ზუგდიდში პროკურატურასთან ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენას, "საჯარო მოხელეების დადებული" უწოდა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. ხოლო საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი გიორგი ვოლსკი სამეგრელოში მომხდარ ფაქტს საქართველოს ხელისუფლებისა და რუსეთის მხრიდან სიტუაციის ხელოვნურ დაძაბვას უკავშირებს.
სამართალდამცავების ცნობით, ასაფეთქებელი ნივთიერება ზუგდიდში ეჭვმიტანილს აფხაზეთიდან შემოჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე არ ასახელებს დაკავებულის ვინაობას. "შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ დაკავებულია პიროვნება, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა და ასაფეთქებელი ნივთიერება გადმოიტანა ქ.ზუგდიდში. "ნივთიერება ამოღებულია და გაუვნებელყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის განაღმვის სამმართველოს მიერ. საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი", - აცხადებს სამინისტრო. თუმცა დამატებითი ინფორმაცია, თუ ვინაა დაკავებული და რისთვის ჰქონდა მას ასაფეთქებელი ნივთიერება, ჯერჯერობით არ ვრცელდება. კონფლიქტოლოგი გიორგი ზირაქიშვილი არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან მსგავსი ფაქტების განმეორებას არ გამოიცხავს. "საფრთხე არსებობს, რადგან საქართველოს ტერიტორიის ეს ნაწილი ქართული ხელისუფლების მხრიდან ვერ კონტროლდება, შესაბამისად, შესაძლოა, კიდევ გადმოტანილ იქნას არასასურველი ნივთიერებები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას პრობლემები შეექმნას", - ამბობს ის "რეზონანსთან" საუბარში. კონფლიქტური რეგიონიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენელი თორნიკე კილანავაც, თუმცა ზუდიდში მომხდარ ფაქტზე კონკრეტულ დეტალებს არ ახმაურებს. "კონფლიქტური რეგიონი, რომელიც ვერ კონტროლდება ლეგიტიმური ხელისუფლების მიერ, საფრთხის შემცველია. ეს არის რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორია, საიდანაც მოსალოდნელია კიდევ უფრო სახიფათო მოვლენების განვითარება. ეს ტერიტორია ბევრი უბედურების მომტანი შეიძლება გახდეს ჩვენი მოსახლეობისათვის", - უთხრა მან "რეზონანსს". ზუგდიდში მყოფმა კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამ რეგიონში დარჩენას აპირებს, მომხდარს "საჯარო მოხელეების პროვოკაცია უწოდა". "საჯარო მოხელეების დადებული და შემდეგ გაუვნებელყოფილი ბომბები ვერავის შეაშინებს", - განაცხადა "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით ალასანიამ გუშინ ზუგდიდის კულტურის სახლში გამოსვლისას. საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი გიორგი ვოლსკი სამეგრელოში მომხდარ ფაქტს საქართველოს ხელისუფლების და რუსეთის მხრიდან სიტუაციის ხელოვნურ დაძაბვას უკავშირებს. "წინასაარჩევნო პერიოდში ვითარების დაძაბვა ხელსაყრელია, როგორც ჩვენი ხელისუფლებისათვის, ასევე რუსული მხარისთვის. "ეს დაძაბულობა საშუალებას აძლევს ხელისუფლებას, გაამკაცროს კონტროლის რეჟიმი, ზედამხედველობა რეგიონში და საერთოდ ეს საკითხი მოხერხებულად შეუთავსოს მოქალაქეებზე ზეწოლის სტრატეგიას, რომელიც მას უკვე დიდი ხანია, გააჩნია. "ამ რეგიონში დაძაბულობის შექმნა რუსეთისთვის დამატებითი საშუალებაა, რომ ვითარება არ შეცვალოს და კვლავ დარჩეს საქართველოს ხელისუფლებასთან გაბუტვის რეჟიმში, რაც კომფორტულ სიტუაციას უქმნის მას. "რუსებმა გამოიყენეს ირაკლი ალასანიას განცხადება შეიარაღებულ ფორმირებებთან დაკავშირებით, საიმისოდ, რომ მოეხდინათ ევროკავშირის დისკრედიტაცია, მაგრამ ამავე დროს ირიბად ოპოზიციასაც გაჰკრეს კბილი. "ეს არანაირ შემთხვევაში აფხაზების ინტერესებში არ შედის, პირიქით, ევროკავშირთან მათ ურთიერთობის განვითარება სურთ, მაგრამ რუსეთს არ აწყობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა შევიდეს კონფლიქტის ზონაში. "აქედან გამომდინარე, ხდება ვითარების ხელოვნური დაძაბვა. რასაკვირველია, არც ისაა გამორიცხული, რომ ვიღაცა მართლა აპირებდა აფეთქების მოხდენას. "ალასანიას განცხადებასთან ნებისმიერი მოვლენის დაკავშირება, ეს არის პოლიტიკური თამაშები, რომელიც აწყობს ხელისუფლებას, რათა ზეწოლა გაზარდოს მოქალაქეებზე", - ამბობს გიორგი ვოლსკი "რეზონანსთან" საუბარში. |