"მეც ბევრი რამ მახსოვს, ოპოზიციურ შეცდომებზე აღარ უნდა ვისაუბროთ და რაც უფრო მალე დავავიწყებთ ამას ხალხს, უკეთესი იქნება. დიახ, ფორუმი არის ყველაზე ორგანიზებული პოლიტიკური ძალა საქართველოში. ეს არაერთგზის დაგვიმტკიცებია კიდეც! წევრი რვა ათას კაცზე მეტია, თბილისში ხუთი ათასზე მეტი - ეს ის ხალხია, ღამით რომ დაურეკავ, გააღვიძებ და შენ გვერდით დადგება", - აცხადებს "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე გაზეთ "ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით გუბაზ სანიკიძე: "ქართული ოცნება" აუცილებლად გაიმარჯვებს და ამას ახლავე შეეგუოს ყველა!
"26 მაისთან დაკავშირებით არაერთხელ გავეცი ამ ბრალდებებზე პასუხი და ახლაც, უკანასკნელად ვიმეორებ და ყველამ კარგად გაიგოს: არ არის სიღრმეებში წასვლა საჭირო! გარწმუნებთ, ყველაზე ნაკლებად დამნაშავეები ჩვენ აღმოჩნდებით. ჩემი, კახასა და რეზოს იქ გამოჩენა გამოწვევდა ჩვენი მომხრეების სტიქიურად მისვლას რუსთაველის პროსპექტზე, რაც გიმეორებთ, ბევრად მეტ მსხვერპლს გამოიწვევდა - ამ ფორმით ათიათასკაციანი მიტინგის დარბევასაც სააკაშვილი რატომ ვერ გაბედავდა? მთლიანად ქართველი ხალხი უნდა გამოვიდეს და ვერ დაგვარბევენ! ისე, მე მარტო ჩემს თავზე არ ვაგებ პასუხს, რადგან ნებისმიერი მსგავსი აქციის გამართვის შემთხვევაში ჩემი პარტიის რვა ათასი წევრის ქმედებაზეც და სიცოცხლეზეც ვაგებ პასუხს. თუ ორგანიზაციულ საკითხებში არ მონაწილეობ, პასუხისმგებლობასაც ვერ იღებ!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გუბაზ სანიკიძე.
"პასუხისმგებლობა იცით რა არის? პასუხს რომ აგებ, ის არის! ახლაც მე ავიღე პასუხისმგებლობა და ის უნდა გავაკეთო, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს! იმერეთის რეგიონი უნდა მოიგოს "ქართულმა ოცნებამ", მორჩა, სხვა არაფერი მაინტერესებს! საჯაროდ თავს ვერ დავიწვავ, მაგრამ ჩემი პოლიტიკური კარიერით ნამდვილად ვაგებ ამაზე პასუხს. მთავარი დამნაშავე მე ვიქნები. სხვათა შორის, არავისთვის არაფერი დამიბრალებია, სხვებისგან განსხვავებით, რომლებიც თურმე ფრთიანი ანგელოზები არიან. სტადიონიდან ტაძარში რომ უნდა წასულიყო ხალხი, მაშინ ვთქვით ჩვენ ეს, მაგრამ ჯვარზე გაგვაკრეს, არ გახსოვთ? ახლა ყველა იგივეს იმეორებს, რასაც ფორუმი ამბობდა მაშინ. არც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ არ დაგვიჭირა მხარი და რა უნდა მექნა? ან ლევან და გია გაჩეჩილაძეებს რომ აბრალებენ ყველაფერს, არც მასეა საქმე! არც მაგის მომხრე ვარ, რომ ვიღაც გამოვიყვანოთ და ყელი გამოვჭრათ..." - განაგრძობს რესპონდენტი.
"მილიონიანი რეგიონი ჩავიბარე და მეტი რა ვქნა. მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას გაურბის. ჩემი იარაღი ხალხთან ურთიერთობაა და ამიტომ, ეს უნდა გავაკეთო. წაგებისთვის ყველა თანაბრად ვაგებთ პასუხს და ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენივე პოლიტიკური კარიერით იზომება. წააგე? კარგად იყავი, მაგრამ დაიმახსოვრეთ, არც მე და არც ჩვენ წაგებაზე არ ვფიქრობთ... მეორე ადგილი, რა თქმა უნდა, წაგება იქნება - უმრავლესობით უნდა მოვიდეთ და სააკაშვილის ხელისუფლება გავუშვათ. ხშირად მეკითხებიან ჟურნალისტები, არჩევნების გაყალბების შემთხვევაში გახვალთ თუ არა ქუჩაში - მოვრჩეთ ამ თემას, ჩვენ მივეჩვიეთ სიტყვის გაწყალებას, ვპასუხობ დადებითად და მეორე კვირას იმავეს მეკითხებიან. ხომ თქვა ბიძინა ივანიშვილმა, თუ გაყალბდა არჩევნები, ჩვენ არ დავთმობთ ხმებს - მორჩა და გათავდა, ნათქვამია ერთხელ და გაიგოს ყველამ", - დასძენს გუბაზ სანიკიძე.
"სხვათა შორის, ვანო მართავს ამ ქვეყანასო რომ ამბობენ, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა! ვანო როგორც მეტყველებს, ისე აზროვნებს! თქვენ რა იცით... სააკაშვილის გარეშე მერაბიშვილი ერთ დღეს გაძლებს? სააკაშვილია იქ ყველაფერი. შეხედეთ რა სააკაშვილს, დამთავრებულია მისი ამბავი. მახათას მთაზე მე მასში დავინახე მიტოვებული ადამინი - არ შეგეცოდათ? ეს არის უბედური, ტრაგიკული კაცი, რომელმაც არ იცის, რა არის ვაჟკაცობა, სამართლიანობა, სულგრძელობა. კაცი ცხოვრობს ცხოველური ინსტინქტებით, კაცს აღზრდა არ აქვს, არ იცის, რომ პატრიარქთან გახეთქილი მთვრალი არ უნდა მივიდეს. უბედურია კაცია სააკაშვილი, ვინც იცნობს, შეუძლებელია ნორმალური ადამიანი მისი მიმდევარი იყოს. ან შეიძლება სააკაშვილის მიმდევარი იყოს კაცი, ვისაც სააკაშვილის ჭამა უნახავს? ის უწესო, უზნეო კაცია. პრობლემა დღეს მარტო სააკაშვილშია, თორემ ეს სისტემა შარშანდელი თოვლივით გაქრება სააკაშვილთან ერთად", - მიიჩნევს "ეროვნული ფორუმის" ლიდერი.