"რეგისტრაციაში გაუტარებლობისა და მორიგი ხელოვნური ბარიერის შექმნის ალბათობა დაშვებულია იმ გამოცდილებიდან გამომდინარე და იმ ანალიზის საფუძველზე, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კეთდება ანუ როგორ იქცევა ხელისუფლება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში. იქცევა აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ, ქმნის ხელოვნურ, უკანონო ბარიერებს, რომ მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს მაქსიმალური პრობლემები შეუქმნას და პოლიტიკური ბრძოლის არენიდან განდევნოს", - აცხადებს ეკა ბესელია გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ეკა ბესელია: "რეპრესიებით ხალხს ვერ დააშინებენ".
"ამ გამოცდილების გათვალისწინებით და იმ კონტროლის დაკარგვის ფონზე, რა დროსაც სააკაშვილი შეცდომას შეცდომაზე უშვებს, რამის გამორიცხვა პოლიტიკურად არასწორია. ამიტომ იყო დაშვებული მანანა კობახიძის მიერ ეს პროგნოზი. ყველაფერი უნდა დაუშვა, იმდენად არაადეკვატურია უკვე სააკაშვილი. მაგრამ თუ ვლაპარაკობთ კანონისა და სამართლის ენაზე, რა შეიძლება მოხდეს, უახლოეს მომავალში ველოდები ერთადერთ გადაწყვეტილებას, რომ პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" უნდა დარეგისტრირდეს. იმიტომ, რომ ყველა თანმხლები დოკუმენტი, რომელიც წარედგინა იუსტიციის სამინისტროს, ზუსტად კანონის მოთხოვნების შესაბამისად არის წარდგენილი. მათ შორის, ჩვენ გავითვალისწინეთ კანონის ნათქვამი, რომ რეგისტრაციისთვის აუცილებელია პარტიის 1000 წევრის ხელმოწერა. ჩვენ დავუშცვით ის, რომ შეიძლებოდა იუსტიციის სამინისტროს ხელოვნურად რაღაც ხარვეზები აღმოეჩინა, რამე არ მოსწონებოდა, ვიღაც გადაეხაზა - ამიტომ ორჯერ მეტი - 2201 ადამიანის ხელმოწერა წარვადგინეთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია.
"პრაქტიკულად არ არსებობს არანაირი თეორიული საფუძველი, რის საფუძველზეც შეიძლება იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაზე უარი თქვას. ვფიქრობ, პარტია ყველა შემთხვევაში დარეგისტრირდება. თუ რამე ხელოვნური პრობლემები შეიქმნება, ჩვენ ამასაც გადავლახავთ. არ არის აუცილებელი, ეს იყოს საარჩევნო კამპანიის გამოცხადებამდე. ეს პარტიის რეგისტრაციას ხელს არ უშლის. თუმცა რეგისტრაციის ვადა იწურება სწორედ 27 მაისს. იუსტიციის სამინისტროს აქვს ზუსტად ერთთვიანი ვადა, რომლის შემდგომაც მან გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. თუ არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მიიჩნევა, რომ პარტია დარეგისტრირებულია. ამიტომ ეს საკითხი პრაქტიკულად 26 მაისისთვის გარკვეული უნდა იყოს. იუსტიციის სამინისტრო ისე არ მოიქცევა, როგორც მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღების დროს მოიქცა. მაშინ ბოლო დღეს გამოაცხადა გადაწყვეტილება და ისიც მოუმზადებლად, დაუსაბუთებლად და უკანონოდ თქვა უარი", - დასძენს ეკა ბესელია.