"წარმატებული რომ გახდე, უნდა განასხვაო საკუთარი თავი პლანეტის მოსახლეობის 98%-ისგან. რა თქმა უნდა, თქვენც შეგიძლიათ მოხვდეთ იმ გამორჩეულ 2%-ში. გონიერებას, შრომისმოყვარეობას ან გულმოდგინედ გააზრებულ ინვესტიციებს ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს. არსებობს რეცეპტი, წარმატების ფორმულა, რომლითაც ცხოვრობს ზემოხსენებული 2% და რომელიც თქვენც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რათა მიაღწიოთ წარმატებას", - განაცხადა ცნობილმა მილიარდერმა დონალ ტრამპმა ჟურნალ Forbes-თან ინტერვიუში. ამავე ჟურნალმა მისი ქონება 2 მილიარდ დოლარად შეაფასა. ამერიკელი მილიარდერის თქმით, წარმატება მას საქმეებისა და პრობლემებისადმი "საკუთარმა მიდგომამ" მოუტანა...
გასულ კვირას გავლენიანი მილიარდერი საქართველოსაც სტუმრობდა. ხელისუფლებამ მის ვიზიტს ქვეყნის წარმატება უწოდა, სახელისუფლებო ტელევიზიებმა კი გვამცნეს, რომ საქართველოში დიდი ინვესტიციების ჩადების ეპოქა იწყებოდა... რამდენად მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის ვიზიტი საქართველოსთვის და აპირებს თუ არა ამერიკელი მილიარდერი ინვესტიციების დაბანდებას, ამ კითხვებზე ექსპერტს ეკონომიკურ საკითხებში ირაკლი ლექვინაძეს ვესაუბრეთ.
- გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპი ბათუმში, "ტრამპ თაუერის" მშენებლობაში 250-მილიონიანი ინვესტიციის ჩადებას აპირებს. არადა, დასავლურ პრესაში იწერება, რომ ამერიკელი ბიზნესმენი ინვესტიციებს არ ახორციელებს და მხოლოდ "სახელს ყიდის. სად არის რეალობა?
- დავიწყოთ იქიდან, რომ "ტრამპი" არის ბრენდი და ამერიკელი ბიზნესმენი ამ სახელით ვაჭრობს. თუმცა საქართველოში მისი ბრენდის შემოსვლა და საერთოდ, მისი ჩამოსვლა მნიშვნელოვანია, რადგან ის მსოფლიოში ცნობილი და გავლენიანი ინვესტორია და მისი ვიზიტი საქართველოს პიარია. ეს არის პოზიტიური მესიჯი მსოფლიოსთვის. არაერთი გავლენიანი ბიზნესმენი და ინვესტორი ჩათვლის, რადგან პატარა სამხრეთ კავკასიური ქვეყნით დაინტერესდა დონალდ ტრაპი, ესე იგი, ის ძალიან საინტერესოაო.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ქვეყანაა, სადაც ტრამპის ბრენდი შემოდის.
- მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ბათუმის პროექტში საკუთარ კაპიტალს არ დებს?
- დიახ, ამის მიუხედავად, რადგან მისი ბრენდის გამოყენებით ინვესტირებას "სილქროუდ ჯგუფი" მოახდენს და ესეც ძალზე მნიშვნელოვანია.
- როგორია ამ ადამიანის მუშაობის სპეციფიკა, როგორ ხასიათდება ტრამპის ბიზნესურთიერთობები, განსაკუთრებით ისეთი ტიპის ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა?
- დონალდ ტრამპს ამერიკაში, ლათინურ ამერიკასა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში ძირითადად უძრავი ქონების პროექტები აქვს და ყველა პროექტი წარმატებულია. თუ მის მიერ განვლილ გზას გადავხედავთ, ვფიქრობ, რომ მისი ბრენდით განხორციელებული პროექტები საქართველოშიც წარმატებული იქნება, როგორც კონკრეტულად ამ ბრენდის, ისე ზოგადად ბიზნესის განვითარების კუთხით. ვგულისხმობ იმას, რომ მისი ჩამოსვლა ბევრი წარმატებული ადამიანისთვის სტიმულია. დონალდ ტრამპს იცნობენ ამერიკასა და ზოგადად მთელ მსოფლიოში, რადგან წარმატებული ბიზნესის გარდა, ის ხშირად აკეთებს ხმაურიან განცხადებებს და მის აზრს ანგარიშს უწევენ. ამიტომაც მიმაჩნია, რომ რა ტიპის ვიზიტიც უნდა განახორციელოს მან საქართველოში, მის მიერ გაკეთებული პოზიტიური განცხადებები საერთაშორისო საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება.
- არადა, ბიძინა ივანიშვილთან შედარებით, ტრამპი ორჯერ ნაკლები ქონების მფლობელია. რას გეუბნებათ ეს ფაქტი?..
- ორივე მათგანი ძალიან წარმატებული ადამიანია, თუმცა მათი წარმატებულობის საზომი მაინც მათ მიერ დაგროვებული კაპიტალია. ბიძინა ივანიშვილის ინტერესების სფერო არის სხვადასხვა სექტორში დაბანდებული ინვესტიციები, საბანკო, საფინანსო, უძრავი ქონება, აგრარული სფერო, გადამმუშავებელი წარმოება. ტრამპთან შედარებით ბევრად უფრო მრავალფეროვანი ინტერესების სფერო და დივერსიფიცირებული პაკეტი აქვს. წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ივანიშვილის ალღო და ინტუიციაც არის, მან გათვალა, რომ რუსული ბაზარი ბოლო წლებში რენტაბელობის ბევრად მაღალი დონით და ზრდის უფრო მაღალი ტემპით გამოირჩეოდა. ბიძინა ივანიშვილისგან განსხვავებით, ტრამპის ინტერესები, ძირითადად, უძრავი ქონებით შემოიფარგლება.
ივანიშვილის მსგავსად, ტრამპიც გამდიდრების ერთადერთ გზად რეალიზმსა და უკიდურეს პატიოსნებას მიიჩნევდა. "უნდა დაშორდეთ ილუზიების სამყაროს, რომელიც მხოლოდ ჟურნალების გვერდებსა და ტელევიზორების ეკრანებზე არსებობს. ყველაფერი არც ისეთი იოლია, როგორც გარწმუნებენ. ცხოვრება ხისტია, მაგრამ თუ გსურთ მოიგოთ, უნდა იყოთ კაჟივით მაგარი და მუდმივად მზად იმისათვის, რომ იდაყვითა და მუშტით გაიკვლიოთ გზა.
ყველა შემდგარ მილიონერსა და მილიარდერს - ბილ გეიტსს, ოპრა უინფრის, უოლტ დისნეის და სხვებს შეეძლოთ დიდი კატეგორიებით აზროვნებაც და ძლიერი მოქნევით დარტყმაც", - ამბობს ტრამპი და მისმა სიტყვებმა ქართველი მილიარდერის ინტერვიუ გამახსენა...