27 აპრილს პოლიტიკურმა კოალიციამ - ”ქართული ოცნება” - მოკლე განცხადების საშუალებით საზოგადოებას ამცნო, რომ კოალიცია საარჩევნო კამპანიას იწყებს და მაისის ბოლოს ხალხმრავალ აქციას გამართავს. კოალიციამ ღონისძიების ჩატარებასთან დაკავშირებით წერილობით მიმართა ბორის პაიჭაძისა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონების ადმინისტრაციებსა და თბილისის მერიას. ღონისძიების დროისა და ადგილის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მანამდე კი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი, თინა ხიდაშელი, განმარტავს, რომ ქუჩის აქციის ფობია გაუგებარია და აქციები, თავისთავად, ნებისმიერი საარჩევნო კამპანიის ნორმალური შემადგენელია. გასული კვირა სხვა პოლიტიკური განცხადებებითაც მნიშვნელოვანი იყო.
გასული სამუშაო კვირა, შიდაპოლიტიკური აქტივობების გარდა, მნიშვნელოვანი იყო ასევე სეპარატისტულ რეგიონებში განვითარებული მოვლენებით. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ახალი მთავრობის ფორმირების პროცესები დაიწყო, თვითაღიარებულმა აფხაზეთმა კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ დემარშით გამოიჩინა თავი. 24 აპრილს აფხაზურმა მხარემ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების 36-ე შეხვედრა ჩაშალა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადებიდან კი გაირკვა, რომ შეხვედრის ჩაშლის მიზეზი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობით უკმაყოფილება გახდა. 25 აპრილს სეპარატისტული აფხაზეთის ხელისუფლებამ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჯეი ტიშკევიჩი სოხუმის მიმართ უპატივცემულობაში დაადანაშაულა და აფხაზეთის ტერიტორიაზე არასასურველ პირად გამოაცხადა. ”სადამკვირვებლო მისია, ტიშკევიჩის ხელმძღვანელობით, არ არის მიდრეკილი მიუკერძოებელი მონიტორინგი განახორციელოს”, ”ტიშკევიჩი სადამკვირვებლო მისიის აფხაზეთის ტერიტორიაზე დაშვების არამართლზომიერ მოთხოვნებს აყენებს,” „ბატონ ტიშკევიჩის ჯეროვანი ყურადღების მიღმა დარჩა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე საქართველოს ტერიტორიაზე არაფორმალური შეიარაღებული ჯგუფების ფორმირების პროცესები, რის შესახებაც რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსი იტყობინებოდა” და სხვა. ესენია ამონარიდები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან. სოხუმის გადაწყვეტილება კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მანდატს და საფრთხეს უქმნის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესს - ესაა, მეორე მხრივ, საქართველოს საგარე საქმეთა სამინისტროს პოზიცია. ”ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პოზიცია იქნება გადახედილი და რომ შესაძლებელი იქნება ინციდენტების პრევენციის მექანიზმებისა და მოლაპარაკებების ისევე გაგრძელება, როგორც აქამდე მიმდინარეობდა. ეს გულისხმობს, ბუნებრივია, იმას, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ექნება საშუალება გააგრძელოს მონაწილეობა ამ ფორმატებში შეუფერხებლად - ისევე, როგორც ეს ხდებოდა მანამდე”, - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ. ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეებმა კი, თავის მხრივ, პროცესების შემდგომი გაუმჯობესების ხელშეწყობის პირობა დადეს. კიდევ ერთი ხმამაღალი განცხადება, რომელიც სოხუმიდან გასულ პოლიტიკურ კვირაში გაისმა, დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბს ეკუთვნის. საქართველოში გერმანიის ელჩის ორთვინ ჰენინგის სოხუმში ვიზიტისას დე ფაქტო პრეზიდენტმა თქვა, რომ აფხაზურ მხარეს არ უნდა თბილისის გავლით დაუკავშირდეს მსოფლიოს. ”არ გვსურს თბილისის შუამავლობით თქვენთან ურთიერთობა”, - აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა, რომლის შეფასებითაც, აფხაზეთი იზოლაციაში არ იმყოფება და რუსეთის მხარდაჭერით ვითარდება კიდეც. რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თემა კი, თავის მხრივ, გასულ კვირაში რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების მიერ კიდევ ერთ კონტექსტში გაჟღერდა. რუსულ ტელეარხებთან ინტერვიუში დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობას მხოლოდ მას შემდეგ აღადგენს, რაც ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი ჩამოსცილდება. მის პასუხად საქართველოს პრეზიდენტმა გამოხატა მზადყოფნა დატოვოს თანამდებობა, ოღონდ ერთი პირობით: ”თუ ისინი მზად არიან, რომ საქართველოს დაუბრუნონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლი და გაიყვანონ აქედან თავისი ჯარები, დღესვე, იქნება ეს ბატონი მედვედევი თუ რუსეთის რეალური მმართველი, მზად ვარ, სადაც უნდათ ჩავფრინდე და მოვაწერო ხელი ხელშეკრულებას, რომ ვცვლი ჩემი ხელისუფლებიდან წასვლას და ჩვენი მთავრობის საქართველოს ტერიტორიების დაბრუნებაზე.” საქართველოს მთავრობის ორი წევრის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის ხათუნა კალმახელიძისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის თანამდებობიდან წასვლას გასული სამუშაო კვირის დასაწყისში მხოლოდ 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. მთლიანობაში კი, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე კალმახელიძისა და სუბელიანის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნა პარლამენტმა არ დააკმაყოფილა. კენჭისყრა 24 აპრილს გაიმართა, 26 აპრილს კი სამთავრობო საათზე საკანონმდებლო ორგანოში 4 მინისტრი მივიდა. შინაგან საქმეთა, სასჯელაღსრულების, განათლებისა და კულტურის მინისტრები დეპუტატების შეკითხვებს ოთხი საათის განმავლობაში პასუხობდნენ, თუმცა, სამთავრობო საათის ინიციატორი ოპოზიციური ფრაქციის ”ერთობა სამართლიანობისთვის” წევრების შეფასებით, ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა, მთავრობის საქმიანობის რეკლამირება კი წარმატებით განხორციელდა. ოპოზიციონერ დეპუტატებს ყველაზე მეტი შეკითხვა შინაგან საქმეთა მინისტრთან ჰქონდათ, თუმცა ვანო მერაბიშვილმაც მისთვის გამოყოფილი დროის ძირითადი ნაწილი სისტემის წარმატებებზე საუბარს დაუთმო და პოლიციის პოლიტიზების ბრალდება შემდეგი არგუმენტით უარყო: ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს 87%-იანი ნდობა. რომ არსებობდეს თუნდაც მცირე ინფორმაცია ან განცდა, რომ პოლიცია არის პოლიტიზებული, მაშინ მისი რეიტინგი და ნდობა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის.” ცალკეული სფეროების განვითარების დონის მიხედვით ქვეყნის რეიტინგების ზრდა გასულ კვირაში საქართველოს დედაქალაქში გამართული რამდენიმე ეკონომიკური ხასიათის კონფერენციის მსჯელობის საგანიც გახდა. მათ შორის ყველაზე წარმომადგენლობითი იყო ”ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საერთაშორისო ფორუმი”, რომელშიც ევროპის, აზიისა და აფრიკის 20-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. გასული კვირა ქართული ჯარის რეფორმირების თემაზე დისკუსიებითაც გამოირჩეოდა. ამ დისკუსიებს, ერთი მხრივ, განაპირობებდა სამხედრო რეზერვის ახალი სისტემის კონცეფციის პროექტის საკომიტეტო განხილვა პარლამენტში, მეორე მხრივ კი, ავღანეთში ნატოს სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, 36 წლის სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე 31-ე ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. იგი პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის განმარტებით, პარტიზანებთან ბრძოლის სახით ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებულ ქართველ ჯარისკაცებს ურთულესი ამოცანების შესრულება უწევთ: ”ძირითადად არის თვითნაკეთი ნაღმები, რომლებიც მოქმედებს დისტანციურად. ისინი განთავსებულია როგორც გზებზე, ასევე გზის პირას ისე, რომ ბორტზე გვერდიდან მოხვდეს ამა თუ იმ მანქანას, რომელიც გადაადგილდება.” საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2009 წლის ნოემბრიდან დღემდე ავღანეთში 16 ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. 26 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ლეიბორისტული პარტიის წინადადება ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე ოპერაციიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოყვანის საკითხის რეფერენდუმის გზით გადაწყვეტის თაობაზე. |