ამანაც მოირგო. შედგა ცერებზე. აპაკუნდა ქუთაისის ლადო მესხიშვილის გარემონტებული თეატრის სცენაზე, დადგა საველე ტრიბუნასთან და ისეთი ფუეტეები დაატრიალა, ისეთი პა დე პუასონები ისკუპა, ანა პავლოვას, ოლგა ლეპეშინსკაიას, ვერა წიგნაძეს და ვახტანგ ჭაბუკიანს, ერთად აღებულთ, თავბრუს დაახევდა.
ქუთათურების გიკვირთ?
ამათი ქალაქის მესვეურებს ისე გადაუტრიალდათ ტვინები, რომ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ჯგუფის მიერ ტროტუარზე დანთებულ სანთლებს ქუჩის სარწყავი მანქანით ისე დაუნდობლად დასცხეს წყლის ჭავლი და ისე შეუტიეს, როგორც ჰიტლერელების “ფერდინანდებმა” ჩვენს ტ-34-ებს კურსკის ბრძოლაში.
და... აფეთქდნენ.
მეორე დილით ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი კაკო ბობოხიძე ღიმილიანი ცინიზმით იკვირვებდა: _ წყლის ჭავლით დაშალეს აქცია?! იკვირვებდა, რადგან დაშლა მას წარმოდგენილი აქვს, როგორც 26 მაისის ბართლომეს ღამეს სააკაშვილის ზონდერ ბრიგადების მიერ საპროტესტო კრების სისხლიანი დარბევა.
მორწყეს! რადგან ქუთაისში საკმაოდ ცხელა და _ არავითარი პოლიტიკა!
ხოლო მიხეილმა ისეთი ცეცხლი დაანთო ქუთაისობის დღეს, რომ კინაღამ გადაწვა ქალაქი “თავის დუქნებიანადო”. და ფერფლად ქცეული ცოდვილი სხეული ანაკლიის “წარმოუდგენელი აურის” მქონე ჭაობებს მიმოაბნია, როგორც პიჯაკის ლაცკანიდან მოწყვეტილი გვირილის ფურცელი _ სიცოცხლეში აღსრულებული ანდერძი: “მინდა ჩემი ფერფლი ანაკლიის მიწას მოაფინონ, როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები”.
წარმავალნი ვართ ყველანი, როგორც სიცოცხლე _ წუთი სოფელი. სამაგიეროდ რჩება სიტყვები, აზრი და დებულება, ფრიდრიხ ენგელსის “ანტიდიურინგის” მსგავსი “ანტი მესროპ მაშტოცი”: “...ჩემი მიწა არის კახეთი და აღმოსავლეთ საქართველო (ეტყობა, კახეთი აღმოსავლეთ საქართველოდან, როგორც დედაქალაქი თბილისიდან, სხვაგანაა გადატანილი. _ ბ.ი.), სადაც სახლი მაქვს. ასე არის ყველა ქართველი, ამიტომ არის, რომ თბილისი არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად კავკასიის დედაქალაქი. თბილისი არის დედაქალაქი როგორც სომხეთის, ისე აზერბაიჯანის, ისტორიულად და კულტურულად”.
ხალხო! არ წააკითხოთ ეს რახათ-ლუქუმი ჩვენს მეზობლებს, თორემ ჩეჩნეთის კამპანია მონაგონი იქნება, და აქამდე დაკარგულ ტერიტორიებს “დაბრუნებულ აჭარასაც” მივუმატებთ: “ჩვენ გვქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული მიწა დაკარგული ვარდების რევოლუციისთვის და ამას ერქვა აჭარა”.
ისწავლე ქართული, სწავლის მძებნელო!
მაგრამ რატომ იყო “ვარდების რევოლუციისთვის დაკარგული” აჭარა, ეს “მნიშვნელოვანი მიწა(!)”, ამიხსენით, მადლობას გეტყვით...
სააკაშვილს, ეტყობა, მისი თაყვანისმცემლების სლოგანი _ “აცალეთ, ბატონო!” ისე მოსწონს, რომ საარჩევნო კამპანიის დროშად გამოიტანა.
“დამაცადეთ კიდევ 2-3-4 წელიწადი და, გაძლევთ გარანტიას, რომ წყალტუბოს ევროპაში ყველაზე მაგარ ადგილად ვაქცევ!”
დააბოლა იმერლები და ბრძანებასავით შესთხოვა: _ მაცალეთ კიდევ!
2-3-4 ოცდახუთამდე ისე გაგრძელდება, როგორც თქვენი მოწონებული, და თუ მოგწონთ გარანტორი, დაუჯერეთ!
გარანტირებული გექნებათ მიშას პირველკაცობა და მშვიდობაში მოგახმაროთ!
ამასობაში, როგორც უბნის საფუნთუშეს, ან შვიდკაციან ამბულატორიას, “გახსნის” ბაგრატის ტაძარს: “სექტემბერში ვხსნით ბაგრატს ზუსტად იმ პროექტით, როგორც იუნესკოს სურდა. ჩვენთვის ეს ბევრად მეტია, ვიდრე პროექტი (!). ესაა სიმბოლო...” და _ მორიგი აბდაუბდა: პროექტი სიმბოლო?!
უსმინა, უსმინა ამ სიტყვამრუშობას თურქეთის ქვეშევრდომმა ოსტაპ ბენდერმა და გარდაიცვალა.
მიშას დარჩა მოედანი!
სცენაზე კი ცეკვავდა პრიმაბალერინა პლისეცკაია:
“ასეც კაია, ისეც კაია...”