ-ერთი პრობლემა, რაც გამოარჩევს ბოლოდროინდელ სააკაშვილს და განასხვავებს მას 2003-წლამდელი, ასევე რევოლუციის შემდგომი პირველი წლების სააკაშვილისგანაც. ვხედავთ, რომ სააკაშვილი დგამს ნაბიჯს პოლიტიკოსობისკენ, ისევ ცდილობს გახდეს პოლიტიკოსი მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა სერიოზული გამოწვევა შეუქმნა. ცდილობს, ელაპარაკოს ქართველ ხალხს, მაგრამ ადვილი შესამჩნევია, რომ ყველაფერი ეს იმიტირებული და დადგმულია", - აცხადებს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "საქართველოში ყველა ძირეულ საქონელზე მონოპოლიაა ჩამოყალიბებული" / "იმის დაფიქსირება, რომ აფხაზეთი რაიმე ფორმით არ არის საქართველოს ნაწილი, საშიშია" / "როგორ ბალანსდება კოეფიციენტი შიშისა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში". 

"სამარცხვინოა კადრები, სადაც ვხედავთ, როგორ დაჰყვებიან სააკაშვილს ავტობუსებით ტაშის დამკვრელები თუ აღტაცებული მხარდამჭერები. ამ ვირტუალური რეალობის შემკვრელი და შემფუთველია ნაციონალურად მაუწყებელი ტელევიზიები. ფაქტობრივად, საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე წელია რეალურ და არა დადგმულ კითხვებზე პასუხი არ გაუცია. პრეზიდენტი არ ურთიერთობს მასმედიასთან, თუ არ ვიგულისხმებთ იმ ფორმატებს, რომელსაც თვითონ დგამს და სადაც კითხვებიც და პასუხებიც წინასწარ არის მომზადებული. შეგვიძლია გავიხსენოთ, რამდენად შოკისმომგვრელი იყო სააკაშვილისთვის, როდესაც მას არა ჟურნალისტმა, არამედ დეპუტატმა დაუსვა რეალური და წინასწარ მოუმზადებელი შეკითხვა. მაშინ დავინახეთ, რომ მისთვის არამცთუ კრიტიკის, შეკითხვის მოსმენაც კი ძალიან რთულია. რეალურად სააკაშვილს გამოუმუშავდა სტილი, რომლის თანახმადაც, ის ცალ კარში თამაშობს წინასწარ მოგებულ თამაშს. აქ არის თამაში მხოლოდ მოწყობილ და წინასწარ გაწყობილ მოედნებზე, სადაც მხოლოდ მოწინააღმდეგის კარი დგას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი მარგველაშვილი. 

"მინდა ყურადღება გაამახვილოთ იმ ფაქტზე, რომ სააკაშვილმა, როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელმაც თავის ხალხს ანგარიში უნდა ჩააბაროს, რომელიც უნდა პასუხობდეს ხალხის კითხვებს, რამდენიმე წელიწადია გაწყვიტა ურთიერთობა მასმედიასთან. ის, რომ ჩვენ სააკაშვილს 24 საათი ტელევიზორში ვხედავთ, მასმედიასთან ურთიერთობა არ არის. გასაოცარია, რომ თავის იდეოლოგიურ და იდეურ მამას - პუტინსაც ჩამორჩება ამ თვალსაზრისით. გვინახავს, როგორ შედის პუტინი დებატებში მასმედიის ამა თუ იმ წარმომადგენელთან. პრეზიდენტისგან მოდის ასეთი მესიჯი, რომ მხოლოდ დადგმულ შეხვედრებს უნდა გადავცემდეთ საათობით და თავისუფალი ჟურნალისტის თავისუფალი შეკითხვა არ შეიძლება გაისმოდეს. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ დებატების ფორმას, რომელიც თქვენ ახსენეთ - აქ უშვებენ იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც არ აქვთ გადაწყვეტილების მიღების უფლება. ანუ ხელისუფლების საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმულა ასეთი გახლავთ: დებატებში მონაწილეობენ პირები, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, ხოლო ისინი, ვისაც გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ, ვრცელი მონოლოგებით შემოიფარგლებიან საზეიმოდ დადგმული შეხვედრების დროს", - განაგრძობს რესპონდენტი. 

"არ შემიძლია ყურადღება არ გავამახვილო ბოლო სააგიტაციო შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც ჩვენმა მეზობლებმა და ჩვენთან დაპირისპირებულმა ჯგუფებმა შეიძლება გამოიყენონ. ეს იყო მისი გრძელი პოლიტიკურ-კულტუროლოგიული ექსკურსი აფხაზეთთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ კონსტიტუციის ის მუხლი, სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი ვალდებულია, იზრუნოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის და შეინარჩუნოს იგი. პრეზიდენტის მხრიდან დაფიქსირება პოზიციისა, რომ აფხაზეთი რაიმე ფორმით მაინც იყო დისკრიმინებული ან არ იყო ერთიანი საქართველოს შემადგენელი ნაწილი, საშიშია. შეიძლება, სააკაშვილი ღრმად არ უფიქრდება იმას, რასაც ამბობს... ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არ გულისხმობს მხოლოდ ადმინისტრაციულ საზღვრებს და სადღაც მესაზღვრის დგომას, გულისხმობს იმ ამბიციასაც, რომ მრავალეთნიკური და მრავალკულტურული ქვეყანა იყოს შეკრული და ერთიანი. შესაბამისად, პრობლემურია, როცა პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ ერთიანობას", - მიიჩნევს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი. 

"მახსოვს, როდესაც სააკაშვილი რამდენიმე ენაზე მიმართავდა აუდიტორიას - აფხაზურად, ოსურად და ეს მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენ ვართ მრავალეთნიკური სახელმწიფო. პრეზიდენტის მოვალეობა არა მხოლოდ ერთიანობის ხაზგასმა, არამედ მეტი სიახლოვის მიღწევაა. სააკაშვილს ჰქონდა ეს ამბიციები, როცა ოსურად და აფხაზურად მიმართავდა თუნდაც თბილისში აღლუმის ჩაბარებისას საქართველოს მოსახლეობას. ეს ძალიან კარგი მესიჯი იყო მაშინ. დღეს კი შემაშფოთებელია სახელმწიფოს პირველი პირისგან კითხვის ნიშნების დასმა და განსხვავებებზე ხაზგასმა. განსხვავება არათუ ხალხებს, ორ ადამიანს შორისაც კი არის. ჩვენი მთავარი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, განსხვავებების შემკრები და შემქმნელი ერი და სახელმწიფო ვიყოთ. თუ განსხვავებების ძებნას დავიწყებთ, მთელი ნატო-ს ჯარი რომ აფხაზეთსა და ოსეთში ჩადგეს და მიმოქცევაში მხოლოდ ლარი იყოს, მათ ვერასოდეს დავიბრუნებთ", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "გასულ კვირაში კიდევ ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები გამოქვეყნდა. ვითარებაში, როდესაც კონტროლის პალატა პოლიტიკური ნიშნით იბარებს ხალხს და არცთუ ცივილიზებული მეთოდებით აწარმოებს მათ დაკითხვას, როდესაც პოლიციური კონტროლი აშკარად ჩართულია პოლიტიკაში, რა სარგებლობის მომტანი შეიძლება იყოს არჩევნების წინ მსგავსი სოციოლოგიური გამოკითხვა?" - პასუხობს:

"სოციოლოგია არის მეცნიერება და მას აქვს თავისი შემოწმების შეფასებისა და გადაფასების ბევრი კრიტერიუმი. სოციოლოგიური დასკვნები მეცნიერული კვლევის შედეგია და თუ ამ თვალსაზრისით მივუდგებით იმ დასკვნებს, რომელიც მუდმივად ქვეყნდება, ბევრი შეკითხვა შეიძლება დავსვათ. თუმცა მთავარი კითხვა, რომელიც მე მიჩნდება ნებისმიერი კვლევის მიმართ არის ის, როგორ ბალანსდება კოეფიციენტი შიშისა, რომელიც არსებობს საზოგადოებაში. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი განმსაზღვრელი არის რაოდენობა იმ ხალხისა, ვინც პასუხისგან თავი შეიკავა და ეს მაჩვენებელი საქართველოში 40%-მდე ადის. ის 60%-იც, რომელიც პასუხს აძლევს, ამ გარემოს ნაწილია და, შესაბამისად, დაშინებისა თუ ზემოქმედების ქვეშ არის. ამ მაჩვენებლის გაბათილების არანაირი კვალიფიციური მექანიზმი ჯერ არ მინახავს და არც ერთი სოციოლოგისგან არ მომისმენია".