"თუ მაინც უარს გვეტყვიან და არც ერთ სტადიონს არ მოგვცემენ, მაშინ აქციას ქუჩაში გავმართავთ - ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა"

"ერთდღიან აქციას ვგეგმავთ, აქციის თარიღად ორი რიცხვი იმიტომ დავწერეთ, რომ ხელისუფლებისთვის უარის თქმის საფუძველი გამოგვეცლია. საქმე ის არის, რომ როგორც წესი, ჩვენს მოთხოვნებს ყოველთვის რაღაც ღონისძიებას ამთხვევენ ხოლმე... თუ მაინც უარს გვეტყვიან და არც ერთ სტადიონს არ მოგვცემენ, მაშინ აქციას ქუჩაში გავმართავთ - ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა", - აცხადებს "ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური მდივანი სოზარ სუბარი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე სერიოზულად აღიქვეს საერთაშორისო ასპარეზზე"

"ეს იქნება ხალხის მობილიზების ერთ-ერთი საშუალება და ასევე წაადგება ჩვენი მხარდამჭერების "ფორმაში შესვლას". მიტინგს შეიძლება ბევრი მიზანი ჰქონდეს, ამჯერად ეს მიზანი ერთად ყოფნაა. ჩვენ პოლიტიკაში იმიტომ ვართ, რომ გვაქვს პროტესტი ხელისუფლების მიმართ, თორემ ხელისუფლება კარგი რომ იყოს, მე პოლიტიკაში კი არა, იმ საქმეში უნდა ვიყო ჩართული, რომელიც მიყვარს და რომელიც გამომდის - ადამიანის უფლებების დაცვა, მაგრამ როდესაც ხელისუფლება თვითონ არის ადამიანის უფლებების დარღვევის მთავარი წყარო, როდესაც მთელი ხელისუფლება ერთი ადამიანის სურვილს ემორჩილება და ის ადამიანი სრულიად უმართავია, ბუნებრივად ჩნდება პროტესტი, შეიძლება იყო დიქტატორი, მაგრამ იყო ჭკვიანი და შენი პოლიტიკა რაღაც ლოგიკას ექვემდებარებოდეს, მაგრამ სააკაშვილის პოლიტიკა ლოგიკას აღარ ექვემდებარება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოზარ სუბარი.

"დიახ, "ქართულ პარტიაში" გაწევრება ნამდვილად შეცდომა იყო. სხვათა შორის, ვიდრე პარტიას შევქმნიდით, ჩემი მომავალი თანაპარტიელებისთვისაც მქონდა ნათქვამი, როგორც კი საზოგადოება შეიტყობს, რომ ერთად ვიწყებთ პოლიტიკურ საქმიანობას, მაშინვე ხაზი გადაესმება ყველაფერს, რაც აქამდე გამიკეთებია-მეთქი. ამ შემთხვევაში ნაკლებად ვგულისხმობდი ლევან გაჩეჩილაძეს. მაგრამ ამაზე მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ ქართულ პოლიტიკაში ვერ ვხედავდი სხვა ძალას, რომელსაც შეეძლო სერიოზული ცვლილების შეტანა ქვეყნის ცხოვრებაში. ვფიქრობდი, რომ 5 სრულიად განსხვავებული ლიდერის ერთობა წარმატებული იქნებოდა. "ქართულ ოცნების" შემთხვევაში შეცდომაზე ნამდვილად არ მიფიქრია. ბიძინა ივანიშვილის მიმართ ჩვენს საზოგადოებას დიდი ნდობა აქვს. ამგვარი ნდობა მხოლოდ ფულით არ მოიპოვება, ამას სწორად ცხოვრება სჭირდება. ფული ბევრ ადამიანს ჰქონდა და აქვს, მაგრამ ახლოსაც კი ვერ მივა ივანიშვილთან. ბენდუქიძეს მთლად 6 მილიარდი არა, მაგრამ დიდძალი ფული აქვს, თუმცა მისდამი ნდობა ალბათ ნულოვან ნიშნულს არ გასცდება", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"მე და ვახო კომახიძე წლებია ვმეგობრობთ. წავედი მასთან იმიტომ, რომ დავრწმუნებულიყავი, რეალურად თუ აღიქვამდა იმ ინფორმაციას, რომელიც აცნობეს. მან მითხრა, რომ ადამიანს, რომელმაც ეს ინფორმაცია გაანდო, სრულიად ენდობა. ჩემსა და ვახოს შორის ტყუილი გამორიცხულია. მე და ვახოს ხშირად გვიკამათია, მაგალითად, ზურაბ ჟვანიას სიკვდილზე. ვერ ვიჯერებდი, რომ ის მოკლეს... არაფერი მაქვს მისი არგუმენტების საპასუხოდ. ცხადია, რომ საქმეში ბევრი რამ გაყალბებულია. თავდაპირველად ვერ ვუშვებდი, რომ შეიძლებოდა პრემიერ-მინისტრი მოეკლათ და საქმე ასე ჩაეფარცხათ, მაგრამ 8 წელი გავიდა და არაფერია გარკვეული, რატომ? ამ შემთხვევაში, რასაც ვახო ჰყვება, ძალიან დამაჯერებელია და ხელისუფლებაც ყველაფერზე წამსვლელი რომ არის, ესეც კარგად ვიცით. როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლის ხელყოფის საფრთხე სერიოზულად აღიქვა არა მხოლოდ ვახომ, მე ან ჩვენმა თანაგუნდელებმა, არამედ აღიქვეს სხვაგანაც, საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც ვიცი, ამას სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა ამერიკის შეერთებულ შტატებში", - განაგრძობს სოზარ სუბარი.

"შეკითხვაზე - "ცნობილია, რომ კოალიციამ ძალიან ცნობილი ლობისტური კომპანიები დაიქირავა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს კომპანიები ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის იმიჯის შესალახავად. აკაკი მინაშვილის თქმით, ივანიშვილის დაქირავებული ლობისტები ცდილობენ, ამერიკამ საქართველოს დახმარება შეუწყვიტოს, რითაც, უპირველესად, ქვეყანა დაზარალდება..." - პასუხობს:

"სირცხვილია პარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომ ამერიკამ თავისი პოლიტიკა რაღაც ტყუილების დაბრალებით შეიძლება შეცვალოს... ხოლო თუ ლაპარაკია იმაზე, რომ რეალური დანაშაულების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ულახავს ქვეყანას იმიჯს, მაშინ ჯობია, იმაზე დაფიქრდნენ, რომ შეწყვიტონ ამ დანაშაულთა ჩადენა. მინაშვილის განცხადება ძალიან წააგავს შევარდნაძის მაღალჩინოსნების განცხადებებს, უფლებადამცველებს რომ გვეუბნებოდნენ, თქვენ ქვეყანას არცხვენთ უცხოეთშიო. ძალიან სასაცილო და სამწუხაროა, როდესაც კაკო მინაშვილი, ეს ვითომ ამერიკაში განათლებამიღებული, ვითომ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროდან მოსული კაცი, ზუსტად ისე ლაპარაკობს, როგორც შევარდნაძისდროინდელი კომუნისტი მოხელეები".

"სამწუხაროდ, რეაქტიული სისწრაფით პროგრესირებს სააკაშვილის ავადმყოფობა. პირველი პირი, რომელიც მინისტრებს ეუბნება, თქვენ ხართ ხორცის ნაჭრები, სკამებზე ყრიხართ და არაფერს აკეთებთო, ნორმალურად მიგაჩნიათ? კაცი, რომელიც საქართველოს დაკარგულ ტერიტორიებს თავისი სხეულის ნაწილების საპირწონედ აყენებს და ამბობს, რომ მათში გაუცვლის რუსეთს ამ ორგანოებს, ნორმალურია? ადამიანი, რომელმაც წაგებული ომიდან ორ კვირაში საკუთარი თვითმფრინავი გაგზავნა მასაჟისტის ჩამოსაყვანად, შეიძლება, ჯანმრთელი იყოს? როდესაც ამის გამართლებას ცდილობენ აკო მინაშვილი, დავით დარჩიაშვილი, პალიკო კუბლაშვილი და ა.შ. ჰკითხეთ ერთი, თვითონაც იგივენაირად მოიქცეოდნენ პრეზიდენტები რომ ყოფილიყვნენ? ჩამოიყვანდნენ პრეზიდენტის თვითმფრინავით მასაჟისტს კბენითი თერაპიისთვის? ეს კაცი ყველაფერზეა წამსვლელი. იმისთვის, რომ ამის საშუალება არ მივცეთ, უნდა ძალიან ვიაქტიუროთ და მოვახერხოთ ხალხში დანერგილი შიშის სინდრომის დაძლევა და, ამასთანავე, ამ ლობისტური ჯგუფის საშუალებით ვიმუშაოთ საერთაშორისო ასპარეზზე, რომ ნორმალური არჩევნები ჩატარდეს, რომლის შედეგადაც ეს ხელისუფლება წავა", დასძენს სოზარ სუბარი.