"ვის უნდა დაველაპარაკო, შალვა ნათელაშვილს, რომელიც ხელისუფლებამ "დაავერბოვკა"? როდესაც მაგას დასაჭერად დასდევდნენ, დავურეკე ვანო მერაბიშვილს და ვკითხე - რატომ არ იჭერთ თუ დამნაშავეა-მეთქი? ვანომ იცით რა მიპასუხა? ბატონო ბიძინა რატომ უნდა დავაპატიმროთ, მაგაზე უკეთეს კაცს სად ვიშოვითო! კიდევ ვის უნდა დაველაპარაკო, ნინო ბურჯანაძეს? ბადრი ბიწაძე თქვენ გაუშვით უცხოეთში? ბურჯანაძეზეც და ნათელაშვილზეც გითხარით, ვისთან მოვსულიყავი, "ქრისტიან-დემოკრატებთან?" - ეს პარტია სააკაშვილმა შექმნა და დღემდე ის პატრონობს. მე ვერ დაველაპარაკები გაყიდულ ადამიანებს, რა აზრი აქვს?" - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რატომ გაიყვანა პრესკონფერენციიდან და რა შესთავაზა "ალიას" ჟურნალისტს ბიძინა ივანიშვილმა?
"შეიძლება "რესპუბლიკელებს" რეიტინგი არ აქვთ, მაგრამ ისინი განათლებულები არიან, დალაგებული აზროვნება აქვთ. ძალიან კარგი ბიჭია ირაკლი ალასანია. მის ხალხს რეგიონებში ჰქონდა რაღაც დაპირისპირება "რესპუბლიკელებთან", მაგრამ ეს საკიტხიც მოგვარდა. პატივს ვცემ კახა შარტავას, ეგეც ჭკვიანი ბიჭია, ასევე მომწონს რეზო შავიშვილი, პატიოსანი კაცია. გუბაზი ჭკვიანია, მასთან მქონდა რაღაც შეკითხვები, დავილაპარაკეთ და ყველაფერი გაირკვა... ძმებ გაჩეჩილაძეებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. "უცნობი" რომ გამოჩნდა პირველად და კონცერტებს ატარებდა, მე ვაფინანსებდი. მისი შვილი არის ჩემი გოგოს ნათლია. მერე რაღაც მოხდა გენერალ დუმბაძესთან დაკავშირებით, ამ თემაზე აღარ მინდა ლაპარაკი. გაჩეჩილაძეებს პატივს ვცემ. მათ შეუძლიათ ხალხის გამოყვანა, ამას ვერ დავუკარგავ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილი.
"იქ ვიყავი და კარგად ვიცი ყველაფერი. მიშა მირეკავდა, რჩევებს მეკითხებოდა. 2007-ში გავმწარდი ძალიან, სულ მირეკავდა. მე ვუთხარი, ჩამოვალ მეთქი, მაგრამ ვერ ითმენდა, მაინც მელაპარაკებოდა - რა ვქნა, სახელმწიფო გადატრიალებას მიწყობენ, ცოტა მაცალე და ყველაფერს მოვაგვარებო. ჩამოვედი, აბა სად არის გადატრიალება მეთქი - მაგრად ვიჩხუბე მაშინ. ამას წინათ კობა დავითაშვილმაც მისაყვედურა, რატომ მაშინ არ ამოიღე ხმაო? მე ვუთხარი, სადაც ვიყავი, იქ ამოვიღე-მეთქი, კობას უყვარს ხოლმე ასეთი შემოტევები. მე სააკაშვილს არ ვაფინანსებდი, ფულს ვხარჯავდი კონკრეტულ საქმეებში - მისთვის პირადად არასოდეს მიმიცია. თუმცა, ამ მხრივ შეცდომა მაინც დავუშვი, ამას ვაღიარებ. იცით, როგორ იქცეოდნენ ჩემთან? მირეკავდნენ, მხვდებოდნენ, მეკითხებოდნენ. სააკაშვილი ჩემთან სახლშიც არ არის ნაყოფი: ერთხელ დამირეკა - სახლში არ მიშვებ, ან შენ მოდი ჩემთან, ან სადმე შევხვდეთო. ეგენი თავს მაჩვენებდნენ, თითქოს საქმეს აკეთებდნენ. კი ვხვდებოდი, რაღაც რომ ვერ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ მეგონა გამოსწორდებიან, ჭკუას ისწავლიან-მეთქი. ახლა ვგრძნობ, როგორ მატყუებდნენ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილი.
"მე რისკიანი კაცი ვარ, მაგრამ ამავე დროს ფრთხილი. ვიცი, ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, თუმცა არც იმდენი შნო აქვთ, როგორც გარეგნულად გვაჩვენებენ. როგორც კი მოვედი პოლიტიკაში, ეგრევე მთხოვეს ამათ, - ვინც არიან ხელისუფლებაში, ხელშეუხებლობის გარანტია - ნუ დაგვიჭერო. მე ვუთხარი: არავის დასჯას არ ვაპირებ, ყველაფერი გადაწყვიტოს დამოუკიდებელმა სასამართლომ მეთქი. ასეც უნდა იყოს, ვინც რამე დააშავა, ყველა აგებს პასუხს. "ნაციონალების" რეიტინგი დღეს დაცემულია, სადღაც 30%-ის ფარგლებში ტრიალებს. ჩვენ დავიწყებთ მაისში უფრო ინტენსიურ მუშაობას და უფრო გაუჭირდებათ. ჩვენ ზუსტი მონაცემები გვაქვს. დიდი მუშაობაა საჭირო, ჩვენ 70% უნდა წამოვიყვანოთ. ბოლო ცენტამდე გავიღებ და ამათ გავუშვებ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მე ერთხელ მითხრა რობიკო სტურუამ - ესენი უსისხლოდ არ წავლენო. ვეთანხმები, მაგრამ ჯერ უნდა ვცადოთ, რომ არჩევნებით გავუშვათ. თუ გააყალბებენ, არც ევროპა და არც ამერიკა სააკაშვილს ნამდვილად არ უღიარებს სიყალბეს - ამაში დარწმუნებული ვარ", დასძენს ბიძინა ივანიშვილი და შეკითხვას - "ღმერთმა ქნას, მაგრამ მეეჭვება, აქ მილიარდებსა და ციხეზეა ლაპარაკი, არ დათმობენ?" - პასუხობს:
"მესმის, მართლა დიდ ფულზეა ლაპარაკი. არა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, სააკაშვილის ხელისუფლება წავა. მიშა უკვე საშიშია ყველასთვის. ნახეთ, რა დღეში იყო მახათას მთაზე, ეს უკვე ნამეტანია".