პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნება" ხალხმრავალი აქციის გამართვას აპირებს. "ამ ხელისუფლებას არ მივიჩნევთ იმის ღირსად, რომ რამე მოვთხოვოთ. მათ ჩვენ უბრალოდ, ოქტომბრამდე ვაძლევთ ვადას"... -განაცხადა პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ. გაერთიანება 26 ან 27 მაისს ბორის პაიჭაძის ან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აქციის გამართვას აპირებდა, მაგრამ შესაძლოა, ხელისუფლებისგან ამის ნებართვას ვერ ეღირსოს... როგორც პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, ივანიშვილის ტაქტიკა დღემდე, ქართული რეალობისთვის უჩვეულო და აკადემიური იყო; ყველაფერი ივანიშვილის მოქალაქეობისა და პარტიის შექმნის ანუ ტექნიკური საკითხების გარშემო ტრიალებდა; სხვა დამატებითი საინფორმაციო საბაბი ივანიშვილის საზოგადოებრივ აქტიურობას არ ჰქონია; 6 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, ამით ეჭირა საინფორმაციო სივრცე და -წარმატებითაც... რატომ გადაწყვიტა "ქართულმა ოცნებამ" ქუჩაში გამოსვლა, შეცვალა თუ არა კოალიციამ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები და რას შეიძლება ველოდეთ მომავალში ამ გუნდიდან? ამ კითხვებით, "ქართული ოცნების" წარმომადგენელს -ელისო ჩაფიძეს მივმართეთ. -ბრძოლის სტრატეგია ნამდვილად არ შეგვიცვლია. "ქართული ოცნება" ისევ აგრძელებს პარტიულ მუშაობას ორგანიზაციული სტრუქტურების ჩამოყალიბებაზე. ორი დღის წინ პოლიტიკური საბჭოს სხდომა ჩავატარეთ, სადაც საკმაოდ ბევრი ორგანიზაციულ-სამართლებრივი საკითხი განვიხილეთ. ჩვენი მომხრეები ხშირად გვსაყვედურობენ, -აქტიურები რატომ არ ხართო? სინამდვილეში ძალიან აქტიურები ვართ, მაგრამ ჩვენ მიერ ჩატარებული სამუშაოს 90% არ ჩანს. პარტიის საინიციატივო ჯგუფის ყველა წევრი, ფაქტობრივად, 24 საათის განმავლობაში მუშაობს. რაც შეეხება აქციას, პარტიის ლიდერები ხალხმრავალი აქციების გამართვის შესაძლებლობას არ გამოვრიცხავთ, უბრალოდ, ადრე ამის გაკეთებას საჭიროდ არ მივიჩნევდით. პირადად მე და ჩემს მომხრეებს გვინდოდა, საპროტესტო აქცია 4 აპრილს მოგვეწყო და ის ფაქტი გაგვეპროტესტებინა, რომ ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე აბსოლუტურად უკანონოდ უთხრა უარი. ჩემი და ჩემი თანამოაზრეების იდეა ბატონმა ბიძინამ არ გაიზიარა. მაშინ ამის გამო უკმაყოფილო ვიყავი, მაგრამ ახლა ვხვდები, რაშიც იყო საქმე. ეს ადამიანი მხოლოდ გლობალურ თემებზე ფიქრობს და საჭიროდ არ მიიჩნევს, რომ საზოგადოება პირადად მასთან დაკავშირებული საკითხების გამო შეაწუხოს. 26 მაისი, გარდა იმისა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისა და კონსოლიდაციის დღეა, ასევე არის დღე, როდესაც სააკაშვილის ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების სისხლში გაისვარა ხელები. სწორედ ამიტომ, 26 მაისს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და აგრეთვე, გამოვხატავთ პროტესტს, ხელისუფლების უსამართლობის შედეგად დაღუპული ადამიანებისა და ასევე ხელისუფლების უპასუხისმგებლობის გამო დაკარგული ტერიტორიების გამო. ჩვენ სააკაშვილს დავანახვებთ, რამდენი მხარდამჭერი გვყავს და რა ძალას წარმოვადგენთ. -აქციის გამართვას ნინო ბურჯანაძეც აპირებს. მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებთ? -ბურჯანაძე 26 მაისს ნამდვილად გეგმავდა აქციის მოწყობას. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა "ქართული ოცნების" ლიდერებსაც შესთავაზა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ თავისი ღონისძიება გადაედო და ასპარეზი ჩვენთვის დაეთმო. ჩემი აზრით, არც ის იქნებოდა პრობლემა, რომ აქცია ერთად მოგვეწყო. 26 მაისი ისეთი დღეა, რომ ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის "ნაციონალებსაც" აქვთ უფლება, გამოვიდნენ და თავიანთი პროტესტი თუ სოლიდარობა გამოხატონ. მთავარია, ამ ყველაფერს მშვიდობიანი ფორმა ჰქონდეს. -რჩება შთაბეჭდილება, რომ "ქართულ ოცნებაში" კადრები ხშირად იცვლება, ზოგიერთი სახე კი (მაგალითად, ირაკლი ტრიპოლსკი, რატი ამაღლობელი, ბასა ჯანიკაშვილი) საერთოდ აღარ ჩანს; იმასაც ამბობენ, მათ "ქართული ოცნება" დატოვესო... -ეს ადამიანები ბატონი ბიძინას მრჩევლები არიან. მათ უარი თქვეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე. მაგალითად, რატი ამაღლობელს არ სურს, რომ პარტიულ დისციპლინას დაემორჩილოს და ურჩევნია, ისევ პოეტად დარჩეს. ჩვენ მათი მხრიდან აბსოლუტურ მხარდაჭერას ვგრძნობთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, პენსიების მომატება, სადაზღვევო პაკეტების გაუმჯობესება, ხელოვნებისა და კულტურის განვითარება... ბიძინა ივანიშვილს ჯერ ერთი ადამიანიც კი არ დაუკარგავს, რომელიც მის გვერდით იდგა. ყველას გარკვეული ფუნქცია აქვს მინიჭებული. ქვეყნის მშენებლობაში თითოეული მოქალაქის რუსურსის გამოყენებას ვაპირებთ. პოლიტიკური კოალიციის გეგმებში მცირედი კორექტივები ნამდვილად შედის ხოლმე, მაგრამ ეს ბუნებრივი პროცესია. როდესაც ვიკრიბებით, იმაზე კი არ ვსაუბრობთ, თუ ვინ რომელი ნომერი იქნება პარტიის სიაში, არამედ იმაზე, თუ ვის რისი გაკეთება შეგვიძლია. როგორც იცით, ჩვენი თავმჯდომარე მანანა კობახიძე გახლავთ, პოლიტიკური მდივანი -სოზარ სუბარი, აღმასრულებელი მდივანი -ნოდარ ხადური, საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი -თედო ჯაფარიძე, რეგიონული მდივანი -გელა ხვედელიძე. ორი დღის წინ პოლიტიკურ საბჭოშიც შევათანხმეთ ფუნქციები, მაგალითად, ბატონი ვანო კიღურაძე მეცნიერებისა და განათლების სფეროს უხელმძღვანელებს, ქალბატონი გუგული მაღრაძე -ახალგაზრდობისა და ქალთა სფეროს, საზოგადოებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობას მე ჩავიბარებ, ბატონი გურამ ოდიშარია შემოქმედებით კავშირებსა და დევნილებზე იზრუნებს. -ყველას ეგონა, რომ პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მეუღლე იქნებოდა; საბოლოოდ, არჩევანი მანანა კობახიძეზე რა ნიშნით შეაჩერეს? -თავმჯდომარის პოსტზე ქალბატონი მანანას კანდიდატურა თავად ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. შემდეგ ეს საკითხი საინიციატივო საბჭოში განვიხილეთ და კობახიძის, როგორც სუფთა წარსულის მქონე ადამიანის, კანდიდატურას უმრავლესობამ დავუჭირეთ მხარი. პირადად ჩემთვის ეს ქალბატონი აბსოლუტურად მისაღებია და სულაც არ ვფიქრობ, რომ დროებითი თავმჯდომარეა. სხვათა შორის, პოლიტიკურ საბჭოში თითოეული ჩვენგანი ორი წლით არის არჩეული. -კადრებთან დაკავშირებულ საკითხებს მხოლოდ საბჭო იღებს თუ -კოალიციაში შემავალი სხვა ძალებიც? -პარტიის მშენებლობის შესახებ შიდა გადაწყვეტილებებს "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო იღებს. თუმცა არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებს ყველა ერთად ვიღებთ და კოალიციაში არსებულ საერთო წესებს ვემორჩილებით. კოალიციას თავისი პოლიტიკური საბჭოც აქვს, სადაც ჩვენი სამი წარმომადგენელია. ჯერჯერობით ურთიერთობები ძალიან ჰარმონიულად ვითარდება. |