თემიკო ჭიჭინაძე -

თემიკო ჭიჭინაძე - "ვირტუალურ ქვეყანაში ცხოვრება არ შემიძლია!"

 

"საზოგადოებაში არსებობს სტერეოტიპული მიდგომა, რომ ხელოვნების წარმომადგენლები განსაკუთრებით მძაფრად აღვიქვამთ ნებისმიერ ცვლილებასა და პრობლემას. ეს უფრო იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი ხასიათი აქვს ადამიანს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მსახიობები ადამიანური კომპლექსებისგან თავისუფლები ვართ, რადგან თითქმის ყოველდღე დარბაზთან გვიწევს საუბარი და საკუთარი ემოციების გადმოცემა-გაზიარება. ნებისმიერ სიხარულსა და ტკივილს, ნებისმიერ აზრს უფრო "ხმამაღლა" გადმოვცემთ, ამიტომაც ამბობენ მსახიობებზე, ცოტა ვერ არიანო. ემოციურობა ხასიათში გვაქვს გადასული. მეც ასეთი ვარ. ვირტუალურ ქვეყანაში ცხოვრება არ შემიძლია და ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, სხვანაირად ალბათ მოვკვდები. ასე ვარ გაზრდილი. ასე ვიცხოვრე აქამდე და ვერც ერთი მთავრობის გამო ვერ შევიცვლები", - ემოციურად მითხრა მსახიობმა თემიკო ჭიჭინაძემ, როცა ვკითხე, როგორი იყო მისი თვალით აღქმული და დანახული დღევანდელი საზოგადოებრივი ცხოვრება... 

- არ შეიძლება, მშვიდი და აუღელვებელი იყოს ადამიანი, როცა ხედავ, რომ ნაწილ-ნაწილ, გოჯა-გოჯად იკარგება შენი მიწა-წყალი, მაგრამ გეუბნებიან, ეს შენ გეჩვენება, თორემ სინამდვილეში ყველაფერი კარგად არისო. მეტიც, ხელისუფლება ზოგჯერ უმადურსაც გვიწოდებს და გვეუბნება, პირველად საქართველოში ყველაფერი საუკეთესო ხდება, თქვენ კი ვერ ამჩნევთო. სხვებისგან განსხვავებით, მე შავმინებიანი ჯიპით არ დავდივარ, საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც ვმგზავრობ და ქუჩაში დანახული ადამიანების სახეები ბედნიერად ცხოვრების საშუალებას არ მაძლევს... 

ვთავაზობ რომელიმე ჩინოვნიკს, ჩემთან ერთად გაიაროს ერთი ქუჩა და შემდეგ ნანახი ერთად შევაფასოთ. 3-მილიონნახევრიან ქვეყანაში საშუალო ფენა არ გვყავს, რადგან სხვა, განვითარებულ ქვეყნებში საშუალო ფენად მიიჩნევა ის საზოგადოება, რომელსაც სტაბილური სამსახური და შემოსავალი აქვს, დროსაც ატარებს და წელიწადში ერთხელ თავს დასვენების უფლებასაც აძლევს. ჩვენთან კი საშუალო ფენად ის ითვლება, ვისაც თვიდან თვემდე ვალებით გააქვს თავი და გაჭირვებაში ცხოვრობს. საქართველოში მხოლოდ ორი ფენაა, ისინი, ვინც ძალიან კარგად ცხოვრობენ, ასეთი ძალიან ცოტაა და მეორე, საშუალოზე დაბლა მცხოვრები ადამიანები... 

ხელისუფლება ამბობს, რომ ამ პრობლემების მოგვარებაზე ზრუნავს...
- რაში გამოიხატება ზრუნვა, ლენტების გაჭრაში?!. ერთი ლენტგაჭრილი დაწესებულება დაგვანახვონ, სადაც ხალხი ფუსფუსებს, მუშაობს. 

ისე კი, არც ის შეიძლება, მომხდარში მხოლოდ ხელისუფლება დაადანაშაულო, მაგრამ ლომის წილი სწორედ მას მიუძღვის. 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მაგრამ ვერა და ვერ შევდექით იმ რელსებზე, რომელიც ნორმალური ცხოვრებისკენ წაგვიყვანს. ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული მმართველობის სხვადასხვა სტილი იყო. აღარ დასრულდა გადაბრალების პერიოდი. არადა, 20 წელი მართლაც დიდი დროა იმისთვის, რომ რაღაც რეალურად შეცვალო და ეს მოსახლეობის ცხოვრების პირობებზე აისახოს. თუმცა, ჩვენ ხან "მემანქანე" არ გვივარგოდა, ხანაც "მეისრე", ზოგჯერ გაფუჭებულ "ვაგონებში" მოგვიწია ჩასხდომამ და "რელსებმა" გვიმტყუნა. ერთი სიტყვით, საშველი არ დაგვადგა. არც იმას უარვყოფ, რომ რაღაცები კეთდება, მაგრამ უბრალო ადამიანის კეთილდღეობისთვის არაფერი შეცვლილა. შედეგად მივიღეთ დანევროზებული და სხვისი ხელების შემყურე საზოგადოება, რომელიც დაუსრულებლად ვიღაცის მოლოდინშია. მათ ერთ ნაწილს მართლა სჯერა, რომ ამ ხელისუფლებას ალტერნატივა არ აქვს, რადგან გზები კეთდება და რაღაცები შენდება. 

რაღაც მართლა კეთდება.
- დიახ, ღმერთმა დამიფაროს, რომ სიმართლის აღიარება გამიჭირდეს. რაღაც მართლა კეთდება, მაგრამ მის ხარჯზე უამრავი სხვა რამ ფუჭდება. ამას წინათ ვკითხულობდი ინტერნეტში, კაშხლების აშენებას რა უარყოფითი მხარეები აქვს. მე ამ საქმის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ დილეტანტიც მიხვდება, მათ გამო რა სავალალო მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს რამდენიმე რეგიონი. გრძელვადიან მოგებაზე გათვლილ გეგმას ვერ ვხედავ. ყველაფერი სპონტანურად და ერთი დღისთვის კეთდება. 

- ხელისუფლებას უყვარს პიარი...
- პიარი ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი მასობრივი იარაღია და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილიც მის ტყვეობაში იმყოფება. როგორც კი თბილისს გასცდები, ინფორმაციული დეფიციტი იგრძნობა. რა გააკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებიც სახელისუფლებო არხებს უყურებენ და ალტერნატიული ინფორმაციის მიღების საშუალება არ აქვთ. ამიტომაც სჯერათ, რომ ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ, ეტყობა ფიქრობენ, ამ კეთილდღეობას ჯერ ჩემამდე არ მოუღწევიაო... მაღიზიანებს, როცა მეუბნებიან, ყველაფერში, ბიზნესის კეთებაში, ინვესტიციების შემოსვლაში პირველ ადგილზე ვართო. თუ შემოდის ეს ინვესტიციები, მეც მანახვონ, არ შეიძლება?.. ხიდებიც კარგია, გამჭვირვალე, ახალი პოლიციის შენობები, საჯარო რეესტრისა და იუსტიციის სახლებიც, მაგრამ ეს არის ქვეყნის კეთილდღეობის მთავარი პრეროგატივა, ან ადამიანების ნორმალური ცხოვრების ატრიბუტი?!.. ვითომ ავანგარდულ და თანამედროვე ძეგლებს დგამენ, სინამდვილეში კი უკვე ყველაფერი ანომალიაში გადადის. თუმცა ეგ ცალკე თემაა და არ მინდა, ახლა მაგაზე ნერვები მოვიშალო. რაღაც კარგი მართლა კეთდება, მაგრამ გარშემო იმდენი მარაზმი ხდება, რომ ის მცირე რაოდენობით გაკეთებული კარგიც ფუჭდება. პატრულს ძალიან დიდ პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა, შევარდნაძისდროინდელ ინსპექტორებთან შედარებაც არ მინდა, მაგრამ იმდენი გახმაურებული მკვლელობის შემდეგ, როგორ შეიძლება, ზონდერბრიგადები და სპეცრაზმი მიყვარდეს?.. 

გადაცდომები ყველას ემართება, მაგრამ თანდათან წინ მივდივართო, გვითხრა პრეზიდენტმა...
- კი ბატონო, წავიდეს, მაგრამ ჩემს ხარჯზე ნუ იზამს ამას. თავისი წარმატებისთვის მე და ჩემნაირ უბრალო ადამიანებს ნუ დააბიჯებს. თუ გადაგვიარა, მაშინ რატომ მეუბნება, ეს ყველაფერი თქვენთვის კეთდებაო?!. უბედურება ის არის, რომ მათ ჰყავთ ტაშის დამკვრელები. საზოგადოებაში ორი უკიდურესი დამოკიდებულება იკვეთება, მიშისტები და ანტიმიშისტები - ქართველი ხალხი "იზმობასა" და ბელადომანიას ვერ გადაეჩვია. ჯერ იყო კომუნიზმი, შემდეგ ზვიადიზმი, ედიკიზმი და ახლა მიშიზმი. მეშინია, ბიძინიზმიც არ დაიწყოს, რადგან ვხედავ, ამისი წინაპირობა უკვე არსებობს. ეს არის პროვინციალიზმის გამოვლინება, რომელიც გაუნათლებელ საზოგადოებას ახასიათებს. კი დაგვჭყივიან თავს, ევროპისკენ მივდივართო, მაგრამ ამ გზით მიმავლის არაფერი გვეტყობა. ჯერ კიდევ მყარად ვრჩებით აზიაში და ამაში მხოლოდ ხელისუფლებას არ მიუძღვის წვლილი. ყველა დროის მმართველებმა თავიანთი კვალი დაამჩნიეს საზოგადოებას. ასეთი ხელისუფლების არსებობას ყოველთვის ხალხი აძლევს საფუძველს. ხალხს რომ მიშა, მიშა არ ეყვირა, მიშასაც და მის გუნდსაც თავში არ აუვარდებოდათ, მაგარი ტიპები ვართო!.. როცა ადამიანი ვიღაცის გაფეტიშებას ჩვეულებრივად აღიქვამს, უბედურებაა. ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მე რომ ვიყო პრეზიდენტი და ვინმემ ასე მომმართოს, ძალიან დიდი პროტესტი გამიჩნდება.

- პრეზიდენტობისგან ღმერთმა დაგიფაროთ საქართველოში თუ საერთოდ?
- საერთოდ, განსაკუთრებით კი საქართველოში. ჩემი პროფესია ძალიან მიყვარს და პრეზიდენტობაში სახარბიელოს ვერაფერს ვხედავ. მაგრამ ამათ რომ ვუყურებ, ძალიან სიამტკბილობაში არიან და ასეთი შეხვედრებით, ძალაუფლებით ტკბობას განიცდიან. ამიტომაც ვერ ელევიან ეს პატარა ბიჭები სკამებს. არ შეიძლება, ნორმალური იყოს ხალხი და ქვეყანა, სადაც მოქალაქე შრომის წიგნაკს პარლამენტში ან მინისტრობით ხსნის. არადა, გვეუბნებიან, დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთო, ამერიკისა და ევროპისკენ მივდივართ და უკვე ნატოს კართან ვყოფილვართ. "მაპი" არ მოგვცეს, მაგრამ მასზე უკეთესი მიგვიღია, ოღონდ ვერ გაგვიგია... 

დემოკრატიულ წყობაში არ შეიძლება, პრეზიდენტი ორი ვადის ამოწურვის შემდეგ კიდევ ითხოვდეს უფროსობას, იმიტომ, რომ მოეწონა.. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ასეთ რეალობას ყველა ხელისუფლება ყოველთვის ხალხის მხარდაჭერით აღწევს და ჩვენც ისეთ მთავრობას ვიმსახურებთ, როგორიც გვყავს. როცა პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, იმედი მომეცა, რომ რაღაც უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, მაგრამ თანდათან მივხვდი, რომ ჩემს ქვეყანაში მმართველები იცვლებიან, საზოგადოების აზროვნება - არა. 

რას გულისხმობთ?
- იმას, რომ ხალხმა ბიძინა ივანიშვილში მესია და მხსნელი დაინახა. ამაში ბრალი ივანიშვილს არ მიუძღვის, უბრალოდ, ქართველები ვართ მომართული ასე. გვინდა, ყველაფერი სხვამ გაგვიკეთოს, გვიშველოს, დაგვეხმაროს, ცხოვრება აგვიწყოს, ჩვენ კი ტაშს დავუკრავთ და მის სახელს ვიყვირებთ. მერე კი, როცა მმართველი ნახავს, რომ ადვილი სამართავები ვართ და მარწუხებს მოგვიჭერს, მაშინვე რადიკალური ვხდებით და ჩვენს ბელადს ისევე მალე ვიზიზღებთ, როგორც შევიყვარეთ. მაპატიოს ჩემმა საყვარელმა ხალხმა ასეთი დამოკიდებულება, მაგრამ არ შემიძლია, თავი მოვიტყუო. ამ ხელისუფლებასავით ვირტუალურ სამყაროს ვერ შევიქმნი. უარესის თქმაც შემიძლია, მაგრამ თავს ვიკავებ, ვცდილობ, ემოციებს არ ავყვე... 

საზოგადოება ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებზე დიდ იმედებს ამყარებს. თქვენ? 
- მეც და არ მინდა, კიდევ ერთხელ გამიცრუვდეს იმედი. თუ ხელისუფლება როგორც ამტკიცებს, ისეთი მაგარია, კეთილი ინებოს და არჩევნები სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად პატიოსნად ჩაატაროს. აიღოს სტარტი და ვინც ფინიშთან პირველი მივა, საზოგადოებაც იმას მიიღებს... ვერ ვიტყვი, რომ სამართლებრივი გარემო შეიცვალა, ბიძინა ივანიშვილი მართლაც ღირსეული ოპონენტია და იმედი მაქვს, ერთხელ მაინც იქნება საქართველოში პრეცედენტი, რომ ხელისუფლება არჩევნებით შევცვალოთ.

თემიკო, ტელეკომპანია "კავკასიაზე" უცნობის ახალი კლიპი ტრიალებს, რომელშიც თქვენი მეუღლეც არის გადაღებული... 
- მე და გიას წლების მეგობრობა გვაკავშირებს. როგორც ქართველები ვამბობთ, ძმაკაცები ვართ, ინსტიტუტიდან ერთად მოვდივართ და მერე კი ჩვენი ურთიერთობა ოჯახურ მეგობრობაში გადაიზარდა. გია ძალიან ნიჭიერია და რაც მთავარია, არ შეუძლია, წყნარად იჯდეს და თვალი ადევნოს გარშემო რა ხდება, ყოველთვის აქტიურია და რაღაცას აკეთებს. ახლაც უამრავი პროექტი და შეთავაზება აქვს. 

- ანუ ისევ შემოქმედებით საქმიანობას დაუბრუნდა?
- არ მინდა, მის მაგივრად ვილაპარაკო, მაგრამ მიმაჩნია, რომ როცა საზოგადოებრივად და პოლიტიკურად აქტიური იყო, მაშინაც სწორად იქცეოდა. არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს, როცა ქვეყანას სჭირდება, ყველამ ის უნდა აკეთოს, რაც საჭიროა. გიას ყველაზე კარგი თვისება ის არის, რომ ყველა საქმეში გულს დებს და ბოლომდე იხარჯება. მის ბრძოლას უშედეგოდ არ ჩაუვლია, რადგან ქვეყანა უყვარს და ამას თავისებურად გამოხატავს... 

- ერთი პერიოდი თქვენც საკმაოდ აქტიური იყავით...
- ეს გიას გავლენა ნამდვილად არ ყოფილა. ჩემთვის ეს ქვეყანა ექსპერიმენტების ჩასატარებელი ადგილი არ არის და ჩირგვებიდან ვერ ვადევნებ თვალს, რა ცდებს ატარებენ ქართველებზე. არ შემიძლია, ჩემს ქვეყანაში მიმდინარე პრობლემების მიმართ გულგრილი ვიყო. ვერ ვიტყვი, ეს მე არ მეხება, რადგან პოლიტიკოსი კი არა, ხელოვანი ვარ და ჩემი საქმე არ არის-მეთქი. თვალს ვერ დავხუჭავ, როცა ვხედავ, რომ ვიღაცას ჩაგრავენ ან ქუჩაში ურტყამენ. ასე ვარ გაზრდილი და სხვანაირად არ შემიძლია. ადამიანი ამქვეყნად ერთხელ მოდის და რაღაც კვალი უნდა დატოვოს

- შემოქმედებით საქმიანობაში რა სიახლეები გაქვთ?
- ძალიან ბევრ რამეს ვარ შეჭიდებული, - ამ რამდენიმე დღის წინ ლაშა ბუღაძის პიესის "სულიერი არსებების" მცირე პრემიერა გვქონდა. 2 წელია, ეს სპექტაკლი არ დაგვიდგამს. ჩვენთან ერთად მუშაობს დათო საყვარელიძე. ვაპირებთ ჩარლზ დიკენსის "ოლივერის" მიხედვით მიუზიკლის დადგმას, რომელზეც რუსთაველისა და ოპერის თეატრის მსახიობები ერთად ვმუშაობთ. მაქვს კინოშემოთავაზებებიც. ტელემაუწყებლობა "პიკზე" ახალი სერიალი იწყება, სადაც სინჯები გავიარე და როლზეც დამამტკიცეს. ასევე რამდენიმე სერიის შემდეგ მიხილავთ სერიალში "ღვინის გზა"... ასე რომ, მთავარია, განწყობა იყოს და საქმეს რა გამოლევს.