ტელეკომპანია "მაესტროში" შეჭრის შემდეგ "ქართული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ეროსი კიწმარიშვილი მედიაში აღარ გამოჩენილა. საზოგადოების ნაწილს ჰგონია, რომ კიწმარიშვილი ისევ ნუცუბიძის ქუჩაზეა "გამაგრებული"... ჩვენთვის ცნობილი შეიქნა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა საქართველო დატოვა. ინფორმაცია "ქართული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესა და მთავარი კომიტეტის წევრ ლერი ლაფაჩთან დავაზუსტეთ.
- ლერი, ბოლო ხანს ეროსი კიწმარიშვილი არსად გამოჩენილა, ამბობენ, რომ მან დატოვა "ქართული პარტია"...
- ეროსი კიწმარიშვილი 5 თვეა პარტიის ოფისში აღარ გამოჩენილა და აღარც პარტიულ საქმიანობაში მიუღია მონაწილეობა. ჩემი ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილსა და ეროსი კიწმარიშვილს შორის, ბიძინა ივანიშვილის გამო, დაპირისპირება მოხდა და ბოლო თვეებია მათ კონტაქტი აღარ ჰქონიათ.
- უფრო კონკრეტულად შეგიძლია გვითხრა, რაზე ვერ შეთანხმდნენ?
- ივანიშვილის მიმართ ეროსი რადიკალური ნაბიჯებისა და დაპირისპირების მომხრე იყო, ირაკლი კი - ასეთი დაპირისპირების წინააღმდეგი, ამ თემაზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. თუ ბატონი ირაკლი და პარტიის სხვა წევრები საჭიროდ მიიჩნევენ, ისინი გააკეთებენ კომენტარს.
- ახლა ქვეყანაში საარჩევნოდ ემზადებიან, აპირებთ მონაწილეობას?
- ასეთ ვითარებაში არჩევნებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, მაგრამ ფორმალურად მივიღებთ თუ არა მონაწილეობას, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიგვიღია, ამ საკითხზე ვმუშაობთ. საკმაოდ ძლიერი სტრუქტურები გვაქვს რეგიონებში და არ არის გამორიცხული, მაჟორიტარობის კანდიდატები დავასახელოთ.
- ირაკლი ოქრუაშვილს რა გეგმები აქვს?
- ბატონმა ირაკლიმ განაცხადა, რომ ის არჩევნებამდე დუმილს შეინარჩუნებს და არჩევნების შემდეგ გააკეთებს კომენტარს. ისე, ამ რეჟიმის დემონტაჟის პროცესში "ქართული პარტია" ავანგარდში რომ იქნება, დარწმუნებული ვარ.