სააღდგომოდ, როცა პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, ოჯახთან ერთად, სოფელ ჭორვილაში იმყოფებოდა, ჰაკერებმა მის პერსონალურ კომპიუტერზე კიბერშეტევა განახორციელეს და საოჯახო ვიდეო-არქივი მოიპარეს. როგორც მოგვიანებით ივანიშვილის “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდის ადმინისტრაციამ განაცხადა, ვიდეოჩანაწერის მცირე ნაწილი, დამონტაჟებული სახით, ძალოვანი სტრუქტურებისგან კონტროლირებადმა ერთ-ერთი ინტერნეტ-ტელევიზიამ გაავრცელა, რაც ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის კიდევ ერთი უბადრუკი მცდელობა. აღნიშნული ვიდეო 1998 წლის 14 სექტემბერსაა გადაღებული და მასში ასახულია ბერა ივანიშვილის დაბადების დღე, სადაც პატარებსაც და დიდებსაც მოწვეული კლოუნები სხვადასხვა თამაშითა და შეჯიბრით ამხიარულებენ. მხიარულობენ ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ეკატერინე ხვედელიძეც. „ასეთი საქციელით მიხეილ სააკშვილის ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისთვის ისეთი რამ, რასაც ჰქვია ოჯახი, პირადი ცხოვრება, პრივატული სივრცე და ა.შ. საერთოდ არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს და ის ყველაფრის მკადრებელია. ისინი მხოლოდ სიბრალულს იმსახურებენ, რადგან არა აქვთ ამ ყველაფრის არც აღქმის და, შესაბამისად, არც განცდის უნარი,“ - ნათქვამია ივანიშვილის “ფეისბუქის” ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, სადაც, ასევე, აღნიშნულია, რომ უფრო მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რა კრიმინალური ჯაჭვია შექმნილი ინტერნეტ-პროვაიდერების მონაწილეობით ლოკალური და გლობალური ქსელებიდან პირადი და საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მიზნით და არის თუ არა ამის ორგანიზატორი საქართველოს ხელისუფლება. „ამ მიზნით დაწყებულია გამოძიება, უკვე ვფლობთ გარკვეულ ინფორმაციას და შესაძლოა, სულ მალე როგორც ქართულ, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას, ვამცნოთ ამჯერად ნამდვილად სკანდალური ინფორმაცია, თუ რასთან გვაქვს საქმე,“ - ნათქვამია ივანიშვილის ოფიციალურ გვერდზე. მომხდართან დაკავშირებით “ქართული სიტყვა” უსაფრთხოების საკითხების ექსპერტს, პოლკოვნიკ ბესიკ ალადაშვილს ესაუბრა: გამოდის, რომ მილიარდელებსაც უჭირთ ე.წ. კომუნიკაციური დაცვის უზრუნველყოფა და ჩვენ რაღა შეგვიძლია? - ჩვენ არ ვიცით, რა მეთოდით მოხდა ამ არქივის გატანა. შეიძლება, ვიღაცამ გახსნა კომპიუტერი და იქედან “ამოიღო”, შეიძლება, ივანიშვილს ის “ფეისბუქზე” ედო. ყველა ვარიანტში, პოლიტიკოსებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან პირადი ინფორმაცია. დღეს ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა ისეთი მდგომარეობის ადამიანისთვის, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, დაცვის მექანიზმი მაქსიმალურად არსებობს. მთავარია, გვერდით პროფესიონალი და სანდო ადამიანები ჰყავდეს. იმასაც გააჩნია, ვინ იცავს მის ინფორმაციას. ისე, საქმე სხვა რამეში მგონია - შესაძლოა, ივანიშვილის საოჯახო არქივი კომპიუტერიდან კი არაა წაღებული, არამედ, - რუსების, ანუ მათ მიერ, ვინც ეს ვიდეო ოდესღაც გადაიღეს. ჩანაწერში იყო მთელი შოუ-ბუმი, შოუ-სპეცები, რასაც ადრე “ფულიან ხალხში” აკეთებდნენ, დღესაც აკეთებენ ასეთ გადაცემებს. ამ გადაცემებს თვითონაც იწერენ და, როგორც ჩანს, მათ ძალიან დიდ ფულად გაყიდეს. წარმოიდგინეთ, მათთვის ეს რამხელა შემოსავლის წყარო გახდებოდა. ანუ, მიჰყიდეს დაინტერესებულ პირებს - ხელისუფლებას თუ ქართულ სპეცსამსახურებს? - მიჰყიდეს მათ, ვინც ფული გადაუხადა. არსებობს ძველი გამოთქმა, თაფლი იყოს და ფუტკარი ისპაჰანიდანაც მოფრინდებაო. ბესო, ტოტალური მოსმენების პარალელურად, როგორც ამბობენ, კონტროლი ინტერნეტზეც ხორციელდება და ჰაკერებს ნებისმიერისაიტისა თუ პირადი ელექტრონული ფოსტის გატეხვა შეუძლიათ. ვინ არიან ისინი, ვინც კიბერშეტევას ახორციელებენ და ვისმითითებებს ასრულებენ? - ინტერნეტით ინფორმაციის მიღება 21-ე საუკუნისა და, საერთოდ, გლობალიზაციის ერთ-ერთი მთავარი ნიშანსვეტი გახდა თუ არა, გაჩნდა აუცილებლობა და საჭიროება, რომ მოხდეს ინფორმაციის მოპარვა, გაფილტრვა და ანალიზი. ვინ დაიწყო ეს თავიდან - ჰაკერებმა, სახელმწიფომ თუ კონკრეტულმა მოყვარულთა ჯგუფმა, რომელიც ამას თავისი პროფესიონალური ნიჭის დასამტკიცებლად აკეთებდა, არავინ იცის. ფაქტია: ყველა ამ ჯგუფს აქვს ინტერესი, რომ გაიგოს სხვისი საიდუმლო. 100-200 წლის წინ ადამიანები ერთმანეთს წერილებს წერდნენ, ლუქავდნენ, ატანდნენ შიკრიკს და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს საიდუმლოება დაცული იყო. დღეს ზოგიერთი “ფეისბუქზე” მეგობარს ე.წ. პერსონალურში საიდუმლოს რომ გაუმხელს და ჰგონია, მარტო თვითონ იცის ამის შესახებ, ეს სასაცილოა. 17-18-19-ე საუკუნეების ურთიერთობა - ეპისტოლარული და წერილობითი - გაცილებით დაცული იყო, ვიდრე - დღევანდელი ელექტრონული ურთიერთობა. ინტერნეტიდან სასურველი ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ სპეცსამსახურებისთვის კი არა, ამ სფეროში განსწავლული ნებისმიერიადამიანისთვის ხელმისაწვდომია. ხომ ვერ მეტყვი, ამას როგორ ახერხებენ? - ამ სფეროში გაიწაფნენ ისინი, ვინც ინტერნეტში მეტ დროს ხარჯავენ და ცდილობენ, რომ ინტერნეტი მხოლოდ ინფორმაციის მიღების, ან გადაცემის კი არა, სხვის ინფორმაციაში ჩახედვის წყაროც იყოს. ნანა, წარმოიდგინე, ინტერნეტში დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი - 2 მილიარდი ადამიანია. აქედან ნახევარი თუ არა, მესამედი მაინც ცდილობს, ანუ 700-800 მილიონი “პატარა ჰაკერია”. ისინი ცდილობენ, გაიგონ, თუ რა ხდება, მაგალითად, მეზობლის, თანაჯგუფელის, თანამშრომლის, კლასელის, ან შეყვარებულის ინტერნეტ-გვერდზე. სხვის ინტერნეტ-გვერდებზე წვდომა და ინფორმაციის მოპარვა დანაშაულია, მაგრამ ეს ტექნიკურად შესაძლებელია. არსებობს როგორც დაცვის, ასევე, თავდასხმის მექანიზმი. როცა დაცვის მექანიზმი ამბობს, გიცავო, ეს, სხვათა შორის, თავდასხმაა და ამაში ჩაერთო სახელმწიფო სპეცსამსახურებიც, ანუ სტრუქტურები, რომლებიც მიხვდნენ, რომ საკმაოდ ხელსაყრელია ზედმეტი ხარჯების და აგენტურის გაგზავნის გარეშე, მიიღონ და გაფილტრონ ინფორმაცია. სპეცსამსახურებმა, თუ მათი ინტერესის ობიექტი ხარ, სოციალურ ქსელებში თუნდაც ძალიან ნეიტრალურად მონაწილეობდე, მშვენივრად იციან, სად მუშაობ, როგორ მუშაობ, ვინ გიყვარს, ვინ არ გიყვარს... გააჩნია თქვენი გულახდილობის ხარისხს, სტანდარტს. შეგნებულად არც ერთი სოციალური ქსელის წევრი არ ვარ იმიტომ, რომ იქ რეგისტრაციიდან იწყება ყველაფერი, მარტივი შკალაა - თქვენი ვინაობა, მისამართი, ტელეფონის ნომერი, იმეილი... თქვენ მარტივად და უნებლიედ აწვდით მათ ინფორმაციას. შემდეგ, ვინ როგორ გამოიყენებს ამ ინფორმაციას, კაცმა არ იცის. ადრე მოდაში იყო “ოდნოკლასნიკები”, რომელიც, როგორც ამბობენ, რუსული სპეცსამსახურების მიერ კონტროლდებოდა. რუსები და რუსეთის სპეცსამსახურები ამბობენ, რომ ვინაიდან “ფეისბუქი” ამერიკელების შექმნილია, მას ისინი აკონტროლებენ. გამოდის, დაცვის მექანიზმი არ არსებობს. არადა, ძნელია ამ ეპოქაში ინტერნეტის გარეშე... - გასაგებია, ვერ ჩავიკეტებით გამოქვაბულში, მაგრამ წერილს, ან ფოტოს რომ ვგზავნით, ესეც უკვე მნიშვნელოვანია სპეცსამსახურისთვის, თუმცა ადამიანის საჯაროობის ხარისხსაც გააჩნია. უბრალოდ, თავი უნდა აკონტროლო, შენი კონტროლის მთავარი მექანიზმი შენ უნდა იყო. წარმოიდგინე, რომ სიტყვაში არ უნდა ჩანდეს შენი გრძნობაც კი, არამცთუ, პოზიცია, ვინაიდან ისინი, ვინც შენს მიერ გაცემულ ინფორმაციას კითხულობენ, საკმაოდ მაღალი დონის სპეციალისტები იქნებიან. - გამიგონია, რომ თუ პერსონალურად გაგზავნილ შეტყობინებას მალევე წაშლი, მავანთათვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება... - არავითარ შემთხვევაში, - შენი “აკრეფილი” ინფორმაცია კომპიუტერის მეხსიერებაში რჩება და, წაშლი თუ შეინახავ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მტერ-მოყვარეს არ სძინავს. ასე რომ, ფრთხილად! ეს ხომ მარტო ჩვენი პრობლემა არაა? ბოლოს და ბოლოს, დღეს ხალხი რევოლუციებს აწყობს ინტერნეტით! - რა თქმა უნდა, ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა. ჩინეთი, ირანი და რუსეთი პირდაპირ ცდილობენ, რომ დაბლოკონ სოციალური ქსელები, მით უმეტეს, აფრიკის, კერძოდ, ეგვიპტის და ლიბიის რევოლუციების შემდეგ. გარდა ამის, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში, საკანონმდებლო დონეზე უნდოდათ, რომ სახელმწიფო სპეცსამსახურებისთვის აბსოლუტურად ღია ყოფილიყო მთელი ეს მიწერ-მოწერა, ელექტრონული ფოსტა და ა.შ. აშშ-ში, თუ არ ვცდები, სენატში ერთ-ერთმა პალატამ მიიღო საკანონმდებლო დონეზე ცვლილება და ობამამ მაშინვე თქვა, თუ ამას მეორედ მიიღებთ, დავბლოკავო. ამერიკაშიც იყო ეს თემა, რომ მთელი ელექტრონული ფოსტის გახსნა და ანალიზი უნდა მოხდეს პროკურატურის სანქციის გარეშე, ანუ სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე. როცა ეს აშშ-ში ხდება, რაღა უნდა ვთქვათ, თუ სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის, საქართველოშიც ეს იდეა ვინმეს ექნება - ცუკერბერგის ბრალი არაფერია. ხომ არ შეიძლება, კარგი გზები იმაში დავადანაშაულოთ, რომ ავტოავარიები მომრავლდა? საფრთხის თავიდან ასაცილებლად ადამიანები უფრო ფხიზლად უნდა მართავდნენ ავტომობილებს. ცუკერბერგი და სხვა ყველა ელექტრონული გიგანტი, რომელთაც სოციალური ქსელები შექმნეს და განავითარეს, ბუნებრივია, არ ფიქრობდნენ, რომ ამ ქსელებს მერე სხვები სათავისოდ გამოიყენებდნენ. უნდა ვიყოთ ფხიზლად - ვაკონტროლოთ გრძნობები, ემოციები და გონებით მივუდგეთ ინტერნეტს. სიფრთხილეს თავი არ სტკივა და მტერ-მოყვარეს არ სძინავს, მით უმეტეს, უნდა გაფრთხილდეს ის, ვინც საზოგადოებრივად აქტიურია, მათ შორის, - ჟურნალისტებიც. ამ რჩევას აუცილებლად გავითვალისწინებ, ბესიკ. სატელეფონო მოსმენებისა არ იყოს, გამოდის, რომ ინტერნეტის კონტროლითაც ბევრიადამიანი უნდა იყოს დაკავებული, არა? - კომპიუტერული სისტემაა მარტივი, შექმნილია სპეციალური პროგრამა და იმ პროგრამას რასაც მისცემ, ვთქვათ, “ნანას”, ყველა “ნანას” “ამოაგდებს” და მერე იწყება დაზუსტებები, თუ სად და როგორ იყო ეს “ნანა” ნახსენები. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ამას ადამიანები შიფრავენ, ანალიზს აკეთებენ და რეალიზაციისთვის ამზადებენ. ფაქტია: ვინც პოლიტიკურად, ან საზოგადოებრივად აქტიურია, თავიდანვე მზად უნდა იყოს, რომ მისი ფოსტა, “ფეისბუქი”, მიწერ-მოწერა და ოჯახური ვიდეოც საინტერესო გახდება “უცხოპლანეტელებისთვის”. პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ახლახან შეიმუშავა კანონპროექტი “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ”, რომლის მიზანია,ხელი შეუწყოს ინფორმაციული უსაფრთხოების დაცვის ეფექტურ განხორციელებას, გარკვეული რეგულაციების დაწესებას, რომელიცინფორმაციის მიტაცების რისკს შეამცირებს. კანონპროექტში საუბარია მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებებზე, რომლებიც გახდნენკიბერშეტევის ობიექტები... - ზუსტად გასულ კვირას იყო პარლამენტში ამ საკითხის სერიოზული განხილვა საია-სა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. რატომღაც, კონცენტრაცია მხოლოდ იმ პრობლემაზე გაკეთდა, რომ საჯარო ორგანიზაციებს შეუძლიათ, გაასაიდუმლოონ რაღაც. არასტრატეგიული ობიექტები, რომელთა შესახებაც ინფორმაციის მიწოდება უკვე პრობლემაა, უნდა განსაზღვროს ვიღაცამ, ალბათ, - ინფორმაციის გაცვლის სააგენტომ. მესამეა კრიტიკული უსაფრთხოება. შემოდის ახალი, კიბერ-ოფიცრის, ანუ უსაფრთხოების დაცვის ოფიცრის სტატუსი. ეს ოფიცრები და სხვები, იცით, როგორ მუშაობენ? - ვთქვათ, შენ გაქვს საცხობი. თუ განსაზღვრავენ, რომ ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ანუ კრიტიკული მნიშვნელობის ობიექტია, შენ უკვე ჩართული ხარ ამ ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მცხობელებში ერთი უსაფრთხოების დაცვის ოფიცერი უნდა იყოს, ასევე, ინფორმაციის შენახვის უზრუნველყოფის სპეციალისტი და შენ, შენი საცხობით და ამ ხალხით, უკვე ჩართული ხარ ერთიან სისტემაში. ეს რა სისტემაა? - თუ გაქვს კომპიუტერი, შენ გაქვს ინფორმაცია, რამდენი ფუნთუშა გამოაცხე, რამდენი ფქვილი დახარჯე... უტრირებას ვაკეთებ, მაგრამ შეიძლება, აქამდე დავიდეს ყველაფერი. ასეთი სისტემა ხელს კი არ უწყობს კიბერდაცვის უსაფრთხოებას ქვეყანაში, არამედ, ჩემი აზრით, უფრო ხელმისაწვდომს ხდის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისთვის. ინფორმაცია თუ მოხვდა ერთიან ცენტრალიზებულ სპეციალურ ქსელში, ყუთში, მათთვის ყველაფერი უცბად ხდება ცნობილი, მაგალითად, რამდენი ფუნთუშა ცხვება შენს საცხობში. ინფორმაციული უსაფრთხოება არ გულისხმობს მაქსიმალურ თავდაცვას, პირიქით, რაც მეტი ინფორმაციაა შეგროვილი, მით უფრო ხელმისაწვდომი ხდება სხვებისთვის, ჩვენზე ჭკვიანებისთვის. ასე რომ, უსაფრთხოების ოფიცერის და ამ სისტემის შემოღება სულაც არ ნიშნავს ინფორმაციის დაცულობას.
|