რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების ბიულეტენების გარეშე ჩატარება სურს. როგორც კომისიის მდივანმა, ნიკოლაი კონკინმა განუცხადა პრესას, უკვე 14 ოქტომბრის არჩევნებისთვის იგეგმება КЭГ-ის, touch-screen-ით აღჭურვილი ელექტრონული ხმის მიცემის კომპლექსის გამოყენებაზე შეზღუდვის მოხსნა. ეს აპარატურა ქვეყანას დაახლოებით ხუთჯერ ძვირი დაუჯდება, ვიდრე ე.წ „ელექტრონული ურნები“. ექსპერტები შიშობენ, რომ ბიულეტენების გარეშე ხმის მიცემის შემთხვევაში საზოგადოებრივი კონტროლი არჩევნებზე პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება.
ამჟამად, კანონმდებლობის მიხედვით КЭГ-ის გამოყენება საარჩევნო უბნების მხოლოდ 1%-ზეა დასაშვები. რამდენი აპარატის დამონტაჟებას აპირებს ცესკო, ჯერ-ჯერობით უცნობია - კონკინის თქმით, შესყიდვის გეგმა მხოლოდ მას შემდეგ შედგება, რაც მოხდება კანონის კორექტირება. როგორც ჩანს, ამ მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საკმაოდ დიდი ხანია, რაც ცნობილია. წლის დასაწყისიდანვე ცესკომ განაცხადა, რომ არ აპირებს დამატებითი „ელექტრონული ყუთების“ შეძენას, და მიზეზად ბიულეტენში მოსალოდნელი ცვლილებების გამო წარმოქმნილ შესაძლო პრობლემებს. ახლა კი ამ ფინანსების გამოყენება შეიძლება „ქაღალდის გარეშე“ არჩევნების ჩასატარებლად საჭირო აპარატურის შესაძენად.
ამჟამად ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებაში დაახლოები 1000 КЭГ-ია. ეს რაოდენობა მათი მაქსიმუმ ფედერალური დონის არჩევნებზე გამოყენების საშუალებას იძლევა. მთავარი თეორიული უპირატესობა ამ აპარატების გამოყენების არის ის, რომ КЭГ-ში შესაძლებელია ნებისმიერი ზომის ელექტრონული ბიულეტენის შექმნა. თუმცა, ჯერ-ჯერობით, ბიულეტენის სიგრძის პრობლემა მხოლოდ ჰიპოთეტურია: განახლებული კანონმდებლობით ჯერ არც ერთი ახალი პარტია არ დარეგისტრირებულა, შესაბამისად, ნაადრევია საუბარი იმაზეც, თუ რამდენი მათგანი შეძლებს კანდიდატების სიების დარეგისტრირებას თუნდაც 14 ოქტომბრის არჩევნებისთვის.
სამაგიეროდ, საარჩევნო კანონმდებლობის სფეროს ექსპერტები შიშობენ, რომ საზოგადოებრივი კონტროლი ბიულეტენების გარეშე მომუშავე აპარატზე ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება. ასოციაცია «Голос»-ის ექსპერტმა, ანდრეი ბუზინმა განაცხადა, რომ ყველა აპარატს აქვს საკონტროლო ქაღალდის ლენტი, რომელზედაც შემთხვევითი თანმიმდევრობით იბეჭდება ამომრჩევლის ინდივიდუალური ბარათის ნომერი (ეს ბარათი საარჩევნო უბანზე, უშუალოდ ხმის მიცემისას გაიცემა) და მისი არჩევანი. ასე რომ, თვითონ ამომრჩეველს შეუძლია შეამოწმოს, რამდენად სწორად აისახა მის მიერ დაფიქსირებული არჩევანი. თუმცა, რეალურად ამ ლენტის მიღება, როგორც წესი, ამომრჩეველს საკმაოდ დიდი ძალისხმევის ფასად უჯდება.
„როგორ უნდა შევამოწმოთ, სწორად აისახა მიცემული ხმა თუ არა?“ - სვამს კითხვას ინფორმაციული პოლიტიკის განვითარების ფონდის ექსპერტი, ალექსანდრ კინევი – ეს პროცედურა მთლიანად არჩევნების ორგანიზატორებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემქნელებისადმი ნდობაზეა დაფუძნებული. საიდან ვიცით, პატიოსნად მუშაობს ეს პროგრამა თუ რაიმე მაკორექტირებელი ფორმულაა მასში ჩადებული?“
„პირველ რიგში საარჩევნო სისტემის მიმართ ნდობაა ჩამოსაყალიბებელი. ასეთი ტექნოლოგიების შემოტანა ნდობის არქონის პირობებში უბრალოდ სიგიჟეა“ – აბობს კინევი.