ცხვარი, ღვინო და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა?

ცხვარი, ღვინო და ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა?

 

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ განხორციელებულ სამართალდარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას და რეაგირებისთვის კონტროლის პალატას და პროკურატურას მიმართავს. კოალიცია ”არჩევანის თავისუფლებისა” და ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებული განცხადებების თანახმად, აშკარაა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ”პოლიტიკური პარტიების შესახებ” კანონისა და სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეული ნორმების უგულებელყოფის ფაქტები. არასამთავრობო ორგანიზაციები კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურს ამ ფაქტების შესწავლისკენ მოუწოდებენ.

ფაქტი, რომელმაც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ყურადღება მიიპყრო, შემდეგია: 2012 წლის 14 და 15 აპრილს რუსთავის საკრებულოს წევრმა თამაზ გველუკაშვილმა რუსთავის მე-15 და 21-ე მიკრორაიონებში, ასევე თოდრიას, ლომოურისა და ლეონიძის ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობას ცხვარი და ღვინო გაუგზავნა საჩუქრად. სააღდგომო საჩუქარი ზოგიერთ უბანში რუსთავის გამგეობის და ქვემო ქართლის გუბერნიის თანამშრომლებმაც დაარიგეს, მაგრამ მაინც ხაზგასმით ითქვა, რომ ძღვენი თამაზ გველუკაშვილმა გასცა. მომხდარის შესახებ არაფერი იცის რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კახა ბარათაშვილმა:

”მასე უამრავი რამის თქმა შეიძლება. მე ჩემი კოლეგის მხრიდანაც ვერაფერს ვიტყვი. ეს უნდა გაარკვიოთ მათთან.“ 
 
მათთან, ანუ რუსთავის მოსახლეობასთან, ინფორმაციის გადამოწმება შეძლო „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“. მოსახლეობამ ანონიმურად დარჩენა ისურვა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ თანახმად კი, საჩუქრის გამგზავნი პირი, რუსთავის საკრებულოს წევრი თამაზ გველუკაშვილი, პოლიტიკურ პარტიასთან ასოცირდება, რაც ამ პირის პოლიტიკური მიზნების არსებობას უსვამს ხაზს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის შეფასებით, ზემოხსენებული ფაქტი შესაძლოა ორი ტიპის დარღვევას გულისხმობდეს: 

”თუ ამ საჩუქრების შესყიდვა მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მაშინ აქ ცალსახად არის ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება; თუ მოხდა პარტიის ბიუჯეტიდან, მაშინ ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა. ეს ყველაფერი უნდა შეისწავლოს კონტროლის პალატამ და პროკურატურამ. ჩვენ მათ მივმართეთ ოფიციალური წერილით და იმედი გვაქვს, რომ გამოგვეხმაურებიან. ორივე შემთხვევაში არის დანაშაული.”

ეკა გიგაურის თქმით, მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია იკვეთებოდეს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ კანონის მე-5 პრიმა მუხლისა და სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლის დარღვევა. პირველის თანახმად, აკრძალულია პარტიის ან სხვა ნებისმიერი პირის მეშვეობით საჩუქრის გადაცემა, გარდა კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარებისა; ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით, პოლიტიკური მიზნით ”ნებისმიერი” ”ქონების” გადაცემა, გარდა კამპანიის მცირე ღირებულების მქონე აქსესუარებისა, სისხლის სამართლის დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

 ”პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონისა და სისხლის სამართლის კოდექსის ზემოხსენებული მუხლების დარღვევაზე, თავის მხრივ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიუთითებს კოალიციაც ”არჩევანის თავისუფლებისთვის”. კოალიციამ რამდენიმე ფაქტი მოიძია. კერძოდ, 2012 წლის 5 აპრილს რესტორან ”კოსმოსში” „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, მათ შორის ქალაქის მერი გიგი უგულავა და განათლების მინისტრის მოადგილეები კოკა სეფერთელაძე და ირინა ქურდაძე, 400-მდე პედაგოგს შეხვდნენ. შეხვედრაზე, კოალიციის თანახმად, თბილისის მერი და სხვა თანამდებობის პირები მმართველი პარტიის სასარგებლოდ პოლიტიკურ აგიტაციას ეწეოდნენ, ქალაქის მერის განცხადებით კი, ეს პარტიული კონფერენცია იყო. ”არჩევანის თავისუფლების” მიერ შეგროვილი მასალებით, პარტიულ-წინასაარჩევნო ხასიათი ჰქონდა ასევე 20 აპრილს რესტორან ”ელიტში” ნაციონალური მოძრაობის ლიდერების კიდევ ერთ შეხვედრას პედაგოგებთან. ამ შეხვედრებზე ისინი მიკროავტობუსებით უფასოდ მიიყვანეს, შეხვედრის დასრულების შემდეგ კი გაუმასპინძლდნენ. კოალიციის შეფასებით, კანონის დარღვევის კიდევ ერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი 30 მარტს რესტორან ”სენატში”, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების პარტიის კოორდინატორებთან შეხვედრა გაიმართა. კოალიციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, სიტყვით გამოსვლის შემდეგ გიგი უგულავამ აუდიტორიას მიმართა, რომ, სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ თავიანთი თხოვნები წერილების სახით ერთ-ერთი ქალბატონისთვის ჩაებარებინათ და მათზე ტელეფონის ნომრებიც მიეწერათ. კოალიცია ”არჩევანის თავისუფლების” ექსპერტის, ირაკლი მელაშვილის შეფასებით, აქ იკვეთება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები:

 ”როდესაც ქალაქის მერი ითხოვს, რომ მას მიაწოდონ თხოვნები, რაც გააჩნიათ, და ზედ ტელეფონის ნომრები მიუთითონ, აქ ლაპარაკია პირად თხოვნებზე. აბა, გზის შეკეთებაზე ტელეფონის ნომრები რად უნდა. ეს არ არის მერის უშუალო მოვალეობა და ფუნქციები. ვინაიდან ეს იყო წინასაარჩევნო შეხვედრა და თავად გიგი უგულავა აცხადებს, რომ ეს წინასაარჩევნო შეხვედრები იყო, ისინი წინასაარჩევნო შეხვედრების დროს, როგორც პარტიის წარმომადგენლები, ფაქტიურად ჰპირდებოდნენ მოქალაქეებს მატერიალურ სიკეთეებს.”

ჰქონდა თუ არა ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კანონდარღვევებს ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, კონტროლის პალატის შესაფასებელია. კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილის თინა ბოკუჩავას განმარტებით, კოალიცია ”არჩევანის თავისუფლების” განცხადებაში ასახული ფაქტების შესახებ კონტროლის პალატა ინფორმირებული იყო და რეაგირებაც მოახდინა:

” ჩვენ გავაგრძელებთ ამ საკითხის შესწავლას. რა თქმა უნდა, მიღებული ინფორმაცია დამუშავდება, მოხდება შესაბამისი ანალიზი და გავითვალისწინებთ, როდესაც ჩატარდება ფინანსური აუდიტი. რუსთავის ფაქტს რაც შეეხება, იქ საუბარია სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებზე, რაც, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციას განეკუთვნება, მაგრამ ჩვენს კომპეტენციაში რაც არის, კონტროლის პალატა შეისწავლის.”