"პოლიტიკური ტერორი დღესაც გრძელდება, ლიდერებს დახოცავენ ან დააპატიმრებენ"

"კილერმა 7 ტყვიის დახლის შემდეგ თავში საკონტროლოდაც მესროლა, მაგრამ მაინც გადავრჩი" 

ექსთავდაცვის მინისტრ გიორგი ყარყარაშვილს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე დიდი ხანია არ უსაუბრია. მან რამდენიმეთვიანი დუმილი დაარღვია და ჩვენთან სკანდალური განცხადებები გააკეთა. ჩაჰბარდა თუ არა წარსულს ტერორიზმის კლასიკური ფორმა, კილერების მეშვეობით პოლიტიკური ფიგურის მოცილება, გვესაუბრება გენერალი, რომელიც რამდენჯერმე სასწაულებრივად გადაურჩა ტერაქტს.

- ტერორის კლასიკური ფორმაა დაქირავებული კილერები, საკონტროლო გასროლა, შემდეგ დამწუხრებული სახით "ტერაქტის მსხვერპლზე" ინფორმაციის გავრცელება. ვაკვირდები მოვლენებს, ვადარებ წარსულში მიმდინარე პროცესებს და სახიფათო სიმპტომებს ვხედავ, რომლებიც დღითი დღე აშკარა ხდება. პოლიტიკური ტერორი თვალსაჩინოა დღესაც. მას შემდეგ, რაც პოლიტიკურ ორბიტაზე ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, ხელისუფლებამ მის მთავარ ოპონენტთან და მოსახლეობასთანაც იდეოლოგიური ომი წამოიწყო. პოლიტიკური ტერორის ნათელი მაგალითია თუნდაც რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილის კორტეჟის პოლიტიკური დაკვეთით გაჩერება და ძლევამოსილების დემონსტრირება. ისედაც ქვეყანაში ადამიანის უფლება და თავისუფლება დაცული არ არის, არ არსებობს სასამართლო, სადაც სამართლის პოვნა შეიძლება, განაჩენების 95% გამამტყუნებელია. მართლმსაჯულება კი მოძალადის ხელში ჯალათადაა გადაქცეული. ციხეები ახალგაზრდებით არის გადავსებული. პოლიტიკური ტერორის გამოვლინებაა ის, რომ 30000 პატიმარი გვყავს, უამრავი კი სასჯელს უდანაშაულოდ იხდის. რასაკვირველია, ეს პოლიტიკური ტერორის ნათელი მაგალითია. სამარცხვინოა ხელისუფლებისთვის, როცა 2008 წლის ომში დაღუპული მეომრის დედა ამბობს, "ქართულ ოცნებაში" შესვლის გამო ბინიდან გაგდებით მემუქრებიანო. 

განვიცდი, როცა ვხედავ, დაბეჩავებული, მათხოვრულ ხელფასებზე დამოკიდებული ხალხი როგორ დაჰყვება კულტად ქცეულ ერთ ლიდერს დითირამბების სამღერლად. 
პოლიტიკური ტერორია ის, როცა მოწინააღმდეგეს იდეოლოგიურ მტრად აცხადებ, როცა ისე წარმოაჩენ ვითარებას, თითქოს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ჩვენი ქვეყნის რუსეთის გუბერნიად ქცევის მსურველები და საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლი რაინდები. 

ასეთი რადიკალური მეთოდების გამოყენებას სწრაფი ესკალაცია მოსდევს. სწორედ ასეთ დროს იმატებს ტერაქტების მოწყობის ალბათობაც და არ გამიკვირდება, რომ საამისოდ ზომბირებული საცოდავი არსება გამოიყენონ ლიდერების ჩამოსაშორებლად.

- ფიქრობთ, გავრცელებული ვერსია ბიძინა ივანიშვილის მოსალოდნელი ლიკვიდაციის თაობაზე საფუძველს მოკლებული არ არის?


- განა რამდენი კაცის სიცოცხლეს უნდა შეექმნას საფრთხე, რომ ასეთი ინფორმაციის რეალურობა ვირწმუნოთ? კიდევ რამდენი თავდასხმა უნდა მოხდეს მნიშვნელოვან ფიგურაზე? საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, ყველაფერი ასე იწყება, - ჯერ იდეოლოგიურ ომს უცხადებენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს, შემდეგ ფსიქოლოგიურ წნეხში გაატარებენ და თუკი არ გაჭრის, ფიზიკური ანგარიშსწორება ერთვება. დარწმუნებული ვარ, თუ დასავლეთის დამოკიდებულება არ გამკაცრდა, უნდა ველოდოთ ტერორის სასტიკი ფორმების გამოყენებას - ოპონენტებთან ფიზიკურ ანგარიშსწორებას, ლიდერებზე თავდასხმას ან ციხეებში გამოკეტვას. ახლა ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ზურგს უმაგრებენ როგორც "პროქართული", ასევე "პროევროპული" და "პროამერიკული" ორიენტაციის პოლიტიკოსები, მეორე მხარეს კი არის ერთი "პროამერიკული" ლიდერის ფრთებქვეშ შეფარებული ამალა, რომელსაც საკუთარი კეთილდღეობის გარდა, სხვა "პრო" ან საერთოდ რაიმე ორიენტაცია არ გააჩნია! 

თავის დროზე მეც აპრობირებული მეთოდებით მებრძოდნენ, - ჯერ ფსიქოლოგიურად სცადეს გატეხა, წელიწად-ნახევრის განმავლობაში უამრავჯერ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ მომკლეს, ერთხელ პირველმა არხმა ისიც გამოაცხადა, გია ჭანტურიას გასვენებაზე მიმავალი ყარყარაშვილი ტერორისტული აქტის შედეგად გარდაიცვალაო. რამდენჯერმე სცადეს კიდეც ჩემი მოკვლა. თვითმფრინავშიც დამიდეს ბომბი, მაგრამ ეს ამბავი გასკდა (სხვათა შორის, ამ საქმეზე დააკავეს უშიშროების სამმართველოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი, რომელმაც სასჯელი მოიხადა, მერე მნახა კიდეც და მითხრა, გიორგაძის დავალებას ვასრულებდი, თუმცა 100-მდე კაცი თუ შენთან ერთად უნდა დაღუპულიყო, არ ვიცოდიო). ჩემი აფეთქება სცადეს ქუთაისი-სამტრედიის ტრასაზე, მესროლეს ჩემი ძმის სასაფლაოზე. აშშ-ში წასვლა დავაპირე, მინდოდა აქედან გამეღწია, მაგრამ არც ამ და არც დასავლეთის სხვა ქვეყანამ არ მომცა ვიზა, რადგან მაშინდელმა უშიშროებამ ჩემზე ბინძური ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს რომელიღაც ტერორისტული ჯგუფის ხელმძღვანელი ვიყავი.

- მაინც მოგიწყვეს საბედისწერო ტერაქტი. 
- კილერმა 7 ტყვიის დახლის შემდეგ თავში საკონტროლოდაც მესროლა, მაგრამ მაინც გადავრჩი. ჩემი მოშორება რუსეთის სპეცსამსახურს უნდოდა, რისთვისაც საქართველოს უშიშროების მაშინდელი მინისტრი იგორ გიორგაძე გამოიყენეს. ეს ის პერიოდი იყო (1994 წელი), როცა საქართველოს რუსეთის გუბერნიად გადაქცევის გადაწყვეტილება მართლაც იყო მიღებული. როცა სოხუმი დაეცა, ჯერ კიდევ აფხაზეთის ტყეებიდან არ ვიყავი გამოსული, პარლამენტმა დსთ-ში შესვლა გადაწყვიტა, ნაცვლად იმისა, განეცხადებინათ, ამ ომში მთავარი მხარე რუსეთია, რომელმაც საქართველოს ოკუპაცია მოახდინაო. პარლამენტის უმრავლესობამ ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. მზე უცბად ჩრდილოეთიდან ამოვიდა, რასაც საკადრო ცვლილებები მოჰყვა, ძალოვან მინისტრებად შოთა კვირაია და იგორ გიორგაძე დანიშნეს. სიმწრით მეცინება, როცა მაშინდელი პარლამენტის შემადგენლობას ვიხსენებ, როგორ უცბად შეიცვალა მათი "პროდასავლური" ორიენტაცია "პრორუსულით". მე კი რუსეთთან პოლიტიკური წინააღმდეგობის გამო მივიღე საკონტროლო ტყვია.

- დღევანდელი ხელისუფლება რუსეთის სამხედრო აკადემიაში განათლების მიღებას გაყვედრით.
- დიახ, ამასაც მოვესწარი. უნამუსობასაც ხომ აქვს საზღვარი? იმხანად გარემოებათა მძევალი ვიყავი, სხვა ყველა გზა მოჭრილი მქონდა.

- როგორ აფასებთ ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნას ტერიტორიული პრინციპით?
- ასეთი რეზერვი 2008 წლამდე უნდა შექმნილიყო. ისეთი სისტემა უნდა ჩამოყალიბებულიყო, რომელიც მცირერიცხოვანი ჯგუფებითა და გააფთრებული ბრძოლით შეძლებდა მოწინააღმდეგის წინსვლის შეკავებას იქამდე, ვიდრე საერთაშორისო თანამეგობრობა არ მოეგებოდა გონს. ახლა კითხვებს აჩენს ის, რომ ნებაყოფლობითი რეზერვი იქმნება არჩევნების წინ და თანაც დასახლებულ პუნქტებში, რაც დაუშვებელია. 

თქვენ "ამომრჩეველთა ლიგის" დამფუძნებელ ყრილობაზე განაცხადეთ, რომ თუ საჭირო იქნება, ფეხზეც დადგებით, ამით რისი თქმა გსურდათ?
- "ამომრჩეველთა ლიგამ" კეთილშობილური მიზანი დაისახა. მას დაახლოებით იგივე ფუნქცია აქვს, რაც სახელმწიფო კომისიას, რომელსაც მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობს, - არჩევნების სამართლიანად ჩატარების მონიტორინგი. ვერ ვიტყვი, რომ ამ მიზნით კარდაკარ ყველა ამომრჩევლის ადგილსამყოფელს შემოვივლი, თუმცა "ამომრჩეველთა ლიგას" სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ. გვინდა ამ ფონდის მეშვეობით პატიმართა ოჯახებს, სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით დათხოვნილებს და დაჩაგრულებს დავეხმაროთ. ფონდი შემოწირულობებით ფინანსდება, უმეტესად საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისგან. 

- ორგანიზაციის უკან ივანიშვილი დგას?
- არა, მაგრამ ასეც რომ იყოს, ცუდი იქნებოდა? მოხარული ვიქნები, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს. ჩემი ფეხზე დადგომა მეტაფორად მიიღეთ, ამ შემთხვევაში მართლაც სიხარულით დავდგები ფეხზე! 

- გასულ კვირას კიდევ ერთი ჯარისკაცი დაგვეღუპა ავღანეთში. როგორ აფასებთ ქართველების მონაწილეობას აისაფის ოპერაციაში?
- ჯარისკაცების რა რაოდენობითაც უნდა მიიღოს საქართველომ კოალიციაში მონაწილეობა, ეს ომი 2014 წლამდე მაინც კოალიციის გამარჯვებით დასრულდება. ავღანეთში ჩვენი მცირე კონტინგენტიც რომ ყოფილიყო წარდგენილი, აშშ-ის დამოკიდებულება ჩვენ მიმართ არ შეიცვლებოდა, მაგრამ ხელისუფლება ყველასთვის თავის მოსაწონებლად მაქსიმალური რაოდენობით გზავნის ქართველ ჯარისკაცებს. ასე რომ, ისღა დაგვრჩენია, მომავალშიც შევეგუოთ ავღანეთში არაერთი ქართველის დაღუპვის შესახებ ინფორმაციას... ჩვენ კი მივიღებთ უცხოელი ლიდერების სამძიმარს და მადლობას, ვიხილავთ ხელისუფლების შეწუხებულ სახეებს... 2014 წლამდე კიდევ ბევრი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპება...